კომენტარი

მთავრობა როგორც საპატრიარქოს მოურავი

6 დეკემბერი, 2013 • 1045
მთავრობა როგორც საპატრიარქოს მოურავი

  მთავარია, რომ პოლიტიკურ ლიდერს ჰქონდეს ქარიზმა და „ავტორიტეტი“ ხალხის თვალში.  ლიდერის „ავტორიტეტის“ მნიშვნელოვანი ნაწილებია „რელიგიურობა“ და „პატრიოტიზმი“. ასეთ ვითარებაში კი შეუძლებელია საზოგადოების დემოკრატიზაცია და საერთოდ დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. საბჭოთა კავშირის დანგრევიდან მოყოლებული, საქართველოს ყველა ლიდერს, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, მეტნაკლებად ჰქონდა ამგვარი „ავტორიტეტი“. რაც შეეხება დღევანდელ ხელისუფლებას, ვერც პრეზიდენტი, ვერც პრემიერ-მინისტრი და ვერც პარლამენტის თავჯდომარე ამით ვერ დაიკვეხნიან. ნათელია, რომ ასეთი „უავტორიტეტობა“ ძალიან კარგია ნორმალურ საზოგადოებაში, მაგრამ არა ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში. საქართველოს წინა ლიდერები, მიუხედავად თავისი „ქარიზმატულობისა“ და „ავტორიტეტისა“, მაინც ეძიებდნენ რელიგიურ ლეგიტიმაციას ქვეყნის მთავარი რელიგიური ინსტიტუტის და მისი მეთაურის, შესაბამისად, მართლმადიდებელი ეკლესიისა და კათოლიკოს-პატრიარქისაგან. ბუნებრივია, დღევანდელ მთავრობას ამგვარი ლეგიტიმაცია ჰაერივით სჭირდება, განსაკუთრებით ამის საჭიროება იქნება ექსტრემალურ სიტუაციებში. დღეს მხოლოდ ერთი პიროვნება და ერთი ინსტიტუცია ფლობს ქართული პოლიტიკური სივრცისათვის აუცილებელ „ავტორიტეტს“. პატრიარქ ილია მეორეს და მართლმადიდებელ ეკლესიას აქვთ არა მხოლოდ რელიგიურ-პატრიოტული ავტორიტეტი, არამედ ახლანდელი მთავრობასთან შედარებით – პოლიტიკურიც.

 

რაში გამოიხატება საპატრიარქოს უდიდესი „ავტორიტეტი“? რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი და ვაღიაროთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მართლაც მოსწონს ეკლესიის ყველა ქმედება, სამღვდელოების ნებისმიერი ექსტრემისტული ნაბიჯი. მწარედ ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ, მაგალითად, 17 მაისის დარბევამ ზიანი მიაყენა საპატრიარქოს ავტორიტეტს. პირიქით, მღვდლების და მრევლის ქუჩაში თარეშმა „ქართული ტრადიციების დასაცავად“ კიდევ უფრო აამაღლა საპატრიარქოს ავტორიტეტი და ქართული იდენტურობის ერთადერთ მცველად წარმოაჩინა. ასე რომ, სასულიერო პირების მიერ მუსლიმების, ებრაელების, სომხების, სექსუალური უმცირესობების დევნას იწონებს და ემხრობა მოსახლეობის უმრავლესობა. რამდენიმე დღის წინათ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მონარქიის იდეას იზიარებს თბილისის მოსახლეობის 40 %, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდობა. სინამდვილეში, ჩემი აზრით, ეს პროცენტი გაცილებით მაღალია, როგორც თბილისში, ასევე, მთელს საქართველოში. არ დაგვავიწყდეს, რომ მონარქიის აღდგენის იდეაც თვითონ პატრიარქს ეკუთვნის. ბუნებრივია, რომ მოსახლეობის ამგვარი განწყობა კარგადაა ცნობილი ხელისუფლებისა და პოლიტიკოსებისათვის. სამწუხაროდ, ხელისუფლება გამოსავალს საპატრიარქოს მოურავად გადაქცევაში ხედავს.

 

ბუნებრივია, საპატრიარქო გადადგამს იმ ბოლო ნაბიჯსაც, რომელიც მას ძალაუფლების სრულ დაპატრონებამდე დარჩა. საპატრიარქომ ეს პროცესი საკმაოდ აგრესიულად დაიწყო. პატრიარქმა დაგმო თვითმმართველობის შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტს უნდა მიეღო. პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავჯდომარემ მაშინვე მიირბინეს საპატრიარქოში „კონსულტაციებისათვის“. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დაიწყეს სრულიად ირაციონალური, მაგრამ ქართული რეალობისათვის ასევე სრულიად ბუნებრივი განცხადებების გაკეთება იმის თაობაზე, რომ ბრძენმა პატრიარქმა უკეთესად იცის. აქვე უნდა აღინიშნოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ კორძაიას მოქალაქეობრივი მამაცობა, რადგან არც ერთ დეპუტატს არასოდეს გაუკრიტიკებია საჯაროდ პატრიარქის ჩარევა  სახელმწიფოს საქმეებში. ამ მოვლენებს თან ახლდა საპატრიარქოს წარმომადგენლების ექსტრემისტული განცხადებები მუსლიმების და ებრაელების მიმართ და, აგრეთვე, სასულიერო პირების მანიფესტაცია ისრაელის საელჩოსთან თბილისში.

 

პატრიარქმა თვითმმართველობის კანონის დაგმობით კიდევ ერთხელ გაიმარჯვა სახელმწიფოზე, მაგალითად, როგორც 17 მაისს. ამის შემდეგ მას ადვილად შეუძლია პარლამენტს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის დასჯის კანონიც მიაღებინოს, რომელიც მანამდე შეფერხებული იყო.

 

საპატრიარქოს მიერ დაწყებული ამ პროცესის მიზანია, რომ მას მთავრობა ბოლომდე დაუწვეს. მთავრობაც არ აყოვნებს, რადგან, ერთი მხრივ, ხედავს, რომ საჭირო „ავტორიტეტი“ არ აქვს, მაგრამ მეორე მხრივ, რეალობას ადეკვატურად ვერ აღიქვამს. პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ფიქრობენ: არჩევნებში გავიმარჯვეთ, ხელისუფლების სათავეში ჩვენ ვართ, მშვენიერი კაბინეტები გვაქვს, უამრავი ადამიანი “გვეპადხალიმება”, ყოველდღე ვხვდებით სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს, აკადემიკოსებს, იშტოიანს; ანუ ძალაუფლება ჩვენია და საქმეც კარგადაა, ახლა ეს საპატრიარქო რამე პრეტენზიას წამოაყენებს, ექსტრემისტი მღვდლები სადღაც მივარდებიან, ეს ყველაფერი წვრილმანებია და ჩვენ ვერ დაგვაზიანებსო, მაგრამ მწარედ ცდებიან.

 

საპატრიარქოს სურვილია ძალაუფლების სრული კონტროლი, ამიტომაც მთლიანადაც რომ დაუწვეს მას მთავრობა, ეკლესიას ეს არ დააკმაყოფილებს. პირველ ეტაპზე საპატრიარქო მთავრობას, უბრალოდ, მოურავად გადააქცევს, რომელიც მხოლოდ მისი მითითებების შესრულებით იქნება დაკავებული. ამ პირველ ეტაპზე საპატრიარქო არ გაჩერდება. შემდეგი ეტაპი იქნება მონარქიის აღდგენა და ხელისუფლების სათავეში საპატრიარქოს მარიონეტის, მაგრამ, ამავე დროს, რადიკალური რელიგიური ნაციონალისტი პოლიტიკოსის და მისი გუნდის მოსვლა. ეს კი იქნება აღსრულება პუტინის  იმ სიტყვებისა, რომ რუსეთმა უნდა განამტკიცოს თავისი პოზიციები ამიერკავკასიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი