ახალი ამბები

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ვიცე-მერები პოლიტიკური ნიშნით არ დაუთხოვიათ

5 ივლისი, 2013 • • 1357
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ვიცე-მერები პოლიტიკური ნიშნით არ დაუთხოვიათ

ვახტანგ წოწონავა უარყოფს ვიცე–მერები ბრალდებას, რომ ისინი დაკავებული თანამდებობიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს და ამტკიცებს, რომ საქმე რეორგანიზაციასთან გვაქვს:

 

„მოგეხსენებათ, რომ ქალაქ ქუთაისის მერიაში მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი, გამომდინარე აქედან, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქალაქ ქუთაისის ვიცე–მერების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რეორგანიზაციის შემდეგი ეტაპი მოიცავს ატესტაციის ჩატარებას და გამოცხადებული იქნება კონკურსი ვაკანსიებზე, სადაც მონაწილეობა შეეძლება ყველას, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც ამჟამად ასრულებენ მოვალეობას.”

 

მისივე თქმით, მერია საკითხის პოლიტიზებას კატეგორიულად ემიჯნება:

 

„ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და აქედან გამომდინარე მოხდა გადაწყვეტილების მიღება.  არავითარი სხვა სარჩული ამ საქმეს არ აქვს.“

 

რეორგანიზაციის შემდეგ, რასაც რამდენიმე შტატის დამატება მოჰყვა, გაჩნდა ახალი პოსტიც, კერძოდ, ქუთაისის მეოთხე ვიცე–მერის პოზიცია. 27 ივნისს ქუთაისის მეოთხე ვიცე- მერის თანამდებობაზე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი უფროსი თენგო თოფურიძე  დაინიშნა.

 

დღეს, 5 ივლისს ქუთაისის ვიცე-მერები – ამირან ძოწენიძე და კოტე რატიანი ქალაქის მერის, დიმიტრი კოპალიანის ბრძანებით დაითხოვეს. ბრძანებაში მითითებულია, რომ ისინი სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევისთვის გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან. ყოფილი ვიცე–მერები აცხადებენ, რომ  მათი დათხოვნა პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი