ახალი ამბები

საქართველოს მთავრობამ საინფორმაციო პორტალი შექმნა

9 დეკემბერი, 2013 • • 2214
საქართველოს მთავრობამ საინფორმაციო პორტალი შექმნა

საინფორმაციო პორტალი ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურენოვანია, თუმცა მისი მთავარი რედაქტორი ნატა ამაღლობელი განმარტავს, რომ ახლო მომავალში საიტს კიდევ ექვსი ენა დაემატება, მათ შორის არ იქნება ქართული, რადგან ვებ-გვერდი უცხოეთის აუდიტორიაზეა გამიზნული:

“მთავრობის მიერ არის ინიცირებული, თუმცა ამას სამთავრობო გვერდს ვერ დავარქმევ, იმიტომ, არც ერთ სამინისტროს კონკრეტულად არ ემსახურება. ჯერ არის ინგლისური ვერსია და ძალიან ახლო მომავალში კიდევ ექვსი ენა დაემატება ამას. ეს არის როგორც ფანჯარა მსოფლიოში, იმიტომ, რომ არც ერთი მედია არ არის შექმნილი ორიენტირებულად საზღვარგარეთის აუდიტორიაზე, რაც გარკვეულ ცვლილებებს მაინც გულისხმობს. ქართული აუდიტორიისთვის როდესაც აკეთებ, იქ სხვა მიდგომებია, რაღაცები ვიცით ჩვენ და ახსნა არ გვჭირდება, მაგრამ როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის წერ ქართულ ამბებს,  იქ ცოტა სხვა მიდგომაა საჭირო”, – ამბობს ნატა ამაღლობელი.

 

 

ამაღლობელის განმარტებით, საინფორმაციო გვერდი ქვეყანაში მიმდინარე ამბებს ფარავს და რამდენიმე რუბრიკას მოიცავს, მათ შორის, პოლიტიკას, კულტურას სპორტს.

 

“თუ დაათვალიერეთ გვერდი, შეამჩნევდით, რომ ძალიან ბევრი რაღაც არის აქ, დაწყებული კულტურიდან, დამთავრებული საქართველოს ისტორიით. [კონტენტი შედგება იმისაგან] რაც ჟურნალისტიკის თვალსაზრისით გვეჩვენება, რომ საინტერესო არის”.

 

ნეტგაზეთმა ჯერჯერობით ვერ დაადგინა, რა ჯდება ზემოხსენებული საინფორმაციო პორტალის ფუნქციონირება. ნატა ამაღლობელი ამბობს, რომ იგი დაქირავებული მთავარი რედაქტორია და ფინანსური მხარე არ ეხება, ხოლო მთავარობის კანცელარიაში, სადაც ვებგვერდის რედაქციის ოფისია განთავსებული, ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდეს და წერილობით მიმართვა გვირჩიეს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისათვის. ნატა ამაღლობელის თქმით, ვებგვერდზე 5 ჟურნალისტი და რამდენიმე ტექნიკური პროფილის თანამშრომელი მუშაობს, რომელიც სამსახურში ყოველგვარი საჯაროდ გამოცხადებული კონკურსის გარეშე აიყვანა:

“როგორც ხდება ხოლმე ძირითადად მედიაში. ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, რომ ყოფილიყვნენ ჟურნალისტები, რომელთაც ჰქონდათ ასეთი ამოცანა, რომ პირდაპირ ინგლისურად ეწერათ. მთარგმენლები მე არ ამიყვანია.  დავრეკე რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაში და ვინც შემომთავაზეს იქიდან….”, – აცხადებს იგი და დასძენს, რომ პროექტის ინიციატორის, მთავრობის ინტერესია, რომ მიიღოს ხარისხიანი ჟურნალისტური პროდუქტი.

 

ნეტგაზეთის კითხვას, ექნება თუ არა მკითხველს საშუალება, რომ ვებგვერდზე წაიკითხოს კრიტიკული მასალები საქართველოს მთავრობის საქმიანობის შესახებ, www.agenda.ge-ის მთავარი რედაქტორი ასე პასუხობს:

 

“ძალიან ისეთ კითხვას სვამთ, მესმის თქვენი ინტერესი და ამ კითხვას ველოდებოდი… როდესაც ხდება რაღაც, რაც საკმაოდ მასშტაბურია და არ არის ეს იმ დონეზე, რომ ამან ის თქვა, იმან ეს თქვა, როგორც ხდება ხოლმე ხშირად… ხშირად თოქ–შოუს საფუძველი ხდება ხოლმე ვიღაცის გამონათქვამი ვიღაცაზე. მე ყველა შემთხვევაში გამოვდივარ აუდიტორიის ინტერესებიდან. თუ რაღაცას არ დაწერ და ამას დაწერს სხვა, ბუნებრივია, შენთან ამას არავინ წაიკითხავს და დროთა განმავლობაში ნდობას დაკარგავ. ასე რომ, როგორც არის ჟურნალისტური ეთიკის და პროფესიონალიზმის სტანდარტი, ამით ხელმძღვანელობს ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა”, – ამბობს იგი.

 

ნატა ამაღლობელის განცხადებით, მან არ იცის სტრუქტურულად რომელ სამთავრობო უწყებას ებმის ზემოხსენებული ვებგვერდი, თუმცა ამბობს, რომ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის თაობაზე გარანტიები აქვს.

ვებ-გვერდის პრეზენტაცია ოთხშაბათს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი