ახალი ამბები

სასამართლო: არ არსებობდა ახალაიას დამნაშავედ ცნობისათვის დამაჯერებელი მტკიცებულებები

31 ოქტომბერი, 2013 • • 1002
სასამართლო: არ არსებობდა ახალაიას დამნაშავედ ცნობისათვის დამაჯერებელი მტკიცებულებები

“ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებები ბაჩანა ახალაიას და შვიდი პირის მიმართ, დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეში შეკრებილი მასალების განხილვის შედეგად ბრალდებულები უდანაშაულოდ მიიჩნია და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა”, – ასეთია სასამართლოს განმარტება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმის მასალების თანახმად, ბაჩო ახალაიამ 2012 წლის 18 აგვისტოს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 7 თანამშრომლის მიმართ განახორციელა დასჯა-წამება და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაუკეთა ორგანიზება სპეცრაზმელების დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.

 

ბრალდების ცნობით, 2012 წლის 19 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით ბრალდებულებმა – მამუკა აბაშიძემ, დავით ჩუბინიძემ, ალექსი დავითაშვილმა, ვლადიმერ ზანგიევამ, დავით გიორგაშვილმა, რობერტ სუთიძემ და დავით ვეკუამ შს იმჟამინდელი მინისტრის ბაჩო ახალაიას დავალებით, იალღუჯას საწვრთნელ ბაზაზე პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებით განახორციელეს სპეცრაზმელების წამება-დამცირება, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულებმა თავი დამნაშავედ არ ცნეს. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობისათვის დამაჯერებელი მტკიცებულებები.

 

აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა 23 სხდომა. მოწმის სახით დაიკითხა 10 დაცვის და 63 ბრალდების მოწმე. აქედან – 7 დაზარალებული და 8 ბრალდებული.

 

მხარეებს დასაბუთებული განაჩენი გადაეცემათ 14 დღის ვადაში, ხოლო განაჩენი შეიძლება 1 თვის ვადაში გასაჩივრდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი