ახალი ამბები

ნიკოლოზ რაჭველი თანამდებობის დატოვების მიზეზებს განმარტავს

18 სექტემბერი, 2013 • 5714
ნიკოლოზ რაჭველი თანამდებობის დატოვების მიზეზებს განმარტავს

განცხადებაში ნათქვამია, რომ მუსიკალური ცენტრის დებულების შეცვლიდან გამომდინარე სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა არჩევითი გახდა, ხოლო ამავე დებულების თანახმად, მინისტრი ნიშნავს გენერალურ მენეჯერს:

 

“ვინაიდან აქამდე მე ვიყავი ცენტრის შემოქმედებითი და ადმინისტრაციული ხელმძღვანელი და ვინაიდან მომავალში დიდი სურვილი მაქვს მუშაობა გავაგრძელო მხოლოდ შემოქმედებით დარგში, გთხოვთ გამათავისუფლოთ ცენტრის ხელმძღვანელის (ანუ ადმინისტრაციული მმართველის) თანამდებობიდან, ხოლო როგორც მთავარი დირიჟორი, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ორკესტრის სურვილის შემთხვევაში მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ნიკოლოზ რაჭველმა დამატებითი განმარტება facebook გვერდზეც გააკეთა. მისი თქმით  ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო:

 

“დაინტერესებულ მკითხველს და ჩემი შემოქმედების გულშემატკივრებს გთავაზობთ ჩემი განცხადების ფოტო-ვერსიას. იგი ჩემი ინიციატივით დაიწერა ა.წ. 20 აგვისტოს და მყისვე იქნა დაკმაყოფილებული. ვამაყობ, რომ ჩემი ინიციატივით და ამჟამინდელი კულტურის მინისტრის მხარდაჭერით ამიერიდან ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და მთ. დირიჟორს თავად ორკესტრის მუსიკოსები აირჩევენ. ეს არის ჩვენი სფეროს შემოქმედებითი მართვის სისტემაში პირველი ევროპული ნაბიჯი! მე მზად ვარ მთლიანად მივენდო ორკესტრს და მათ გადაწყვეტილებას, ისევე როგორც უდიდესი მაესტროები ანდობდნენ “ბედს” და დღესაც ემორჩილებიან ორკესტრის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებებს დანარჩენ ცივილურ მსოფლიოში. დიდი მადლობა ყველას, ვინც გასულ წლების ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში გვერდით მედგა მეც და ჩვენს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს. აქვე მინდა საჯაროდ წარმატებები ვუსურვო კულტურის მინისტრის მიერ მუსიკალური ცენტრის ახლად დანიშნულ გენერალურ მენეჯერს, ნინო ნახუცრიშვილს, რომელმაც უზარმაზარი პასუხისმგებლობა იტვირთა (თუმცა, როგორც აღმასრულებელი დირექტორი, საორგანიზაციო საქმეებს აქამდეც სწორედ იგი ართმევდა თავს ძალიან მაღალ ხარისხში), როგორც ჩვენი ქვეყნის ერთერთი უმთავრესი და ყველაზე აქტიური მუსიკალურ-საკონცერტო ორგანიზაციის ადმინისტრაციულმა ხელმძღვანელმა!”, – აცხადებს ნიკოლოზ რაჭველი.

 

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სიმფონიურ ორკესტრს ნინო ნახუცრიშვილი ხელმძღვანელობს. ნიკოლოზ რაჭველის განცხადება გადადგომის შესახებ კულტურის სამინისტრომ 11 სექტემბერს დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი