კომენტარი

საქართველოში 2014 წელია, საქართველო მოდის 2013 წლის 17 მაისიდან

1 იანვარი, 2014 • • 1279
საქართველოში 2014 წელია, საქართველო მოდის 2013 წლის 17 მაისიდან

ტაბურეტშემართული მამაო იქცა “ახალი” საქართელოს სიმბოლოდ –მართმადიდებლური და გაბრწყინებული ივერიის ID-ად.

 

ამ ორიოდ წლის წინ ვაპირებდი მცირე კვლევა დამეწერა: “მართმადიდებლური ეკლესიის  მიმართება ადამიანის უფლებებისადმი’“. მოვიძიე მასალა, წავიკითხე, გამიჩნდა აზრი და მისი გადმოცემის  ძირითადი სქემაც დავსახე და… გადავიფიქრე.  “მოგცლია, ერთი”, დავცინე საკუთარ თავს, “ვინ არს წამკითხველ?!”…

 

რუსეთის ეკლესიის პოზიცია ორსახოვანია. ერთი მხრივ, აღიარებს “ადამიანის უფლებებს” და ადასტურებს, რომ იგი არ მოდის წინააღმდეგობაში ქრისტიანობის რუსულ-მართმადიდებულ გაგებასთან. მეორე მხრივ, აღნიშნავს, რომ ის (ადამიანის უფლებები’ ვერ ამოწურავს საღვთო განგებულებას და ზოგადად საღვთოს. და რომ ეკლესიური გაგება რეალობი მასზე (ადამიანის უფლებები) მაღლა დგას და უპირატესია. საოცარია და, ამას კვერს უკრავს, მაგალითად, ფრიბურგის (შვიეცარია) უნივერსიტეტის კათოლიკე თეოლოგები და, ამასთან, აკრიტიკებენ მკაცრად “ადამიანის უფლებების”  პროტესტანტულ გამართლებას.

 

მარტივად რომ ვთქვა, გამოვა ასე: “ადამიანის უფლებები” ცუდი არ არის, მაგრამ ღმერთი უფრო დიდია და ღმერთის რუპორი კი ეკლესიაა -ან კათოლიკური ან მართმადიდებლური, გემოვნებისადა მიხედვით.

 

“ადამიანის უფლებები” ცუდი არაა მანამ, სანამ ის არ დაიკავებს მისთვის არაკუთვნილ ადგილს. ანუ, არ გახდება მთავარ პრინციპად – ვიმეორებ, მთავარი პრინციპი ეკლესიის სწავლება და ეკლესიის სწავლების მთავარი გამხმოვანებელი კი მავანი და მავანი იერარქი — ან იერარქთა საამფსონო– რუსულ-ქართულ მართმადიდებლობაში.

 

მარტივი რამ გამოდის, “ადამიანის უფლებები” მეორადია მავანი ეპისკოპოსის (პატრიარქიც ეპისკოპოსის რანგისაა და არა უმეტესი) პირად შეხედულებასთან და განსჯასთან შედარებით. რა თქმა უნდა, ეპისკოპოსს “მოეთხოვება” თავისი “განსჯა” დააფუძნოს მართმადიდებლურ ზოგად სწავლებაზე, მაგრამ არავის არა აქვს უფლება ამ “დაფუძნებულობაში”, ანუ ეპისკოპოსის მსჯელობაში შეიტანოს ეჭვი. თეორიულად ამის უფლება, რა თქმა უნდა, არსებობს. მაგალითად, მოვიწვიოთ მე-8 მსოფლიო მართმადიდებლური კრება… თუმცა ესეც პრობლემატურია, რადგან ადრე ბიზანტიის იმპერატორები იწვევდნენ ამგვარ კრებებს და ახლანდელი მესამე რომის იმპერატორი ვლადიმერ პუტინია და არა მგონია “ტაბურეტიანი მამაოს” რელიგია მას რამენაირად ადარდებდეს, თუ არ ახარებს…

 

“ადამიანის უფლებები” მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის პიროვნულობის/პერსონალურობის გაგებას. ეს კი, თავის მხრივ, საერთოდ გაუვალი ტყე თუ არა, უდაბნოა მირაჟული ოაზისებითურთ. მეოცე საუკუნეში მავანმა მართმადიდებელმა თეოლოგებმა სცადეს დასავლეთისათვის ფეხი აეწყოთ და იმუშავეს პერსონას ცნებაზე. მათი შრომის ძირითადი შედეგი შემდეგნაირად შეიძლება აღვწეროთ: პერსონა არის მოვლენა რამ/ვინ, უნიკალური, განუმეორებელი, თავისუფალი ყოველგვარი აუცილებლობისაგან, რომელსაც “უწესებს“ და ზღუდავს ბუნება. ბუნება ამ შემთხვევაში თავად ადამიანის ადამიანური ბუნებაცაა. ანუ, პერსონა არის თავისუფალი სოციობიოლოგიისაგან (იმისაგან, რასაც სოციუმი/ოჯახი/სახელმწიფო, ზოგადად ძალაუფლება, მსოფლიო ჩანერგავს ინდივიდში, აღზრდის და აფორმებს რა მას) და ბიოლოგიურისაგან (რაცაა გვარი/სახეობის მონაცემები და გენეტიკური განსაკუთრებულობები). სხვა სიტყვებითა და მარტივად რომ ვთქვა, პერსონაა სწორედ ის, რაც ადამიანს ხდის ადამიანად როგორც თავისუფალ, თვითქმნად და შემოქმედ არსებას. თითოეული ადამიანის სწორედ ეს განსაკუთრებულობა და უნიკალურობაა ბაზისი “ადამიანის უფლებების”, თვლიან მართმადიდებლები.

 

ეს გაგება პერსონის და მასზე დამოკიდებული “ადამიანის უფლებების” კარგია მანამ, სანამ საქმე მიდგება ღრმად მოხუცებსა და ჩვილებზე – არიან კი ესენი უკვე თვითშექმნადი თავისუფალი მოაზროვნე პერსონები?!

 

ამასთან, იგივე მართმადიდებელი თეოლოგებისათვის ადამიანის პერსონა არის ცოდვით დაცემული და დაბორკილებულია ხრწნად და მოკვდავ ბუნებას. ანუ, თუ არ მოხდა მათი გაეკლესიურება, მაშინ ისინი სულაც არ არიან სრული პერსონები. შემოდის კვლავ ეკლესია და ეპისკოპოსი. ფაქტობრივად ეპისკოპოსის ხელშია ადამიანი, განისაზღვროს პერსონად თუ არა, მიეცეს მას ცხონება თუ არა, ჩათვალოს ის სრულ ადამიანად თუ არა. აქვე შეგახსენებთ, რომ სწორედ ამგვარი აბსოლუტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩამოყალიბდა თანამედროვე დასავლეთი. ანუ, ‘ადამიანის უფლებების’ პრაქტიკა ცდილობს ეკლესია-სახელმწიფოს გამოგლიჯოს ხელიდან ადამიანის თავისუფლება. და სწორედ ამიტომაა, რომ ვერ იტანენ მას ნებისმიერი პრემოდერნული მოვლენები, იქნება ისინი ქრისტიანული თუ არაქრისტინული. ყველა დომინანტი ებრძვის დაქვემდებარებულს და მას მიიჩნევს თავისთან შედარებით მეორეხარისხოვანსა და უმნიშვნელოს.

 

საოცარი ისაა, რომ ვერც მალავენ ამ ხვაშიადს შენარჩუნდნენ დომინანტად. მაგალითად, ადანაშაულებენ ‘ადამიანის უფლებებს’ იმაში, რომ ეს უკანასკნელი კარჩაკეტილ ინდივიდს, სუპერინდივიდუალიზმს აწარმოებს და ადამიანს მარტოობისა და თვითიზოლაციურ ეულობაში მოამწყვდევს. მიაჩნია, რომ თავად სთავაზობს უფრო ფართო და თავიუფალ არეს. მაგრამ სინამდვილეში კი, ძირითადად, რასაც სთავაზობს, არის გაფეტიშებული ტრადიცია, ჰალუცინირებული წარსული ან მომავალი დიდება, ვიწრო ნაციონალიზმი, იმპერიალიზმი და, მარტივად რომ ვთქვათ, სთავაზობს  ტიპურ ტოტალიტარიზმს.

 

მეორე მხრივ, დაუჩემებიათ, რომ ‘ადამიანის უფლებები’  გამომდინარეობს ქრისტიანობიდან. ეს უბრალო რეტროსპექტიული ხედვაა და მეტი არაფერი. დასავლეთში ეს იდეა, ‘თანასწორობის, ძმობისა და ერთობის’ განმანათლებრულ/მოდერნული ცოცხალი იდეა,  რაზეც ეფუძნება კიდეც ‘ადამიანის უფლებები’, ქრისტიანობასთან ჭიდილში ჩამოყალიბდა — აღორძინება ანტიკური და გვიან ანტიკური ფილოსოფიის ანუ აზროვნებისა და ცხოვრება/შემოქმედება/ხელოვნების წესის. ჯერ ჩამოყალიბდა და გაფორმდა (თუმცა ფორმად ღემდე აგრძელებს და გააგრძელებს გაფორმებას და ტრანსფორმირებას ნიადაგ) ხსენებული იდეა, გაგვიკეთდა ეს იდეა ერთგვარ სამყაროსა და ადამიანის შესამეცნებელ ტელესკოპად და მიკროსკოპად და ახლა ამ ხელსაწყოთი ვუყურებთ წარსულსაც. ასე ნებისმიერ რელიგიასა თუ ცივილიზაციაში შეგვიძლია დავინახოთ ‘ადამიანის უფლებების’  რამ ნიშნები და „საფუძვლები“. მაგალითად, იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდოეთი, აფრიკის გარკვეული ქვეყნები, თავად თურქეთი, კოსოვო და ალბანეთი…

 

მესმის, რომ ეს სადავო თეზაა, ანუ ის, რომ ‘ადამიანის უფლებები’ ქრისტიანობიდან არ გამომდინარეობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არის რამ სიმართლე ამ აზრში.

 

‘ადამიანის უფლებებს’ შედარებით სამართლიანი კრიტიკის ორი ძირითადი პოსტულატია:

 

1. ისაა ძირითადად ათეისტური მსოფლმხედველობის ნაყოფი (რეალურად არა იმდენად ათეისტურია, რამდენადაც დეისტურ/აგნოსტიკური და არარელიგიური);

 

და აქედანვე გამომდინარე:

 

2. მისი სფუძველი ნიჰილისტურია, ანუ საბოლოოდ, არც გააჩნია საფუძველი (ხოლო რელიგიას, ჩვენში მართმადიდებლობას, აქვს მკაცრად განსაზღვრული „ხედვა“ ადამიანის ხვედრის შესახებ, ბედისწერის, რომელსაც წერს ყველაუფლებაშემოსილი „ყოვლისშემძლე“ ეპისკოპოსი).

 

ამ ორს კიდევ ემატება ის გრემოება, რომ რეალურად არც არსებობს  ‘ადამიანის უფლებების’  მკაცრად ჩამოყალიბებული და  გაწერილი ჩამონათვალი. ის მუდამ იცვლება, ტრანსფორმირებს და, აქვე ვიტყვი, სწორედ ამაშია მისი გემო და ნამდვილობა, რომ მკვდარ სქემებთან არ გვაქვს საქმე და რომ ადამიანი ძიებაშია, შრომაშია, წარმოსახვის დაძაბულობაშია, ანუ შემოქმედებაშია და ამგვარად აწარმოებს საკუთარ თავს და მსოფლიოს (სამყაროსაც,  თუ გნებავთ) თავისუფლებაში.

 

დაბოლოს, ის, რაც ადამიანს ხდის ადამიანად, არის აუცილებლობით მისი გარემო და ისევ ადამიანური კონტექსტი. არისტოტელესეული განსაზღვრება, რომ ადამიანი ‘საზოგადოებრივი ცოცხალი არსებაა’, ძალაშია  და ძალაშია უახლესი სამეცნიერო მიღწევების მიხედვითაც. მაგალიათად, ნეორობიოლოგია ამტკიცებს, რომ ადამიანის ნერვული სისტება აღემატება არა მარტო მის ტვინს (მთელი სხეული ტვინია), არამედ თავად ინდივიდუალურ სხეულსაც კი. ნებისმიერი (ორგანულ-არაორგანული, კულტურულ/კოსმიური) კონტექსტი ზეგავლენას ახდენს ადამიანში მიმდინარე ქიმიურ/ელექტრონულ აქტივობაზე, ანუ ტვინის ფუნქციონალურობაზე. არ არსებობს სუპრა-ჩაკეტილი ინდივიდი. ეს ფარსია შეშფოთებულ, ზოგჯერ მხდალი ადამიანების ნაფანტაზირები და ადამიანი ექსპლიუატაციის გამამართლებელი იდეოლოგიების ტექნოკრატების მიერ. სამწუხაროდ, ამგვარი იდეოლოგიაა დღეს  მართმადიდებლობაც საქართველოში.

 

ადამიანი ყოველთვის ღიაა — არის  ის უდაბნოში სადმე მლოცველად განმარტოებული, თუ ფეისფუქზე მიბმული საკუთარ საკუჭნაოში. ვებ-ქსელი ამის დასტურია. ადამიანის ცნობიერება, მისი ტვინის ნევრონული ბმების ქსელი მიება ინტერნეტქსელს და რანი გავხდებით, კაცმა არ იცის.

 

საქართველოში 2014 წელია.

 

საქართველო მოდის 2013 წლის 17 მაისიდან.

 

‘ადამიანის უფლებები’  არის რისკი, გაურკვევლობა, მაგრამ ერთდერთი, რაც ჯერ-ჯერობით ინარჩუნებს ადამიანს, იყოს ფასეული, ღირსეული და იმედიან ავანტურაში ჩაბმული. ამ ავანტურას ტაბურეტკით შეაკავებ კი?!

მასალების გადაბეჭდვის წესი