ახალი ამბები

ჩაფიძე: მთავრობის ნებართვის გარეშე კანონს ვერ მივიღებთ [Video]

4 სექტემბერი, 2013 • • 1108
ჩაფიძე: მთავრობის ნებართვის გარეშე კანონს ვერ მივიღებთ [Video]

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე ამტკიცებს, რომ 49 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც უძრავ ქონებაზე აღსრულების შეჩერებას ითვალისწინებს, მთავრობამ დაბლოკა და პარლამენტი მას ვერ მიიღებს:

 

“ჩვენ მას მთავრობის ნებართვის გარეშე, სამწუხაროდ, ვერ განვიხილავთ. ეს არის 2006 წელს კანონში შესული ცვლილება, რომელიც მოითხოვს ფინანსური ხასიათის კანონპროექტებზე მთავრობის ნებართვას და ჯერჯერობით ჩვენ ეს ნორმა არ შეგვიცვლია. ჩვენ არ გვაქვს უფლება მთავრობის ნებართვის გარეშე მივიღოთ კანონი. ის ვერ შევა ძალაში. პირადად მე ვფიქრობ, რომ რადგან ათასობით მოქალაქე საქართველოსი, რომელთა დასაცავად სახელმწიფომ არ მიიღო არანაირი ზომა, არის დაზარალებული, არის ჩვენი წინა ხელისუფლების დანაშაულის შედეგი, მაგრამ გარკვეული პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე ჩვენც გვეკისრება. მე, მთავრობის პოზიციის მიუხედავად, ჩემს პოზიციას არ ვიცვლი, ვუერთდები ბატონ გედევან ფოფხაძეს, ქალბატონ ეკა ბესელიას, გვაქვს ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ხელისუფლება ვალდებულია გარკვეული რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით მოახდინოს, ეს იქნება გრძელვადიანი სესხების გაცემა, ეს იქნება მორატორიუმის გამოცხადება თუ სხვა დამცავი მექანიზმების შექმნა, რათა დროებით მაინც შეჩერდეს გამოსახლების პროცესი, სანამ სახელმწიფო მოამზადებს კანონპროექტების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანებს აღარ ჰქონდეთ თავიანთი საცხოვრებელი ფართის იპოთეკით დატვირთვის შესაძლებლობა და დაცულები იყვნენ უსახლკაროდ დარჩენისგან. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ეს პრობლემა მაინც დაუდგება, როცა საოციალურად დაუცველები უსახლკაროდ, გარეთ დარჩებიან და, ეს შეცდომით მოუვიდათ თუ რამე სხვა გზით, გარკვეულ ვალდებულებას ვიღებთ და ვთავაზობთ პარლამენტს ამ კანონპროექტს კიდევ ერთხელ განსახილველად.”

 

ჩაფიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ნორმა არასწორია. მისივე განმარტებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ავიწყდებათ ხოლმე, რომ პარლამენტი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა:

 

“ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი ნორმა, რადგან საკანონმდებლო საქმიანობის თვალსაზრისით პარლამენტი არის მთავარი. ეს არის მიღებული წინა ხელისუფლების დროს და ეს სწორედ ერთ-ერთი ის ნორმაა, რომელიც ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, რათა პარლამენტი ნამდვილად საკანონმდებლო ორგანო იყოს და ნამდვილად ახორციელებდეს ზედამხედველობის ფუნქციას მთავრობაზე. რატომღაც წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც, ბევრ პარლამენტარს და მთავრობის  წარმომადგენელს  დავიწყებული აქვს, რომ ჩვენ ვართ მაკონტროლებელი და ყველაზე უფრო მაღალი საკანონმდებლო ფუნქციების მქონე დაწესებულება. ბევრ მთავრობის წევრსაც ეს ავიწყდება, სამწუხაროდ.”

 

აღნიშნული განცხადების გაკეთების შემდეგ ჩაფიძე პარლამენტთან შეკრებილ იპოთეკური სესხით მოსარგებლე პირებთან გავიდა და ესაუბრა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი