ახალი ამბები

რეკომენდაციები, რომელიც უწყებათაშორისმა კომისიამ შეიმუშავა

2 სექტემბერი, 2013 • 1391
რეკომენდაციები, რომელიც უწყებათაშორისმა კომისიამ შეიმუშავა

როგორც პარლამენტის საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი აცხადებს, კომისიამ ძირითადად სამი რეკომენდაცია შეიმუშავა:

 

“იმპიჩმენტები, თუკი არის სადმე დაგეგმილი ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლებისა, შეჩერდეს არჩევნებამდე. ყველა უწყებას ეთხოვა, როგორც გააკეთა თავდაცვის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ, რომ ყველას განემარტოს, რისი უფლება აქვს მოხელეს და რისი არა, დეტალურად ინსტრუქციები გამოიცეს. ასევე პოლიტიკურ პარტიებს ეთხოვა, შიდა დისციპლინა იქნეს დაცული და ერთმანეთის კამპანიებს აქტივისტებმა არ შეუშალონ ხელი”, – აცხადებს ირინა იმერლიშვილი.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მათ ძალიან ბევრი სასარგებლო რჩევა მიიღეს არასამთავრობო სექტორისგან:

“ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ და ვიღებთ სასარგებლო რჩევებს არასამთავრობო სექტორისგან. განვიხილეთ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში მიმდინარე პროცესები, ადგილობრივ მედიასთან დაკავშირებული, გამგებლებისა და საკრებულო თავმჯდომარეების იმპიჩმენტის თემები და სხვა. ჩამოვყალიბდით, რომ ადგილობრივი ორგანოებისადმი იქნება რამდენიმე რეკომენდაცია გაცემული, რომლის ფორმულირებაზეც შევჯერდებით დღის განმავლობაში და გამოქვეყნდება. აგრეთვე, რეკომენდაციებზე შევჯერდით, რომ გაიცეს პოლიტიკურ პარტიებზე, რათა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თავის შიგნით დაამყაროს პოლიტიკური დისციპლინა, პარტიული დისციპლინა და ყველა პარტიული მუშაკი თუ აქტივისტი იყოს კანონმორჩილი და სხვადასხვა პარტიებმა ერთმანეთის კანდიდატებს არ შეუშალონ ხელი”, – განაცხადა წულუკიანმა.

 

მინისტრის თქმით, თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებმა საკუთარ მოხელეებზე გასცეს მკაფიო ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა იქცეოდეს საჯარო მოხელე წინასაარჩევნო კამპანიის დრო. უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციაა, რომ სხვა სამინისტროებმა და ადგილობრივი ხელისუფლების  ორგანოებმაც იგივე გააკეთონ.

 

წულუკიანის თქმით, ნებისმიერ კანონდარღვევაზე, რაც დაფიქსირდება, პროკურატურა სათანადო რეაგირებას მოახდენს:

 

“იყო საუბარი იმაზე, რომ ინდივიდების ორ ჯგუფს შორის რომელიღაც სოფელში მოხდა დაპირისპირება, ოცნების აქტივისტი თვლიდა, რომ არ შეიძლება ვინმე მხარს უჭერდეს ნაციონალურ მოძრაობას და ხელის შეხებამდეც მივიდა საქმე, პროკურატურამ დაიწყო ძიება და დღეიდან ნებისმიერი დანაშაულის თუ ცემის ფაქტებზე ჩატარდება ძიება”, – აღნიშნა წულუკიანმა. მისი თქმით, არსებობს პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო კანონმდებლობა არ არის ზედმიწევნით კარგი, თუმცა ეს საკითხი კომისიის უფლებამოსილებას სცდება.

 

უწყებათშორისი კომისიის სხდომას ესწრება პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან თინათინ ბოკუჩავა. მისი თქმით, იყო რიგი საკითხები, რომელზეც მან პასუხი ვერ მიიღო:

 

“სამწუხარიდ, ქალბატონი თეა ვერ მალავს თავის აგრესიას კონკრეტულად ჩემ მიმართ და იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელსაც მე წარმოვადგენ, და საერთოდ არ განიხილავს სერიოზულად, სამწუხაროდ, იმ ფაქტებს, როგორიც არის, მაგალითად, ზუგდიდში მომხდარი ძალადობა. იგი ამბობს, რომ პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის არდანახვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს იმიტომ, რომ ის, რომ ერთი და იგივე ადამიანები განმეორებით ჩადიან დანაშაულს, განმეორებით ძალადობენ მოქალაქეებზე და პარლამენტის წევრებზე, თითქოს ეს პრობლემას არ წარმოადგენს” , – განაცხადა ბოკუჩავამ. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთი მხარდამჭერი დაკითხვაზე 30–ჯერაც კი დაიბარეს და აუცილებელია, რომ ამ ფაქტს რეაგირება მოჰყვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი