ახალი ამბები

ვახტანგ მაისაია: თუ ჩემს საქმეს გრიფი არ მოეხსნება მასალებს თვითონ გავასაჯაროებ

24 ოქტომბერი, 2013 • • 2383
ვახტანგ მაისაია: თუ ჩემს საქმეს გრიფი არ მოეხსნება მასალებს თვითონ გავასაჯაროებ

“მივმართავ შს მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ჩემს საქმეს მოეხსნას საიდუმლო გრიფი, იქ ისეთი განცხადებები და პასაჟებია გამოკვეთილი, რომ ამის საიდუმლოდ დარჩენა პირდაპირ საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებსაც კი ეწინააღმდეგება. ამის საფუძველზე ბევრ საქმეს, რომელიც დღეს არის ძიებაში, შეიძლება ნათელი მოეფინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ არ მოხდება გრიფით საიდუმლოს მოხსნა, მე ამას თვითონ გავასაჯაროებ”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისივე თქმით, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გამოიძიოს მის მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი და თუ საქმის გამოძიება დროულად არ მოხდება, ის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს:

ვახტანგ მაისაია
ვახტანგ მაისაია

“სისტემურ წამებებთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, მეც დავიკთხე, ჩემი დაკითცხვა მიდიოდა ორი დღეს, 12–13 მარტს, ამის შემდეგ გავიდა დრო და წინსვლა არ ყოფილა, მე არ ვარ პოლიტოლოგი, თუმცა, ჩემი აზრით, ეს უკავშირდება კოჰაბიტაციის მახინჯ პრაქტიკას. წამება ისეთი დანაშაულია, ის სასწრაფოდ უნდა იყოს გამოძიებული, ამას ამბობს ევროპის კონვენცია, საერთაშორისო კონვენციები. თუ აქ კიდე გაჯანჯლდა და კიდევ არ მაქციეს ჩემს საქმეს ყურადღება, მე ვაპირებ მივმართო სტრასბურგის სასამართლოს”, – აცხადებს მაისაია.

ვახტანგ მაისაიას თბილისის საქალაქო სასაამრთლომ უცხო ქვეყნის სასარგებლოთ ჯაშუშობაში დაადანაშაულა. მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ მაისაია საიდუმლო ინფორმაციას რუსეთს აწვდიდა:

”ეს კაცი ჩადგა მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურის სამსახურში და მან დიდი ზარალი მიაყენა საქართველოს უსაფრთხოებას მთელი ამ წლების განმავლობაში. მარტო ის რად ღირს, რომ აგვისტოს ომის დროს ყოველ ორ საათში ერთხელ ის გადასცემდა მოწინააღმდეგეს საქართველოს ჯარის პოზიციებს, რათა მოწინააღმდეგეს ეპოვა ჩვენი ნაწილები და უკეთესად დაებომბა”, – განაცხადა პრეზიდენტმა 2009 წლის 6 მაისს სიტყვით გამოსვლისას.

მაისაია პოლიტპატიმრის სტატუსით 190 სხვა პატიმართან ერთად ციხიდან 2013 წლის 13 იანვარს გათავისუფლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი