ახალი ამბები

მერაბიშვილი თავის სასამართლო პროცესს არ დაესწრო

28 ივნისი, 2013 • • 951
მერაბიშვილი თავის სასამართლო პროცესს არ დაესწრო

მერაბიშვილის ადვოკატის, დავით ჩივიაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე ეწინააღმდეგება მერაბიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას, რადგან მას ორ საქმეზე უკვე აქვს შეფარდებული პატიმრობა. სასამართლო პროცესზე არდასწრება კი მისი გადაწყვეტილება იყო. ადვოკატისვე ცნობით, ის დაესწრება საქმის არსებით განხილვებს და შეეცდება დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა.

 

სასამართლო დღეს, 28 ივნისს, განიხილავს გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული დავით ქოქიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხსაც.

 

დავით ქოქიაშვილს ბრალი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 27 ივნისს წაუყენა. სამართალდამცავი უწყების ცნობით, ქოქიაშვილის ბრალი სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის წინააღმდეგ 2006 წელს ჩადენილ დანაშაულში განზრახ იყო დაფარული. დავით ქოქიაშვილის ადვოკატი თემურ ქუტიძე აცხადებს, რომ ქოქიაშვილი თავს დამნაშავედ არ სცნობს და მისი მონაწილეობა ამ საქმეში მხოლოდ და მხოლოდ იმ ავტომობილის მართვით შემოიფარგლება, რომლითაც სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ოქროყანაში აიყვანეს. დავით ქოქიაშვილს ბრალი წამებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის აქვს წაყენებული.

 

პროკურატურა  გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დღესვე წაუყენებს ბრალს კუდ–ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას, რომელიც გირგვლიანის წამებისა და მკვლელობის შემკვეთად დასახელდა პროკურატურის მიერ. 

 

2012 წლის დეკემბერში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო, რის შედეგადაც შსს–ს ყოფილ რამდენიმე მარალჩინოსანს ბრალდება წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, სანდრო გირგვლიანის წამებისა და მკვლელობის საქმე განზრახ არ იქნა გამოძიებული და წლების წინ დაიმალა რეალური დამნაშავეების მონაწილეობა საქმეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი