ახალი ამბები

პროკურატურა: ჩანაწერში აშკარად ჩანს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ბრძანების გაცემა

30 იანვარი, 2014 • • 1176
პროკურატურა: ჩანაწერში აშკარად ჩანს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ბრძანების გაცემა

“ვინაიდან ჩანაწერში აშკარად ჩანს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ბრძანების გაცემა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.  

 

მთავარი პროკურატურა აღნიშნული გამოძიების ფარგლებში შეისწავლის მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერებას, რასაც შედეგად მოჰყვა  კობა ოთანაძის  ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და გიორგი კრიალაშვილის ლიკვიდაცია”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

 

29 იანვარს youtube-ზე appolon osman-ის სახელით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები.

 

“ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, პრემია იქნება დიდი,” – მიმართავს მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. ვიდეოში საუბრის დროს ნახსენებია მუხროვანიც. 

 

ვიდეომასალის ავთენტურობა დადგინილი არ არის.

 

მუხროვანში „სრულმასშტაბიანი“ სამხედრო ამბოხების გეგმის ჩაშლის და ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე წინა ხელისუფლებამ 2009 წლის 5 მაისს განაცხადა. სპეცოპერაციის შედეგად მოკლული იქნა გენერალი გია კრიალაშვილი და მძიმედ დაიჭრა კობა ოთანაძე.

 

მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა საქმის გამოძიება ცხრა თვეში დასრულდა. 41 განსასჯელიდან მოსამართლემ რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს – ლევან ამირიძეს 28 წლით, კობა ოთანაძეს – 29 წლით, მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს – შოთა (მამუკა) გორგიაშვილს კი 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სამივე მათგანს ბრალად ედებოდა ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით.

 

მოსამართლემ მე-3 ბრიგადის ყოფილ მეთაურს – კახა კობაიძეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 ლარის გადახდა დაავალა; პირველი ბრიგადის ყოფილ მეთაურს, დავით სულხანიშვილს –  სამწლიანი პირობითი სასჯელი და 20 000 ლარის ჯარიმა. ორივეს დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებოდა ბრალი. MI-8 ვერტმფრენის ყოფილ პილოტს, ზურაბ ჩალათაშვილს, 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, მუხროვანის სატანკო ბატალიონის ყოფილ სამხედროს, ზურაბ ბზიშვილს – 9-წლიანი პატიმრობა.


2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში, მუხროვანის საქმისთვის მსჯავრდებულები პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი