ეკონომიკა

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში “ვითიბი ბანკმა” 15 სესხი დაამტკიცა

28 მარტი, 2013 • 1404
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში “ვითიბი ბანკმა” 15 სესხი დაამტკიცა

ბანკის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში “ვითიბი ბანკში” 100–მდე განაცხადია შესული. განაცხადების საერთო მოცულობა შეადგენს 2 მილიონ ლარს.

 

“ჯერჯერობით ყველა მიღებული განაცხადი 2 კომპონენტის ფაგრლებშია, რომელიც ითვალისწინებს 5000-დან 100 000 ლარამდე სესხის გაცემას, არაუმეტეს 8%-სა. კრედიტის მიზნობრიობა ითვალისწინებს სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დაფინანსებას”, – აცხადებენ “ვითიბი ბანკში”.

 

ვითიბი ბანკი სამივე კომპონენტში მონაწილეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობით დაკავებული ნებისმიერი ადამიანისთვის, ვითიბი ბანკში შესაძლებელი იქნება აგროსესხის აღება პროექტით გათვალისწინებული ნებისმიერი მიზნობრიობით.

 

უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) ითვალისწინებს 6- თვიან უპროცენტო განვადებას მცირე ფერმერებისთვის, სათესლე და სარგავი მასალის, პესტიციდების და ვეტპრეპერატების შესაძენად. ფერმერს საშუალება ეძლევა გამოიტანოს მაღაზიიდან ჩამოთვლილი საწარმოო საშუალებები, ხოლო სეზონის დასრულების შემდეგ დაფაროს მათი ღირებულება. კრედიტის მოცულიბა არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.

 

შეღავათიანი აგროკრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დაფინანსებას. კრედიტის თანხა განისაზღვრა  5000-დან 100 000 ლარამდე. მეწარმეებისთვის და ფერმერებისთვი სესხის განაკვეთი იქნება არაუმეტეს 8%-ისა. 

 

შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის ითვალისწინებს ახალი სასოფლო-სამეურნიო საწარმოების შექმნას და არსებული საწარმოების ტექნოლიგიურ გადაიარაღებას. კრედიტის თანხა განისაზღვრა 30 000-დან 600 000 აშშ დოლარამდე. საპროცენტო განაკვეთი – არაუმეტეს 3%-ისა. სესხის მაქსიმალური ვადაა 7 წელი.

 

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში 11 ბანკი და ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჩაერთო. ამის შესახებ გუშინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ განაცხადა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში მონაწილეობენ შემდეგი ბანკები: “ბაზისბანკი”, ბანკი “კონსტანტა”, ბანკი “რესპუბლიკა”, ბანკი “ქართუ”, “ვითიბი” ბანკი, “თიბისი” ბანკი, “კორსტანდარტ” ბანკი, “კრედო”, “კრისტალი”, “ლიბერთი ბანკი”, “პროკრედიტბანკი”, “საქართველოს ბანკი” და “ხალიკბანკი”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი