კომენტარი

ჭელა- შერჩევითი სამართალი სახელმწიფოს მხრიდან

5 სექტემბერი, 2013 • 1620
ჭელა- შერჩევითი სამართალი სახელმწიფოს მხრიდან

ისლამოფობია და რელიგიურ-ეთნიკური შეუწყნარებლობის წახალისება ახალი მთავრობის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი ნამდვილად იყო. ისმოდა, რომ თურქები ყველაფერს ყიდულობენ საქართველოში, აქ სახლდებიან, საჭიროა მათი შეზღუდვა, მათზე გასხვისებული მიწების დაბრუნება და ასე შემდეგ. შეიძლება ეს ბევრს უბრალო პოლიტიკური ფანდი ეგონა, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობაში რეალურად გაჩნდა მოთხოვნილება, მოლოდინი საქართველოს მონოეთნიკურ და მონორელიგიურ ქვეყნად გადაქცევისა. სახელმწიფოებრიობის ამგვარი ტომობრივი გაგება საქართველოში მისი ხელახალი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ძლიერდება.

 

სამწუხაროდ, ჭელას მინარეთის ინციდენტმა დაგვანახა, რომ ნეგატიური ტენდეცია უფრო ძლიერდება და არათუ  სამოქალაქო სახელმწიფოდ არ ვვითარდებით, არამედ კვლავ ფიქსირებული ვართ საკუთარი ქვეყნისა და მისი მოქალაქეობის გაუკუღმართებულ გაგებაზე.

 

არადა, ამგვარი გაგება თითქოს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაძლეულიყო ილია ჭავჭავაძის და მისი თანამოაზრეების მოღვაწეობის შედეგად. მისი სიტყვების წაკითხვისას, გაგიჩნდებათ საოცარი განცდა, ერთი მხრივ, ანალოგიისა და, მეორე მხრივ, უიმედობისა, რადგან ჩვენი პოლიტიკოსების უმრავლესობის შეფასებები აბსოლუტურად საწინააღმდეგოა მისი მოსაზრებებისა. ბევრი მათგანი გულწრფელად იზიარებს საქართველოს ეკლესიის წიაღში გამომუშავებულ ფუნდამენტალისტურ მოსაზრებებს, ბევრიც, უბრალოდ, ცდილობს არ გააბრაზოს ქვეყნის ყველაზე ძლევამოსილი ისნტიტუტი და ამგვარად ელექტორატი არ დაკარგოს. უფრო გაბედულად თუ ვიტყვით, პატრიარქ ილია მეორის მიერ პროპაგირებულმა მოსაზრებებმა სიტყვა ქართველს ილია ჭავჭავაძამდელი მნიშვნელობა შესძინა. სიტუაციას ამძაფრებს რამოდენიმე წინასწარმოცემულლობაც.

 

არსებობს ორი ფაქტორი, რომელიც ნოყიერ ნიადაგს უქმნის ისლამოფობიის დამკვიდრებას საქართველოში. პირველი, ესაა საქართველოს მოქალაქეების სპეციფიკური, მგრძნობიარე დამოკიდებულება ისტორიული ტრავმების მიმართ და მეორე, საერთაშორისო არენაზე პოლიტიკური ისლამის გააქტიურების საკითხი, განსაკუთრებით კი რადიკალი ისლამისტი ტერორისტების მიერ განხორციელებული ქრისტიანთა დევნა ეგვიპტეში, ერაყში, სირიასა თუ აღმოსავლეთის სხვა ქვეყანაში. ჩვენს შემთხევაში ეს ორი ფაქტორი გაერთიანებულია და ერთმანეთთან ნეგატიური თვალსაზრისითაა შერწყმული. პოლიტიკოსების, საზოგადო სახეების და, პირველ რიგში კი, საპატრიარქოს მესვეურთა მიერ წლების განმავლობაში გაწეული პროპაგანდის გამო, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი გარესამყაროს იმ მდგომარეობაში წარმოიდგენს, როგორიც ის საუკუნეების წინ იყო. ისინი თვლიან, რომ წარსული არის არა დასრულებული მოვლენათა ერთობლიობა, არამედ მარად განმეორებადი, დროში უწყვეტად განგრძობადი პროცესი. საქართველოში ამ დამკვიდრებული შეხედულებების პოლიტიკური მიზნებით ინსტრუმენტალიზირება ძალიან ხშირია. ისტორიის შავ-თეთრად წარმოჩენა ძალაუფლების მოსურნე ადამიანთა ჯგუფების მიერ მართული სახიფათო მოვლენაა. არავინ დავობს იმაზე, რომ საქართველოს მსგავსად თუქეთში რელიგიის გაძლიერება პოლიტიკური ნიშნითაც ხდება. თუმცა წარსულის ტრავმებთან პარალელების გავლება და სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოს დღედღეზე “დიდი თურქობა“ გვემუქრებოდეს, ან უდიდესი სიბრიყვეა, ან მიზანმიმართული ბოროტება. უნდა გავიაზროთ, რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისადმი ძალადობრივი დამოკიდებულების, ვითომდაც ისტორიული ანალოგიებით გამართლება ამ მოვლენის სახიფათო – იდეოლოგიურ  ხასიათზე მიგვანიშნებს.

 

საინტერესოა, რომ შეუწყნარებლობა და განსხვავებულისადმი სიძულვილი ქართველობაზე აპელირებით, ბვერი სხვა რეგიონის მსგავსად, აქაც დედაქალაქიდან იმპორტირებულ მოვლენას წარმოადგენს და ეს პროცესი იქ დიდი ხანია ვითარდება.  თუმცა 26 აგვისტოს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდა ადგილი, ეს კი მომხდარს სულ სხვა მნიშვნელობას ანიჭებს. როგორც ირკვევა, მინარეთის განბაჟების შესახებ საუბარი მხოლოდ ფორმალური მიზეზი იყო მომხდარის გამართლებისა. შესაძლებელია, მართლაც არსებობდა ერთგვარი გაურკვევლობა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მისი გადაჭრა სრულიად ადვილად შეიძლებოდა ფინანსური შემოწმებისა და ადგილობრივი დათვალიერების შედეგად. სწორედ ეს გარემოება ბადებს ეჭვს. ძნელია გამოვიცინოთ სახელმწიფოს ნამდვილი მოტივაცია, თუმცა იკვეთება სავარაუდო ვერსია.

 

შესაძლოა, რომელიმე სერიოზული მაღალჩინოსანი არის მართლმადიდებელ-ფუნდამენტალისტი სასულიერო პირის (შესაძლოა, სულაც ზარზმის მონასტრის) მრევლი და, შესაბამისად, მოხდა მისი დარწმუნება “დაეცვა მართლმადიდებლობა“ ამ ფორმით. მეორე, უფრო მეტად დამაჯერებელი მოსაზრების თანახმად, ეს იყო სამთავრობო ინიციატივა, რომელიც შორს გათვლილ პოლიტიკურ მნიშვნელობას ატარებდა. იუსტიციის მინისტრ თეა წულიკიანის მოწოდება, რომ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, იყოს თუ არა მინარეთები საქართველოში საერთოდ, არის ძალიან საგანგაშო და სახიფათო. იგი ასევე აღმოჩნდა მწვანე შუქი მრევლისა და უბრალოდ მართლმადიებელი ეკლესიისადმი ლოიალური მოქალაქეებისათვის, რომელთაც ახალციხის ავტოსადგურში მინარეთის ადგილზე არდაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ქალაბატონი მინისტრის მოწოდებები სხვა სიტყვებით გაიმეორეს და რეფერენდუმის მოთხოვნაც კი წამოაყენეს. საქართველოს საპატრიარქო თავდაპირველად კულისებს მიღმა მოქმედებდა. თუმცა ჯერ ახალციხის ავტოსადგურში ჩატარებულ საპროტესტო აქციებზე გამოჩნდნენ ზარზმის მონასტრის სასულიერო პირები, ხოლო უფრო მოგვიანებით კი, ამ პრობლემის მოგვარების შესახებ მოლაპარაკება საერთოდაც საპატრიარქოში შედგა. ამ ფაქტმა კი კიდევ ერთხელ აჩვენა, ვინ წყვეტს ქვეყანაში სინამდილეში მსგავს საკითხებს. მინისტირისგან შეგულიანებულ მრევლს კი არ სურდა დამორჩილებოდა საპატრიარქოს გადაწყვეტილებას. მეუფე იაკობისა და თეოდორეს მოწოდებასაც არ დაემორჩილა. გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს მხოლოდ დადგმული სპექტაკლი იყო. მე კი მგონია, რომ ბოთლიდან ამოშვებულ ჯინს საპატრიარქო ვეღარ აკონტროლებს. ყოველ შემთხვეევაში, მის მიერვე იდეოლოგიზირებული ადამიანების აგრესიულ უმრავლესობას. თუმცა მას შემდეგ, რაც მრევლს მეუფე თეოდორემ დამაიმედებლად უთხრა “ღვთისმშობლის წილხვედრ“ ქვეყანაში მინარეთი არ აღიმერთებაო, ხოლო მეუფე იაკობმა ჩვეულ კრიმინარულ სტილში ამ დაპირების “ატვეჩაით“ გამოაცხადა თავი, ვნებათაღელვა შეწყდა. მეორე დღეს სახელმწიფომ საპატრიარქოს განკარგულება შეაასრულა, მინარეთი სოფელ ჭელას განაპირას მიიტანეს და დაასაწყობეს. პირადად ჩემთვის მასთან ერთად დიდი ხნით დასაწყობდა საქართველოს სახელმწიფოდ და ჰარმონიულ ქვეყნად შედგომის იმედიც.

 

მრევლი დარწმუნებულია, რომ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების მენტალურ უმრავლესობას და, შესაბამისად, მათ სურთ ქვეყანაში  უმრავლესობის დიქტატი არსებობდეს. მათ მოქალაქეებსაც და თვით საფრანგეთში განათლებულ მინისტრსაც ასე ესმით დემოკრატიაც და სახელმწიფოებრიობაც. ქალბატონი წულუკიანი სავარაუდოდ გულისხმობდა, შვეიცარიაში, მემარჯვენე-ექსტრემისტი პარტიების მიერ ინიცირებულ მოთხოვნას ახალი მეჩეთის აშენებისას მინარეთების მიშენების ნებართვასთან დაკავშირებით. შვეიცარიის შემთხვევა ძალიან სეციფიკურია და აუცილებელია მისი დეტალურად განხილვა. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც სქართველოში აქტიურად “მოღვაწე“ ექსტრემისტი სასულიერო პირები ამგვარი ფაქტების დამახინჯებულად გავრცელების გზით დიდი ხანია ცდილობენ რელიგიური დისკრიმინაციის “ევროპულობა“ დაამტკიცონ.

 

თუ მოვლენები ასე გაგრძელდა, არსებობს ლოგიკური დასასრულის ორი სავარაუდო მოდელი, თუმცა მათი არსი ერთია: სახელმწიფოებრიობის შეწყვეტა საქართველოში. ან გადავიქცევით სომალის მსგავს, რუკაზე ფორმალურად არსებულ ქვეყნად, სადაც ჯგუფებად გაერთიანებული ადამიანები თავის გატანას ცდილობენ, ან ფეთქებადსაშიში სიტუაციის დარეგულირების ეგიდით სხვა  სახელმწიფო დაამყარებს კონტროლს ქვეყანაში. ძალიან საეჭვოდ მიმაჩნია საქართველოზე თალიბების მუქარის ამსახველი ვიდეორგოლის საკითხის დღემდე გამოუძიებლობა. ძნელი გმოსაცნობი არაა, რომელ სახელმწიფოს  შეიძლება აწყობდეს საქართველოს  ისლამისტ-ფუნდამენტალისტურ ძალებთან საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნად  წარმოჩენა. თუმცა მთავარი ამოცანა შესრულებულია. რაც ჩვენს თავს ხდება, შეიძლება არაა ნაციზმი, რომლის დროსაც ადამიანებს უბრალოდ ხვრეტდნენ, ან საკონცენტრაციო ბანაკებში უშვებდნენ საბოლოოდ გაზის კამერაში სიცოცხლის დასრულების პრესპექტივით, მაგრამ აშკარად არის სეგრეგაციის, აპართეიდის მსგავსი რეჟიმი, რომლის დროსაც სახელმწიფო აშკარად აცხადებს, რომ იცავს ადამიანთა მხოლოდ ერთი ჯგუფის ინტერესებს, ხოლო ყველა დანარჩენი კანონის მიღმაა. სახეზეა აშკარა შერჩევითი სამართალი სახელმწიფოს მხრიდან. მართლმადიდებელი ეკლესია თავის საკულტო თუ სხვა გამოყენების შენობებს აშენებს ყველგან, სადაც მოესურვება, აზიანებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ამონტაჟებენ რა იქ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებს, ამაგრებენ გათბობებს ისტორიულ კარში პოლიურითანის ქაფის გამოყენებით, აზიანებენ სასაფლაოებს ეზოს გაფართოებისა თუ სხვა მიზნით და ა.შ. სადმე გვინახავს, რომ ასეთი საქციელის ჩამდენ პიროვნებებს პასუხი მოეთხოვათ?

 

28 აგვისტოს, როდესაც საქართველოში ახალმოჭრილ მინარეთის გარშემო დისკუსიისას საქართველოს მოსახლეობა იმაზე მსჯელობდა არიან თუ არა მუსლიმი ქართველები თანასწორუფლებიანი მოქალაქეები, ცივილიზებული მსოფლო ქრისტიანი პასტორის, მარტინ ლუთერ ქინგის მიერ 1968 წელს წარმოთქმული ისტორიული სიტყვის იუბილეს აღნიშნავდა. ამ საოცარი ადამიანის იდეებმა გამარჯვებამდე რთული გზა განვლო, მაგრამ აშშ-ი რასობრივი დისკრიმინაციაზე სახელმწიფომ საბოლოოდ უარი თქვა. ქინგის თანამედროვე უამრავი სხვა ქრისტიანი სასულიერო პირი რასიზმს ღვთისგან თეთრი რასის რჩეულობისა თუ სხვა მსგავსი იდეით ამართლებდა. ვის ახსოვს დღეს ისინი? არავის, რადგან საზოგადოებამ და კულტურამ სწორი არჩევანი გააკეთა. შესაბამისად, იმისათვის, თუ რა თარიღად იქცევა 26 აგვისტო საქართველოსთვის მომავალში, დიდი მნიშვნელობა აქვს მომხდარზე დღევანდელ რეაქციას. იმედის მომცემია იმ მართლმადიდებელი მრევლის არსებობა, რომელიც თავიანთ მუსლიმ თანამოძმეებთან ერთად აპროტესტებდა მინარეთის ვანდალურად მოჭრას. ძალიან მნიშვნელოვანია ას საკითხში მედიის აქტიურობაც, რომ თემატიკის მიჩქმალვა არ მოხდეს, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე ჩვენს იმპულსურ საზოგადოებაში. საინტერესოა, მაგალითად, რა ხდება ამჟამად ნიგვზიანში, წინწყაროსა თუ სამთაწყაროში.

 

მიუხედავად იმისა, რომ 10 წელია ღიად ვუპირისპირდები საქართველოში არსებულ შეუწყნარებლობას, საპატრიარქოს ქმედებებს და მთელ ამ აგრესიას, ვინაწილებ კუთვნილ პასუხისმგებლობას როგორც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც ტკივილი მიაყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი