ახალი ამბები

მუშების აქცია პარლამენტთან

16 აპრილი, 2013 • • 1489
მუშების აქცია პარლამენტთან

როგორც მუშები ამტკიცებენ, აზერბაიჯანული კომპანია „აკორდი“ მათ დღეში 25 ლარს უხდიდა, თუმცა გუშინ  ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე“ ხელფასი 5 ლარით შეუმცირეს. 

 

“დეკემბრის თვიდან 25 ლარს ვიღებდით. მანამდე 20 ლარს. მაშინ ის არ უთქვამთ, რომ რამდენიმე თვით გვიმატებდნენ. ეგ კი არა, პრემიებს და კიდევ გაზრდას გვპირდებოდნენ, მაგრამ გუშინ მოვიდა სახელფასო დღე და შემცირებული დაგვირიცხეს,”- ამბობს კარლო მშვილდაძე.

 

მისივე თქმით, ადმინისტრაცია როგორც ქართველ, ასევე აზერბაიჯანელ მუშებს ექმუქრება:

 

“აზერბაიჯანელები დაგვიდგნენ გვერდში, მაგრამ შეაშინეს, რომ თუ არ იმუშავებთ, სხვებს მოვიყვანთო. ჩვენც მაგას გვეუბნებიან.”

 

კიდევ ერთი მუშის, როდამი ტყეშელაშვილის თქმით, როცა კონტრაქტი გააფორმეს, მათთვის ასლი არ გადაუციათ:

 

მუშების აქცია პარლამენტთან
მუშების აქცია პარლამენტთან

“დამქირავებელია და ოფიციალურად დაგვიქირავა. კონტრაქტების ასლი ხომ უნდა მოეცათ? არ მოგვცეს. სამჯერადი კვებაა კიდევ, მაგრამ რად გინდა? ისეთი კვებაა, ვერ ვინელებთ. “

 

მუშების განმარტებით, სანამ ადმინისტრაცია მათ დღიურად იგივე თანხას არ გადაუხდის, მანამდე არ იმუშავებენ.

 

დღევანდელ აქციას საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის იმერეთის ოფისის წარმომადგენლები შეუერთდნენ:

 

“სამართლიანია ამ ხალხის მოთხოვნა. ხელფასი ჰქონდათ 25 ლარი და მარტის თვის ხელფასი მისცეს 20 ლარი. ადმინისტრაცია ეუბნება, გაფრთხილებული გვყავდით და დაგავიწყდათო. არა მგონია, ამ ქვეყანაში ვინმეს ავიწყდებოდეს, რამდენი აქვს ხელფასი,”- განაცხადა ირაკლი იობიძემ.

აქციის შემდეგ მუშებმა პარლამენტს წერილობით მიმართეს და მათი პრობლემების შესწავლა მოუწოდეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი