ახალი ამბები

ქუთაისის ვიცე–მერი: დიმიტრი კოპალიანმა დღეს მითხრა, რომ პოსტის დატოვებას აპირებს

11 სექტემბერი, 2013 • • 1202
ქუთაისის ვიცე–მერი: დიმიტრი კოპალიანმა დღეს მითხრა, რომ პოსტის დატოვებას აპირებს

“დღეს საღამოს დიმიტრიმ [კოპალიანი] მითხრა, რომ აპირებს განცხადების დაწერას, თუმცა ვერ გეტყვით, დაწერა თუ არა”, – ამბობს ვიცე–მერი “ნეტგაზეთთან” საუბარში.


“ნეტგაზეთი” კოპალიანთან დაკავშირებას და აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. კოპალიანმა  11 სექტემბრამდე შვებულება 23 აგვისტოს აიღო.  ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების ნაწილი აგვისტოში მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას აპირებდა, თუმცა 23 აგვისტოს “ნეტგაზეთს” ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მღვდელაძემ განუცხადა, რომ იმპიჩმენტი დღის წესრიგიდან მოიხსნა, რადგან, მისი ინფორმაციით, კოპალიანი შვებულების შემდეგ მერის თანამდებობაზე დაბრუნებას აღარ აპირებდა.


“იმპიჩმენტის აუცილებლობა არ დგას. იმპიჩმენტი არ არის ერთადერთი საშუალება, რომ პრობლემა მოგვარდეს. პრობლემები იყო, მერს ამ პრობლემების შესახებ ვესაუბრეთ, მან აიღო ტაიმ–აუტი,  11 სექტემბრამდე ის არის ბიულეტენზე და ამ ხნის განმავლობაში შევჯერდებით, როგორ უნდა მოვაგვაროთ პრობლემები. მას აქვს გარკვეული სისუსტეები მენეჯმენტში, რომელიც შეიძლება არ ჰქონდეს, თუ სხვა პოზიციას [თანამდებობას] დაიკავებს. მე როგორც ვიცი, მას ცენტრალურ ხელისუფლებაში გარკვეული პოზიციები შესთავაზეს საგარეო საქმეთა ურთიერთობის კუთხით და განათლების მიმართულებით. მე ვთვლი, რომ ის გაცილებით უკეთესი იქნება ამ მიმართულებებით, რადგან იგი არის ძალიან განათლებული პიროვნება და კარგი მეცნიერი, მაგრამ, ამავდროულად, არის სუსტი ხელმძღვანელი და ლიდერი, როგორც მერი. ამ ხნის განმავლობაში თვითონაც ჩამოყალიბდება ის, და მე ვთვლი, რომ ის არ იმსახურებს იმპიჩმენტს. ბატონი დიმიტრი არის ძალიან კეთილშობილი და განათლებული კაცი. რაც უფრო ჩქარა მოხდება მისი ამ ადგილიდან სხვა პოზიციაზე გადასვლა, მით  უკეთესი იქნება მისთვისაც და ქალაქისთვისაც. მე ვიცი, მას არ აქვს სურვილი, რომ მობრუნდეს, როგორც მერი. ამ მდინარეში შემობრუნებას ის არ ფიქრობს”, – განაცხადა 23 ააგვისტოს მღვდელაძემ.


ქუთაისის საკრებულომ დიმიტრი კოპალიანი მერის თანამდებობაზე 2013 წლის  5 ივნისს აირჩია. დღეს, 11 სექტემბერს მისი შვებულების ვადა იწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი