ახალი ამბები

ქობულეთის შემოვლითი გზა გაიხსნა

24 ოქტომბერი, 2013 • • 2216
ქობულეთის შემოვლითი გზა გაიხსნა

პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო 13 წყალგამტარი მილი, აშენდა 14 სახიდე გადასასვლელი და 3 მიწისქვეშა გასასვლელი; მოეწყო სადრენაჟე სისტემები. 


“საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ახალი მენეჯმენტის მიერ აღნიშნული პროექტის გადმობარების შემდეგ, წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული არაერთი ხარვეზის აღმოფხვრა მოუწია. ერთ-ერთ ასეთ პრობლემას წარმოადგენდა გზის ამ მონაკვეთის მშენებლობისას ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დარღვევის ფაქტები. სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინტენსიური მუშაობის შედეგად, პრობლემის მოგვარება მოხერხდა და სახელმწიფო გასცემს კომპენსაციას იმ ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომელსაც გზის მშენებლობის გამო საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის სახელმწიფოსთვის დათმობა მოუწია”, – ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის ცერემონიას ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ჩინეთის ელჩი, თურქეთის ვიცე-კონსული, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

 

გარდა ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისა, 2013 წელს გრძელდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობის პროცესიც. 

 

მიმდინარეობს მუშაობა ქობულეთის შემოვლითი გზის II ლოტზე, რომელიც 19-კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს. აღნიშნული მონაკვეთის დასრულება 2016 წლისთვისაა დაგეგმილი. ამ მონაკვეთის მშენებლობით აჭარის შემოვლითი გზის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდება. 

 

ასევე, მიმდინარეობს ზესტაფონი-სამტრედიის 58 კმ-იანი მონაკვეთის ჩქაროსნული გზის მშენებლობა, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა 2014-2015 წლებში ეტაპობრივად განხორციელდება. აქედან, წელს დასრულდება ქუთაისის შემოვლითი 17,3 კმ-ანი ახალი მიმართულების გზისა და  ნაწილობრივ, ქუთაისი-სამტრედიის გზის 14 კმ-ანი მონაკვეთის მშენებლობა. სამუშაოები დაიწყო ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15,1 კმ-ან მონაკვეთზე.

 

მიმდინარეობს რუისი-აგარის 19 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ გზაზე 2013-2014 წლებში ეტაპობრივად გადაერთვება. წელს ამ გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება.

 

მიმდინარეობს აგარა-ზემო ოსიაურის 12 კმ-იანი სამშენებლო მონაკვეთის სატენდერო პროცედურები.

 

წლის ბოლომდე დასრულდება სამტრედია-ლანჩხუთის 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის სატენდერო პროცედურები. 

 

მიმდინარეობს ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი