კომენტარი

“პრემიერი თავის ქვეშევრდომებს არ სთხოვს, ალბათ, ასეთი სიმკაცრით ანგარიშის ჩაბარებას”

2 ოქტომბერი, 2013 • 1565
“პრემიერი თავის ქვეშევრდომებს არ სთხოვს, ალბათ, ასეთი სიმკაცრით ანგარიშის ჩაბარებას”

როგორ შეაფასებდით პრემიერ–მინისტრის დღევანდელ შეხვედრას ჟურნალისტებთან, რომელიც ივანიშვილის ინიციატივით გაიმართა და ხშირ შემთხვევაში შეკითხვებსაც პრემიერი სვამდა?

თვითონ შეხვედრა, რა თქმა უნდა, კარგია. ჩვენ სააკაშვილის დროს მიჩვეული ვიყავით, რომ თუ შეხვედრა იმართებოდა, იყო წინასწარ ჩამოწერილი, დავარცხნილი კითხვები და მხოლოდ წინასწარ შერჩეულ და კონკრეტულ ჟურნალისტებს ეძლეოდათ კითხვის დასმის საშუალება და არა – ყველა მედიასაშუალებას. თუმცა დღესაც იყო პრობლემა, “ტაბულა” რატომღაც ვერ მოხვდა ამ შეხვედრაზე, რაც არასწორია, რადგან “ტაბულა” არის ტელევიზია და თუ პრემიერის პრესსამსახურმა არ იცის, რომ ტელევიზიაა, ეს კიდევ ცალკე პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად ყველაფრისა, თქვენი კითხვის პირველ ნაწილს დადებითად ვუპასუხებ, კარგია, როდესაც ტარდება შეხვედრა და ჟურნალისტებს ეძლევა საშუალება, დაუსვან პრემიერს კითხვები და მოსთხოვონ დაპირებების შესრულების ვადებზე კონკრეტული პასუხები. თუმცა, ნამდვილად, რაც დღეს ვიხილეთ, უფრო გამოვიდა, რომ პრემიერი მეტ კითხვას სვამდა, ვიდრე – ჟურნალისტები.

აქედან გამომდინარე რამდენად მისაღებია თქვენთვის შეხვედრის ასეთი ფორმატი?

წინასწარ ჩემთვისაც რომ დაერეკათ, მივიდოდი და ნებისმიერი ჟურნალისტიც აუცილებლად მივიდოდა, თუ მას ექნებოდა კითხვები, უბრალოდ, თვითონ ფორმატი შეცვალა პრემიერის დამოკიდებულებამ ჟურნალისტებისადმი. მე რაც არ მომეწონა, არის ის, რომ პრემიერს არ აქვს, ჩემი აზრით, სწორი წარმოდგენა მედიაზე და რაღაც პროპაგანდის მანქანად უფრო მოიაზრებს, ვიდრე იმად, რაც არის რეალურად მედია. მედია, ჩემი აზრით, და განსაკუთრებით ჩვენ, გამომძიებელი ჟურნალისტები მხოლოდ ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას და არ ვაკეთებთ ფილმებს მათ მიღწევებზე. როგორც აღმოჩნდა, პრემიერ ივანიშვილისთვის წარმოუდგენელია ასეთი მედიასაშუალება, ის მოუწოდებდა ჟურნალისტებს, რომ დაენახათ კარგი, ეთქვათ კარგი, რადგან დრო არ გასულა და ა.შ.

თუმცა პრემიერმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ჟურნალისტების გადაცემებში ხელისუფლების პოზიციაც იქნებოდა დაფიქსირებული, იგივე დვანის მაგალითზე..

გიორგი მგელაძე, ფოტო: media.ge
გიორგი მგელაძე, ფოტო: media.ge

აქ მგონია, რომ უნდა გავმიჯნოთ. ჩემი აზრით, პრემიერს აქვს ცალსახად მცდარი შეხედულება ჟურნალისტების შესახებ და მეორე – პრემიერს სრულად ვეთანხმები, რომ ნებისმიერი კითხვა უნდა იყოს არგუმენტირებული და ჟურნალისტი თუ ასახელებს ფაქტს, ის არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ იმით, რომ “ჩემმა რესპონდენტმა ეს თქვა”. ელემენტარულად არსებობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი – სიზუსტე, რაც გულისხმობს გადამოწმებას, ყველა ზომის გატარებას ინფორმაციის დასაზუსტებლად. ამ შემთხვევაში, დღეს გამოჩნდა რამდენიმე საკითხში, რომ ჟურნალისტები არ იყვნენ კარგად მომზადებული იმ კითხვების თაობაზე, რაც პრემიერს დაუსვეს და მანაც “კარგად ისარგებლა ამით”.

როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლეს დღეს ჟურნალისტებმა საკუთარი პოზიცია დაეცვათ, თუნდაც იმ ამონარიდებთან დაკავშირებით, რომლებიც პრემიერმა შეხვედრაზე მიიტანა და რომელიც, ჟურნალისტების თქმით, კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო?

ექსპერტებისგან განსხვავებით, ჟურნალისტებმა უფრო მედგრად დაიცვეს თავი. ამ შემთხვევაში ნებისმიერ ჟურნალისტს გაუჭირდებოდა პრემიერის და საზოგადოების დარწმუნება, რომ ნამდვილად კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი მისი ციტატა, რადგან ვერ აჩვენებდნენ ერთსაათიან თოქ–შოუს პრემიერს, რომ დაერწმუნებინათ, რა კონტექსტში იყო ციტატა გამოყენებული, თუმცა მაინც იყო ჟურნალისტების მხრიდან ამის მცდელობა და ალბათ მაყურებლის გადასაწყვეტი იყო ვის, დაუჯერებდა – პრემიერს, თუ ჟურნალისტს. ერთი მთავარი, რაც არ მომეწონა, არის პრემიერის ტონი და დამოკიდებულება, ის მთავრობის წევრებს და თავის ქვეშევრდომებს არ სთხოვს ალბათ ისეთი სიმკაცრით ანგარიშის ჩაბარებას, როგორც დღეს სთხოვდა ჟურნალისტებს, რაც ჩემთვის მიუღებელია.

თქვენ თქვით,  რომ პრემიერი ამ ამონარიდების მოყვანის შემდეგ პასუხს სთხოვდა ჟურნალისტებს, ხომ არ შეიძლება ეს ფაქტი აღვიქვათ მედიაზე ზეწოლად?

ის, რომ პრემიერს რაღაც კონკრეტული თემების გაშუქება არ მოსწონს, ეს ჩანდა მისი საუბრიდან, თუმცა ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, რომ ეს აღიქვა ზეწოლად. არა მგონია, ციტატის მოყვანით ელისაშვილს ან ინგა გრიგოლიას დღეის შემდეგ შეეშინდეთ და ის კითხვები აღარ დასვან, რასაც მანამდე სვამდნენ. ამას ზეწოლად ნამდვილად ვერ აღვიქვამთ, უბრალოდ, ტონი, კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, და დამოკიდებულება მედიისადმი დღეს იყო ჩემთვის მიუღებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი