ახალი ამბები

გიგა ბოკერია: საზოგადოებას ბოდიში უნდა მოვუხადოთ

28 ივნისი, 2013 • • 2605
გიგა ბოკერია: საზოგადოებას ბოდიში უნდა მოვუხადოთ

როგორც ბოკერიამ “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, ეს ყველაფერი წინა ხელისუფლების პოლიტიკური გუნდისთვის სერიოზული დარტყმაა.

  

“მე არ გახლდით საქართველოში და ამ თემაზე კომენტარი არ გამიკეთებია. მინდა შევეხო იმ უმძიმესს კადრებს, რაც საზოგადოებამ იხილა. მე ჯერჯერობით არ ვიცი გამოძიების დეტალები, კერძოდ, სად და როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ვიცით, რომ  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები არიან დაკავებული. პირდაპირ ვიძახი, ეს არის ძალიან სერიოზული დარტყმა ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც ამ დროს ხელისუფლებაში ვიყავით. ეს არის ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რისთვისაც საზოგადოებას ბოდიში უნდა მოვუხადოთ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

მისი თქმით, მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო, რომ არსებულიყო ეფექტური მექანიზმები, რომელიც ამას არ დაუშვებდა. ბოკერია  არ იზიარებს იმ დასკვნებს, რომელიც, მისი თქმით, აღნიშნული კადრების შემდეგ  ავტომატურად გაკეთდა, რომ თითქოს წამების ეს მექანიზმები ვარდების რევოლუციის შემდგომი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ შეიქმნა და მანამდე საქართველოში წამება არ არსებობდა:

 

“ამას არათუ არ ვიზიარებ, მიმაჩნია, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე. რაღაც შეიძლება იყოს დაფარული სისტემაში, მაგრამ, საერთო ჯამში, ყველა ამ ქვეყანაში ცხოვრობდა და ყველამ იცის, რომ ეს პრაქტიკა ძალიან ფართოდ იყო მოდებული მანამდე. სამწუხაროდ, ეს იყო ნაწილი საბჭოთა ტრადიციის, პოსტ-საბჭოთა ტრადიციის და ვარდების რევოლუციამდე ეს დიდ აღშფოთებას არც იწვევდა, აღშფოთებას როგორ არ იწვევდა, მაგრამ აღსანიშნავიც არ იყო. რა თქმა უნდა, ეს არ ამართლებს იმას, რაც ჩვენ დროს მოხდა, ამის თქმა არ მინდა, უბრალოდ, მე მინდა ვთქვა, რომ წარმოდგენა, რომ ეს პრობლემა შეიქმნა მაშინ, არ არის სწორი, მაგრამ ჩვენი უმძიმესი შეცდომაა, რომ ციხეში, რაც ნამდვილად ვიცით და იმის იქით, რაც ჯერ ბოლომდე არ ვიცით, იმიტომ, რომ ფაქტები არ გვაქვს, იყვნენ ადამიანები, ვინც ასეთ დანაშაულს სჩადიოდნენ. ეს ადამიანები უნდა იყვნენ დასჯილნი”.

 

გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

 

უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ კითხვას, იყო თუ არა ეს სისტემური პრობლემა სამართალდამცავ უწყებაში, პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. მისი თქმით, შეიძლება იმის თქმა, რომ პენიტენციალურ სისტემაში ამ პრობლემას სისტემური ხასიათი ჰქონდა, რადგან ამ დასკვნის გაკეთების საფუძველი გასულ წელს ე.წ. ციხის სკანდალის გამომზიურების შემდეგ ჩატარებული გამოძიებაა, რომელიც წინა ხელისუფლებამ ჩაატარა.

 

” იყო თუ არა აქ, სამართალდამცავ ორგანოში სისტემური პრობლემა – ეს გამოძიებამ უნდა აჩვენოს. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, პოლიცია დიდი სტრუქტურაა და ის ცვლილებები, რომელიც საქართველოში განხორციელდა 2003 წლის შემდეგ, პირიქით, იყო აღმოფხვრა იმ ფართოდ გავრცელებული პრაქტიკისა, რასაც წამება ერქვა, გვახსოვს [ფანჯრებიდან] გადმოხტომები… ეს დამალულიც კი არ იყო, იმდენად მიღებული პრაქტიკა იყო მაშინ. ამის წინააღმდეგ დიდი ძალისხმევა იქნა მიმათული, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს აშკარად არ აღმოჩნდა საკმარისი. რომც გაირკვეს, რომ ეს იყო სრულიად იზოლირებული შემთხვევა, ის თავის სიმძიმით მაინც ძალიან მძიმე დანაშაულია და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქ არსებობს და მე იმედი მაქვს, რომ გამოძიება მივა ბოლომდე და დასჯის ყველას, ვინც რაიმე კავშირში იყო ამ დანაშაულთან”.

 

მისივე განცხადებით, წუხილის საფუძველს იძლევა ის, რაც მოხდა ციხის ე.წ. სკანდალის გამოძიების შემთხვევაში:

 

“ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც საკმარისზე მეტი მტკიცებულებები იყო, და ეს ხალხი იქნა დაკავებული წინა ხელისუფლების დროს, როცა ის ინფორმაცია გამომზეურდა, ახლა მათ მიიღეს ძალიან მსუბუქი სასჯელი ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩემთვის გაუგებარი და საგანგაშოა ეს გადაწყვეტილება”, – განცხადა მან და დასძინა, რომ საგანგაშო გარემოებებს ცოტა ხნის წინ შსს-ს მიერ აღმოჩენილი მასალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებითაც ხედავს.

 

“ნაცვლად პრიორიტეტისა, რომ ვინც მართლა იყო ამაში გარეული, ისინი იქნენ დასჯილი, არის აშკარად მცდელობა ამ ამბის გამოყენებისა პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის და პოლიტიკური ტერორისთვის პოლიტიკური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელზეც მე თვითონ მოგახსენეთ, დასკვნების გამოტანა არის ამომრჩევლის გადასაწყვეტი. ის, რომ დღეს ჯერჯერობით ხელისუფლება ცდილობს არა დამნაშავეების დადგენას, არამედ კუდიანებზე ნადირობის ატმოსფეროს შექმნას, ეს არის დიდი შეცდომა, რომელმაც, შესაძლოა, ცუდი შედეგები მოგვიტანოს. მე იმედი მაქვს, რომ ეს კურსი იქნება გადახედილი”.

 

მისივე თქმით, შსს-ს მიერ ზემოხსენებული წამების ამსახველი კადრების სხვადასხვა ჯგუფებისათვის რამდენჯერმე ჩვენება სწორედ იმ კონტექსტის ნაწილია, რომ დამნაშავეების დადგენაზე მუშაობის ნაცვლად კუდიანებზე ნადირობის ატმოსფეროს შექმნა მიმდინარეობს. უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კადრები ისეა დაფარული, რომ იქ ადამიანების იდენტიფიცირება არ ხდება, მაშინ არ დგება მსხვერპლის უფლებების დარღვევის საკითხი.

 

“აქ უფრო დიდი პრობლემა არის ის, თუ ზოგადად რა ამოცანა გაქვს თავში. ის, რომ ჩვენ დროს ეს შესაძლებელი გახდა, ეს არის ჩვენი ძალიან სერიოზული… მაგრამ როდესაც ასეთი რამე აღმოაჩინე, როგორც ჯერ კიდევ ჩვენ დროს მოხდა [ე.წ. ციხი სკანდალისას] დაკავება იმათი, ვინც იყო გარეული და გარეულში არ ვგულისხმობ მარტო იმათ, ვინც აწამებდა, ვინც ავალებდა და ასე შემდეგ, მაგრამ, ბუნებრივია, ამისთვის არის საჭირო მტკიცებულებები, ამაზე უნდა მუშაობდეს გამოძიება და როცა გამოძიება მორჩება, მერე შეიძლება შედეგები და დამნაშავეები საზოგადოებას ამცნო და ეს იქნება გზავნილი საზოგადოებისთვის. ჩვენ აქ ვხედავთ სხვა პრიორიტეტბს. ეს არის  ძალიან დიდი პრობლემა. განსხვავება პოლიტიკურ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობებს შორის ან შეგნებულად, ან შეუგნებლად არ ესმის ხოლმე ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს. ეს ჯდება იმ კონტექსტში, რასაც პრემიერ-მინისტრი ხშირად ამბობს ხოლმე: “მე ეს ოპოზიცია კი არ მინდა, მინდა ეს”. მე არ ვარ კრიტიკის წინააღმდეგი, მაგრამ ტყუილებს ვერ ავიტან. ამ ხალხს არ ესმის, დემოკრატია გულისხმობს იმას, რომ ვინც ძალიან არ მოგწონს, ეგეთი ხალხიც არსებობს და საუბრობს, აბა ვინც მოგწონს, იმათი საუბარი არასოდეს პრობლემა არ იქნება”.

 

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამეგრელოში აღმოჩენილი იარაღის სამალავი მისი ნებართვით შეიქმნა. პრეზიდენტის თქმით, ეს სამალავი რუსეთის მხრიდან აგრესიის განახლების საფრთხეს უკავშირდებოდა. ამასთან, პრეზიდენტმა ეჭვქვეშ დააყენა გამოძიების ვერსია იმის შესახებ, რომ სამალავებში წამების ამსახველი ფირები იქნა აღმოჩენილი:

 

“საწყობებში რომ ვიდეოკადრები არ იყო, მე მგონი, ყველა ვხვდებით”, – განაცხადა მან.

 

“ნეტგაზეთის” კითხვას, იზიარებს თუ არა იგი პრეზიდენტის მოსაზრებას ფირების თაობაზე, ბოკერია შემდეგნაირად პასუხობს:

 

“მოდით, ამ თემას საერთოდ არ შევეხები. თავისთავად ყოველთვის ჩნდება ხოლმე კითხვა, როცა ახალი ხელისუფლება აღმოაჩენს ხოლმე ადგილს, სადაც მთელი სისხლის სამართლის კოდექსი ჩამოწერილივით არის ერთად, მაგრამ ჩემთვის ამ მომენტში ეს არ არის მთავარი”.

 

შსს–ს მიერ აღმოჩენილი იარაღი
შსს–ს მიერ აღმოჩენილი იარაღი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი