სამართალი

ბრალდებულები ბათუმის სასამართლოში სისხლიანი ტანსაცმლით

16 სექტემბერი, 2013 • 3355
ბრალდებულები ბათუმის სასამართლოში სისხლიანი ტანსაცმლით

ფირუზ წულუკიძეს, თემურ ბახუნტარიძესა და რუსეთის მოქალაქე ჩეჩენი ეროვნების იუსუფ ლაკაევს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ წინასწარი პატიმრობა დღეს, 16 სექტემბერს შეუფარდა. ისინი სამართალდაცავებმა 13 სექტემბერს, ბათუმში დააკავეს.

სასამართლო პროცესს ვერ დაესწრო იუსუფ ლაკიევი. წულუკიძემ და ბახუნტარიძემ მოსამართლეს განუცხადეს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციელები არაადამიანურად მოექცნენ. ორივე დაკავებულს დაზიანებები ვიზუალურადაც ემჩნევა. თემურ ბახუნტარიძე კი სასამართლოში სისხლიანი ტანსაცმლით მოიყვანეს.

ბრალისა და მათი უფლებების გაცნობის შემდეგ, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დაკავებულებს ჰკითხა – ხომ არ ჰქონდა ადგილი მათ მიმართ დამამცირებელ, არაადამიანურ მოპყრობას სამართალდამცავების მხრიდან? – 20 წლის ფირუზ წულუკიძემ მოსამართლეს მოკლედ უთხრა, რომ ხელბორკილების დადების შემდეგ პოლიციელებმა ის სასტიკად სცემა: „მირტყამდნენ ყველგან და მაგინებდნენ. ეს დაახლოებით 20 წუთს გრძელდებოდა, იქამდე სანამ გამომძიებლები მოვიდოდნენ“.

მეორე ბრალდებულმა – თემურ ბახუნტარიძემ მოსამართლეს მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე უფრო ვრცლად მოახსენა: „განსაკუთრებული აგრესია ჩემს მიმართ ჰქონდათ – ბორკილების დადების შემდეგ 200 კაცი მირტყამდა. ფეხი მოდიოდა, კონდახი, თუ სხვა რამე… ყველაფერი.  ისეთი სიტყვებით მაგინებდნენ, ჩემს სიცოცხლეში არ გამიგია – მაგინებდნენ პირადად და მიგინებდნენ რელიგიას – ჩემი სალოცავი გამითელეს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მუსლიმი ვარ. მაგრამ მე არ ვიმსახურებდი ამას – ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, აფხაზეთისა და ოსეთის ომის მონაწილე ვარ. მე აღარ მინდა საქართველოს მოქალაქეობა“.

ამ განცხადების მოსმენის შემდეგ დავით მამისეიშვილმა განმარტა, რომ სასამართლო არ არის საგამოძიებო ორგანო. მან პროკურორებს მიმართა, უფლებამოსილების ფარგლებში დაადგინონ – სიმართლეს შეესაბამება თუ არა ბრალდებულების განცხადება არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით.

აჭარის პროკურატურის პროკურორებს არაადამიანური მოპყრობის შესახებ სასამართლოში განმარტება არ გაუკეთებით. რამაზ შავაძემ და ვლადიმერ თურმანიძემ დავით მამისეიშვილს მოახსენეს იმაზე, თუ ვინ არიან დაკავებულები და რა დანაშაული ჩაიდინეს. პროკურორებმა შს სამინისტროს პოზიცია ასე ჩამოაყალიბეს: „ისინი ეწეოდნენ ანტისაზოგადოებრივ საქმიანობას“.

პროკურორების თქმით, ფირუზ წულუკიძემ და თემურ ბახუნტარიძემ 13 სექტემბრის ღამეს პოლიციას გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა, აგინეს და ტანსაცმელი შემოახიეს. ფაქტი ბათუმში, პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში მოხდა.

13 სექტემბერს, გვიან ღამით, ბათუმის ამ მონაკვეთში მართლაც ისმოდა სროლის ხმა – ძიების ვერსიით, პოლიციას ცეცხლი საქართველოში არალეგალურად შემოსულმა რუსეთის მოქალაქემ, იუსუფ ლაკიევმა გაუხსნა, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი – იაგო დავითაძე და ერთიც სამოქალაქო პირი – ე.ხ. დაიჭრა.

პროკურორების თქმით, იუსუპ ლაკიევის თანმხლებ პირებს – ბახუნტარიძესა და წულუკიძეს „პოლიციამ მოუწოდა შეჩერებისკენ, მაგრამ ისინი მოწოდებას არ დაემორჩილნენ“. წინააღმდეგობის გაწვის დამადასტურებელ მტკიცებულებად პროკურორებმა ერთ-ერთი პოლიციელის შემოხეული ტანსაცმელი დაასახელეს.

საპირისპიროს ამბავი უთხრა მოსამართლეს თემურ ბახუნტარიძემ: ორმხრივი სროლა იყო – ჩვენ კი არა პოლიციელებიც გარბოდნენ… როგორც კი მომიწოდა პოლიციამ, რომ გავჩერებულიყავი, გავჩერდი და ხელები ავწიე. წინ ორი მეტრი სიმაღლის კედელი იყო, ამ სიმაღლეზე არბენა, გადახტომა და გაქცევა ჩემთვის არავითარი პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ, რადგან ვიცოდი, რომ  მითვალთვალებდნენ, ვიფიქრე, რომ გაქცევით უარეს დამემართებოდა და გავჩერდი. სულელი უნდა იყო, რომ 200-მდე პოლიციელს, ისიც შეიარაღებულებს წინააღმდეგობა გაუწიო ცარიელი ხელებით.

როგორც ძიება ამტკიცებს, პოლიციელი იაგო დავითაძე იუსუპ ლაკიევმა დაჭრა. დაჭრილია თავდამსხმელიც. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განმარტა, რომ ლაკიევს არ სურდა მონაწილეობა მიეღო აღმკვეთი ღონისძიების განხილვაში. ლაკიევის ადვოკატმა, მამუკა ზოიძემ დასძინა, რომ ბრალდებულმა პროცესში მონაწილეობა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოახერხა. ლაკიევისთვის სახელმწიფოს მიერ დაქირავებულმა ადვოკატმა სასამართლოს ბრალდებულის პოზიცია გააცნო: ის ქართველ ხალხს და დაჭრილ პოლიციელს ბოდიშს უხდის. ამბობს, რომ ეს გასროლა მოულოდნელობის ეფექტით მოუვიდა. ლაკიევი აღიარებს ყველა დანაშაულს, ოღონს ბრალდებას ერთ ნაწილში არ ეთანხმება – მას პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის წინასწარი განზრახვა ჰქონდა.

პროკურატურის ინფორმაციით, რომელიც ლაკიევის დაკითხვის შედეგად მიუღიათ, ბრალდებული რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხილით არის გასამართლებული (უკანონო შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბება). მას რუსი სამართალდამცავები ეძებენ. ის საქართველოში არალეგალურად შემოვიდა და თურქეთის გავლით სირიაში აპირებდა გადასვლას.

ლაკიევი ბათუმში ღამეს  იმ ბინაში ათევდა, რომელიც ფირუზ წულუკიძეს საცხოვრებლად აქვს დაქირავებული.

ფირუზ წულუკიძემ დაადასტურა, რომ ლაკიევმა ღამე მასთან გაათია, მაგრამ დასძინა, რომ მას თემურ ბახუნტარიძის „სტუმართან“ არავითარი კავშირი არ ჰქონია. „მე ქართულის გარდა არც ერთი ენა არ ვიცი, იმან მხოლოდ რუსული იცოდა. ამიტომ არ დავლაპარაკებივარ“, – თქვა ფირუზ წულუკიძემ.

იუსუფ ლაკიევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში (353-ე მუხლის II ნაწილი) 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ დანარჩენ ორ ბრალდებულსაც. თუმცა, ეს ბრალდება ორივე მათგანს შეიძლება დაუმძიმდეს კიდეც. გამოძების ინფორმაციით, ჯერჯერობით ძიება მუშაობს იმის დადგენაზე, დაკავებულებს ხომ არ აქვთ დანაშაულებრივი კავშირი რომელიმე უცხო ქვეყნის დანაშაულებრივ ჯგუფებთან. ასევე შესასწავლია ბრალდებულების სახლებიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებული დეტალები.

20 წლის ფირუზ წულუკიძე ორგზის ევროპის ჩემპიონია ჭიდაობაში. ცოტა ხნის წინ სპორტსმენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების უფლება რელიგიური მოტივით არ მისცეს – თბილისის აეროპორტიდან გამოაბრუნეს. მანამდე ფედერაციაში მას წვერის გაპარსვა მოსთხოვეს. ფირუზ წულუკიძე მუსლიმია. ფირუზ წულუკიძეს თემურ ბახუნტარიძე წვრთნის.

ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნტარიძე ამბობენ, რომ მათ სამართალდამცავები დიდი ხანია უთვალთვალებენ, აშანტაჟებენ, ემუქრებიან და დევნიან მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ქართველი მუსლიმები არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი