31.10.2013

მობილური ოპერატორები შსს-დან ფარული მოსმენების შესახებ

ფარული მიყურადება,

აქვს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისი მოწყობილობები მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებში, რომლებითაც აბონენტების ფარული მიყურადება ხორციელდება? - "ნეტგაზეთის" ამ კითხვაზე საქართველოში მოქმედი სამი კომპანიიდან ორისგან "მაგთიკომისგან" და "ჯეოსელისგან"ვერ მივიღეთ პასუხი.

თეონა ბაღდავაძე, "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ამბობს, რომ ასეთი ტიპის მოსმენებზე თავად კომპანიას არ აქვს არანაირი კონტროლის მექანიზმი:

 

„ბილაინს", როგორც კერძო კომპანიას, არ აქვს არანაირი კონტროლის მექანიზმი სახელმწიფო მოსმენის აპარატებზე, რომელიც შეიძლება რომ არსებობდეს. არ შეგვიძლია, რომ რაიმე ტიპის ინტერვენცია მოვახდინოთ. შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს, რომ კანონის ფარგლებში, როდესაც არის სანქცირებული, მოსმენები არის შესაძლებელი. თუმცა, ეს ხდება "ბილაინისგან" დამოუკიდებლად. ჩვენთვის მომართვა არ არის საჭირო, ამ შემთხვევაში,"- უთხრა "ნეტგაზეთს" თეონა ბაღდავაძემ.

 

კომპანია "ჯეოსელის" ცნობით კომპანია "თელია სონერასგან" დამოუკიდებლად კომენტარს ვერ გააკეთებს. კომპანიამ პასუხი მიიღო, რომელიც მედიისთვის მალე გასაჯაროვდება. 

 

კომპანია "მაგთიკომში" ჩვენს კითხვაზე პასუხის მიღება ვერ შევძელით.

 

გუშინ "ფრანს-პრესმა" გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა შესაძლოა დღემდე იყენებდეს შვედური სატელეკომუნიკაციო გიგანტის, "ერიქსონის" ტექნოლოგიას საკუთარი მოქალაქეების უკანონო მონიტორინგისთვის.

 

ჟურნალისტი ლაშა ტუღუში ერთ-ერთია იმ საინიციატივო ჯგუფიდან, რომელმაც საკანონმდებლო წინადადებით რამდენიმე თვის წინ მიმართა პარლამენტს, რათა კანონით იყოს შესაძლებელი მიყურადების კონტროლი და მონიტორინგი.

 

"ეს სისტემა დღემდე იგივეა, არაფერი შეცვლილა. ჩვენ გვქონდა შეხვედრები სატელეკომუნიკიციო კომპანიებთან. ყველა ასეთ კომპანიაში არის ადგილი, სადაც შსს-ს აქვს თავისი მოწყობილობები, რომელიც მიერთებულია სისტემაზე და ვერავინ აკონტროლებს," - აცხადებს ლაშა ტუღუში.

 

მისივე თქმით, სწორედ ამის ეფექტურ კონტროლს ისახავს მიზნად ის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მათ პარლამენტს წარუდგინეს, ხოლო შემდეგ ეს წინადადება საკანონმდებლო ინიციატივად აქცია ორმა საპარლამენტო კომიტეტმა.

 

 "არსებობს ასეთი მონიტორინგის სხვადასხვა მოდელი, რომ კონტროლი განხორციელდეს სასამართლოს, პარლამენტის ან სხვა საშუალებით", - აცხადებს ლაშა ტუღუში.

 

იმის მიუხედევად, რომ კანონპროექტი უკვე დიდი ხანია მომზადებულია, ის პარლამენტს დღემდე არ მიუღია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ნეტგაზეთს" განუცხადეს, რომ უკანონო მოსმენები არ ხორციელდება:

 

"ამის პოლიტიკური ნება ქვეყანაში არ არსებობს. მოსმენები ხორციელდება მხოლოდ სასამართლო სანქციით ოპერატიული საქმიანობისთვის”.