ახალი ამბები

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში არ იციან, როდის ჩაიტანენ მინარეთს ჭელაში

29 აგვისტო, 2013 • • 1171
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში არ იციან, როდის ჩაიტანენ მინარეთს ჭელაში

როგორც “ნეტგაზეთს” შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, უწყებაში ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან:

 

“ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. გადაადგილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობთ. ჩვენ რა ვალდებულებაც გვქონდა მინარეთთან დაკავშირებით, შევასრულებთ. მოვახდენთ მის სოფელ ჭელაში ჩატანას და მონტაჟს. მაგრამ დღეს რამდენად მოხდება მისი ტრანსპორტირება, არ ვიცით, რადგან იქ აქცია მიმდინარეობს და გზა იყო გადაკეტილი. ტექნიკურად როგორ მოხდება ეს, არ ვიცით” – აცხადებენ უწყების პრესამსახურში. 

 

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში ასევე არ ფლობენ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ, სადაც მინარეთის ჭელაში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე დასაწყობება გადაწყდა.  

 

საპატრიარქოს წარმომადგენლებმა და მუსლიმმა რელიგიურმა ლიდერებმა შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:

 

“დღეს, საქართველოს საპატრიარქოში შედგა კათოლიკოს–პატრიარქისა და მღვდელმთავრების შეხვედრა საქართველოს მუსლიმ რელიგიურ ლიდერებთან ადიგენის რაიონში განვითარებული მოვლენების გამო. საქართველოს საპატრიარქო აბსოლუტურად ეთანხმება მართლმადიდებელი მრევლის სამართლიან პროტესტს მომხდართან დაკავშირებით. ამასთან, ვითვალისწინებთ რა მუსლიმი მოსახლეობის განწყობასაც, მუსლიმთა სამმართველოსთან შეთანხმებით ვაცხადებთ შემდეგს

 

1. მინარეთი დასაწყობდეს სოფელ ჭელაში, ნეიტრალურ ადგილზე, დაილუქოს და იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ.

 

2. არ მოხდეს მისი სადმე აღმართვა, ვიდრე არ მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა და არ შედგება მოლაპარაკება საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს შორის.

 

3.ეთხოვოს ხელისუფლებას, დაიწყონ მუშაობა, რათა კანონით განისაზღვროს რელიგიური ნაგებობების მშენებლობის მიზანშეწონილობისა და ნებართვის გაცემის საკითხი, რათა თავიდან იქნას აცილებული რელიგიურ ნიადაგზე შფოთი და დაპირისპირება.

ამასთან, მივმართავთ როგორც ქრისტიან, ისე მუსლიმ მრევლს, თავი შეიკაონ გამოსვლებისაგან, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ურთიერთპატივისცემა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შეხვედრის შემდეგ მოსახლეობას პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა გააცნო.

 

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის ექსპერტიზას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ახორციელებდა, ექსპერტიზა დღის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო, დღესვე მინარეთი კვლავ თავის ადგილზე უნდა აღემართათ.

 

მინარეთის დემონტაჟი შემოსავლების სამსახურმა 27 აგვისტოს მოახდინა, თუმცა როგორც არა უნებართვო მშნებლობის, არამედ სულ სხვა მოტივით. შემოსავლების სამსახური ეჭვობს, რომ, შესაძლოა, მინარეთის თურქეთიდან საქართველოში ტრანსპორტირების პროცესში საბაჟო პროცედურები დაირღვა, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მიადგა.  

 

“ნეტგაზეთმა” შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს მიმართა კითხვებით, როდის დაეჭვდა უწყება, რომ მინარეთის განბაჟების პროცესში, შესაძლოა, რაიმე სახის დარღვევა ყოფილიყო, რადგან მინარეთი საქართველოში ორი თვის წინ შემოიტანეს, თუმცა მისი დემონტაჟი რამდენიმე დღის წინ განხორციელდა და მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის ღონისძიებები საბაჟოს იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომელთაც მინარეთის სხვა კოდით ქვეყანაში შემოტანა დაუშვეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ შეკითხვებს სავარაუდოდ დღეს უპასუხებენ.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი