ახალი ამბები

დავითაშვილი: ჩემ მიმართ ტერაქტის განმახორციელებლები დღემდე ფინანსურ პოლიციაში მუშაობენ

10 სექტემბერი, 2013 • • 1335
დავითაშვილი: ჩემ მიმართ ტერაქტის განმახორციელებლები დღემდე ფინანსურ პოლიციაში მუშაობენ

 

“გეტყვით, რომ ჩემ მიმართ ტერაქტის განმახორციელებლები დღემდე მუშაობენ სახელმწიფო სტრუქტურებში. კონკრეტული სახელები და გვარებია, რომელზეც მე იანვარში ჩვენება მივეცი პროკურატურას. მე მგონი, საკმარისი დრო გავიდა  და მათ თითი თითზე არ დაუკარებიათ. ისინი მუშაობენ ფინანსურ პოლიციაში. 3 ადამიანია ვიცი მე ასეთი. სახელებს და გვარებს ვერ გეტყვით, რადგან არ ვაპირებ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. მე მივეცი ჩვენება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს მათი ბრალეულობის საკითხი. ჩემთვის ეს ადამიანები არ არიან მნიშნელოვანი, მე მაინტერესებს მათ ვინ დაუკევთა და ვინ მისცა ბრძანება. მე მომხრე ვიქნები, თუ მათთან საპროცესო გარიგება დაიდება და ისინი ჩვენებას მისცემენ ზემდგომ პირებზე. სულაც არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ საერთოდ გათავისუფლდებიან პასუხისმგებლობიდან. საქმე იმაშია, რომ ეს ხელისუფლება საერთოდ არაფერს აკეთებს. 7 ნოემბერის საქმეზე საერთოდ საუბარი არ არის, არც გამოძიებაზე და არც არანაირი კუთხით. ჩემთვის ეს ღირსების საკითხია. მე ვთვლი, რომ საქართველოში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ასე ფიქრობს, რომ ის, რაც მოხდა, უნდა იყოს გამოძიებული დამნაშავეები დასჯილი და მათთან კოჰაბიტაცია და თავზე ხელის გადასმას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც საარჩევნო ლოზუნგი არ არის. მე ამ ცხოვრებით ვცხოვრობ”, – აცხადებს დავითაშვილი, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი