საზოგადოება

ნიუ იორკელები უკრაინელების მხარდასაჭერად

25 თებერვალი, 2014 • 1030
ნიუ იორკელები  უკრაინელების მხარდასაჭერად

22 თებერვალს  ბრუკლინისა და მანჰეტენის  დამაკავშირებელ ხიდზე მოეწყო „მშვიდობის ჯაჭვი“, რომელიც უკრაინის ჰიმნითა და უკრაინული სიმღერებით, სანთლებითა და დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი ლოცვებით ათასობით ადამიანმა შექმნა. მეორე დღეს კი 49–ე ქუჩაზე ასევე დიდი მიტინგი გაიმართა, რომლის დროსაც საკონსულოს კედელთან უკრაინაში თავისუფლებისათვის მებრძოლების ფოტოები გამოფინეს, მათ შორის, ქართველი დავით ყიფიანის.

აქციის მონაწილეებმა სანთლებითა და ყვავილებით შეამკეს დაღუპულთა სახელდახელოდ შექმნილი მემორიალი. გამომსვლელებმა  მრავალჯერ  აღნიშნეს, რომ რუსეთს კაგებეს მიერ დაგეგმილი აქცია, ჩამოაშოროს უკრაინა ევროინტეგრაციის გზას და კვლავ საბჭოთა რესპუბლიკად აქციოს, არ გაუვა.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა ნიუ იორკის შტატის სენატორი ტონი აველა და ამერიკის კონგერსის წევრი კეროლაინ მელონი, რომლებმაც ასევე აღნიშნეს უკრაინის მნიშვნელოვანი როლი ევროპასა და საერთაშორისო პოლიტიკაში და ხაზი გაუსვეს მაიდანის გმირების საპროტესტო აქციების დროს უკრაინელების ორგანიზებულობას, სიმამაცესა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მნიშვნელობას.

აქციის ოდნავ მოშორებით კი  პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ სამი ადამიანი იდგა, რომლებიც ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ, მაგრამ აქციის მონაწილეები მათ ყურადღებას არ აქცევდნენ. აქციაზე მაიდანის გმირებისთვის დაწერილი ახალი სიმღერები, უკრაინის ჰიმნი და ლოცვა ისმოდა.

  23 თებერვალი საბჭოთა ჯარის დღეა და ასევე, ჩეჩნებისა და უნგუშების დეპორტაციის ტრაგიკული თარიღი. ამიტომაც ორმაგად მნიშვნელოვანი იყო ის სიტყვები, რომლებსაც ადამიანები სკანდირებდნენ არა მარტო უკრაინის საკონსულოს წინ, არამედ – გაეროში რუსეთის საელჩოს შენობის წინ (მოგვიანებით აქციამ საკონსულოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაეროში რუსეთის საელჩოს წინ გადაინაცვლა): „რუსეთო, ხელები შორს უკრაინისგან!“, „რუსეთო, ხელები შორს საქართველოსგან“, „რუსეთო, ხელები შორს კავკასიისგან!“ 

მასალების გადაბეჭდვის წესი