ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კონკურსი გამოცხადდა

5 სექტემბერი, 2013 • • 1040
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კონკურსი გამოცხადდა

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.

 

საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე.

 

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით 2013 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის თითო კანდიდატი.
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში.

კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში.
წარდგინება შეიტანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, წერილობით შემდეგ მისამართზე: ქალაქი ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი №26 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@parliament.ge.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სულ 15 წევრისგან შედგება, საიდანც 6–ს ამტკიცებს პარლამენტი. 4 წევრის ასარჩევად საჭიროა ხმების ნახევარზე მეტი, 2 წევრის ასარჩევად კი 2/3. იმის გამო, რომ საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა ვერ შეთანხმდა, მიმდინარე წლის ივნისში პარლამენტმა აღნიშნული 2 წევრის არჩევა ვერ შეძლო. იგივე მოხდა მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრთა დამტკიცების დროსაც. სწორედ ამიტომ გამოცხადდა ახალი კონკურსი ამ პოსტების დასაკავებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი