ახალი ამბები

რა იცვლება მთავრობის პოლიტიკაში შშმ პირთა მიმართ

3 დეკემბერი, 2013 • • 1033
რა იცვლება მთავრობის პოლიტიკაში შშმ პირთა მიმართ

ღარიბაშვილის თქმით, სამოქმედო გეგმაში გაწერილი იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა შშმპ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, ხელმისაწვდომობა და ინდივიდუალური მობილურობა, აზრისა და შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, აბილიტაცია და რეაბილიტაცია, შრომა და დასაქმება, სოციალური დაცვა, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, კულტურულ, რეკრეაციულ, გასართობ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, სტატისტიკა და მონაცემთა შეგროვება, აგრეთვე, მონიტორინგის საკითხები.

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობამ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ, ეტაპობრივად განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შეფასების სისტემის „სამედიცინო“ მოდელიდან „სოციალურ“ მოდელზე გადასვლა:

 

“სოციალური მომსახურების დაწესებულებათა ქსელის განვითარება დაემყარება ბენეფიციართა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობის პრინციპს… მინდა აღვნიშნო, რომ მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებით  მთავრობა შემდეგი 3 წლის განმავლობაში გამოყოფს 43,6 მლნ ლარს, სხვადასხვა ყოველთვიური ფულადი გასაცემლების სახით – 618 მლნ ლარს, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით – 248,4 მლნ ლარს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრმა, ასევე, წარმოადგინა ოფოციალური სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველოში რეგისტრირებულია 122.666 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, მათგან 9 ათასამდე ბავშვია, 22 ათასზე მეტია მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ხოლო 88 ათასზე მეტია მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. 

 

“იმ პოლიტიკით, რომლის განხორციელებაც ჩვენმა მთავრობამ დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, რომ აღმოიფხვრება ხარვეზები, რომლებიც ამ სფეროში არსებობდა წლების განმავლობაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.




შენიშვნა: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცვლილებები შეიტანა განცხადების ამ ვერსიაში, რომელიც თავდაპირველად გაავრცელა პრემიერის პრესსამსახურმა. ცვლილებების მიზეზებსა და განცხადების საბოლოო ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე: ღარიბაშვილმა შშმპ საკითხებზე განცხადება შეცვალა

მასალების გადაბეჭდვის წესი