ახალი ამბები

მელორ ვაჩნაძე: თუ ჩხარტიშვილი მიჩივლებს, მეც ვუჩივლებ[VIDEO]

19 ივნისი, 2013 • 1511
მელორ ვაჩნაძე: თუ ჩხარტიშვილი მიჩივლებს, მეც ვუჩივლებ[VIDEO]

“დღეს განაცხადეს, რომ ჩხარტიშვილს ჩემ წინააღმდეგ შეაქვს სარჩელი. ჩვენ გვაქვს სიტყვის თავისუფლება და თუ ასე არაა, მაშინ ჩხარტიშვილს მოუწევს მთელ საქართველოს უჩივლოს. თუკი მე დამიბარებენ სასამართლოში, მზად ვარ გამოვცხადდე და პასუხი ვაგო ყველა ჩემს სიტყვაზე, მაგრამ თუკი მიჩივლებენ, მეც ვუჩივლებ იმის გამო, რომ ცილი დამწამეს, თითქოს ვინმესგან ვიყო მართული”, – განაცხადა მელორ ვაჩნაძემ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ორგანიზებულ აქციაზე.

 

აქცია ყოფილი ბიზნემენთა ასოციაციის შენობასთან გაიმართა. აქციის მონაწილეებს შორის ის ადამიანებიც იყვნენ, ვინც წლების წინ ანაბრები დაკარგა, ისინი ამაში ვანო ჩხარტიშვილს ადანაშაულებენ და ანაბრების დაბრუნებას ითხოვენ.

 

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ პროკურატურას, დაინტერესდეს ვანო ჩხარტიშვილის საქმიანობით:

 

“ვანო ჩხარტიშვილი არ არის ბიზნესმენი, მან საკუთარი ბიზნესი გაჭირვებული ხალხის ძარცვით ააწყო. მან წაართვა მოსახლეობას ანაბრები, ასევე მიითვისა ბადრი პატარკაციშვილის ქონება, რომელიც მას მართვის უფლებით ჰქონდა გადაცემული. პატარკაციშვილის ბიზნესის მისაკუთრებაში მას ადეიშვილი და კეზერაშვილი დაეხმარნენ. ვანო ჩხარტიშვილის ადგილი არის ციხეში”, – განაცხადა მელორ ვაჩნაძემ.

 

მისი თქმით, აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს და გაგრძელდება იქამდე, სანამ პროკურატურა სათანადო რეაგირებას არ მოახდენს. მელორ ვაჩნაძემ აღნიშნა, რომ მას გააჩნია დოკუმენტაცია, რომლითაც ჩხარტიშვილის თაღლითური საქმიანობის სქემა კარგად ჩანს:

“ამ დოკუმენტებს ცოტა ხანში წარმოგიდგენთ, გავმართავ პრესკონფერენციას. ეს დოკუმენტები ადასტურებს, როგორ ხდებოდა ფულის გათეთრება ნოტარიუსის მეშვეობით ღამის სამ და ოთხ საათზე”, – განაცხადა ვაჩნაძემ.

 

ვანო ჩხარტიშვილის პრეს–სამსახურის ცნობით, მელორ ვაჩნაძის წინააღმდეგ ვანო ჩხარტიშვილის პატივისა და ღირსების შელახვისთვის სარჩელი მზადდება, რადგან ყოფილმა პოლიტპატიმარმა საკუთარ facebook გვერდზე მას მატყუარა და მოროდიორი უწოდა. ჩხარტიშვილის პრეს–სამსახურში აცხადებენ, რომ ვაჩნაძის და მისი მომხრეების ქმედებები კარგად ორგანიზებული შავი პიარია, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გორდება.

 
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მელორ ვაჩნაძე
მელორ ვაჩნაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი