ახალი ამბები

ბურჯანაძე: სანამ ჟენევაში შეკრება მოხდება, “საზღვარი” უკვე რკინა–ბეტონით იქნება აშენებული

30 მაისი, 2013 • • 1329
ბურჯანაძე: სანამ  ჟენევაში შეკრება მოხდება, “საზღვარი” უკვე რკინა–ბეტონით იქნება აშენებული

როგორც ბურჯანაძემ დღეს, 30 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არის უმძიმესი და ძალიან მტკივნეული საკითხი. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, “უნდა გვესმოდეს და არ უნდა გვიკვირდეს, რომ ჩვენს გარდა, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს არავინ დაიცავს”.


“არ უნდა გვქონდეს ცრუ ილუზიები, რაც მე ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინე, რომ ვინმე ჩვენი ინტერესების განხორციელებას დაიწყებს, ჩვენი აქტიური მოქმედებებისა და ბრძოლის გარეშე”.

ბურჯანაძის შეფასებით, დიცის ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ძალიან გაურკვეველია.

“მე დღეს მოვისმინე, რომ ჩვენ თურმე უნდა ველოდოთ მომავალი თვის ბოლოს ჟენევაში როდის შეიკრიბება სამუშაო ჯგუფი, რომ ეს საკითხი განიხილონ… ან უნდა ველოდოთ ერთი კვირა კარასინთან შეხვედრას, თან ძლივს გავარკვიეთ იქნება თუ არა ამაზე კარასინთან საუბარი. ასეთი თემები გადადებას არ ითმენს და თვეობით, ან თუნდაც კვირების განმავლობაში ლოდინი არ შეიძლება იმიტომ, რომ თვის ბოლომდე, სანამ ეს შეკრება მოხდება ჟენევაში, ე.წ. საზღვარი უკვე რკინა–ბეტონის კონსტრუქციით იქნება აშენებული და გაცილებით უფრო ძნელი იქნება ამ პრობლემის მოგვარება, ვიდრე ეს იქნებოდა დღეს და მაშინ, როცა პირველი ნიშნები გამოჩნდა იმისა, რომ საზღვრის გადმოწევა ხდებოდა. მე არ მესმის, ჩვენ რას ველოდებით? ასევე გაოცება იყო გამოხატული იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ითვალისწინებს რუსეთი ჩვენ ინტერესებს და რატომ უნდა გაითვალისწინოს? როცა ქვეყნის უმაღლესი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები კვლავ ეძახიან რუსეთს ოკუპანტს, აგრესორს და იგივე რიტორიკას ინარჩუნეებნ, რაც ახლოს არის ნაციონალური მოძრაობის რიტორიკასთან”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ დღემდე არ გადაიდგა ნაბიჯი იმისათვის, რომ მოხდეს უმაღლესი რანგის შეხვედრა რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთან.


“ამ ფონზე რატომ გვიკვირს ჩვენ, რომ რეალური პოლიტიკური გარღვევა ამ მიმართულებით არ არის? ჩვენი ინტერესები, რომ იქნას გათვალისწინეული რუსეთის ან ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს მხრიდან, ამას უნდა მუშაობა და არა ერთთვიანი ლოდინი იმისათვის, თუ როდის ჩატარდება ჟენევაში შეხვედრა, რომელიც როგორც წესი სამწუხაროდ, უშედეგოდ მთავრდება ხოლმე”.


ნინო ბურჯანაძე, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ამბობს, რომ ქვეყანის მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს ისეთი  პოლიტიკოსი, რომელიც შეძლებს ტელეფონის ყურმილის აღებას, დარეკვას მეზობელი სახელმწიფოების პირველ პირებთან და როგორც მინიმუმ უარყოფითი დინამიკის შეჩერებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი