ახალი ამბები

გაბაშვილი: სტრასბურგი ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას

5 სექტემბერი, 2013 • • 2375
გაბაშვილი: სტრასბურგი ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავება პოლიტიკური აქტია და ეს იმთავითვე ცხადი იყო:

 

“ეს იყო სუფთად პოლიტიკური აქტი და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის და პირადად ბიძინა ივანიშვილის. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს იყო პირდაპირი გზავნილი ოპოზიციასთვის, რომ მის გენერალურ მდივანს აპატიმრებენ და ისედაც სრულებით ცხადია, რა დგას ამის უკან, მაგრამ ეს დამატებითი გარემოება, რომ გადაწყვეტიელბა მიაღებინეს არაუფლებამოსილ მოსამართლეს, ეს არის კიდევ ერთი დამატებითი გარემოება. ყველაფრიდან ჩანს, რომ ქუთაისში საქმე უფრო მეტად გარკვეული ჰქონდათ პროკურატურას და მთავრობას და სწორედ ამიტომ, აბსოლუტური დარღვევებით ქუთაისში წამოიღეს საქმე.”

 

გაბაშვილი ამბობს, რომ საქმეს სტრასბურგში გაასაჩივრებენ:

 

“შესაბამისად, ეს ყველაფერი გასაჩივრდება სტრასბურგში და საქმე იმდენად ცხადი და ძლიერია, რომ დარწმუნებული ვართ, რომ სტრასბურგი თავის გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ მიიღებს.”

 

ივანე მერაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების (პატიმრობის) განჩინება გამოტანილი აქვს არაუფლებამოსილ მოსამართლეს და, შესაბამისად, მოითხოვს განჩინების გაუქმებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას და ქუთაისის სასამართლოს აცილებას.

 

ადვოკატების განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული, რომელმაც ძალაში დატოვა მერაბიშვილის აღმკვეთი ღონისძიება, არის სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრი.

 

“საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების განხილვის უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო კოლეგიის წევრ მოსამართლეს. აქედან გამომდინარე, მას არ ქონდა უფლება, განეხილა აღმკვეთი ღონისძიება, შესაბამისად მოსამართლე მალხაზ გურულმა დაარღვია კანონი.

ივანე მერაბიშვილის მიმართ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. დაცვის მხარე გაასაჩივრებს ამ დარღვევას სხვა დარღვევებთან ერთად სტრასბურგის სასამართლოში. დარღვევა იმდენად არსებითია, რომ დაცვის მხარე ამ სარჩელს აუცილებლად მოიგებს. თუ საქართველოს მთავრობას სურს თავიდან აირიდოს საერთაშორისო სკანდალი, მან უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების გაუქმება”, – აცხადებენ ადვოკატები.

მასალების გადაბეჭდვის წესი