ახალი ამბები

მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების არგუმენტები

7 მარტი, 2013 • • 1202
მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების არგუმენტები

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური ფონი ძალიან მძიმეა:

„პოლიტიკური ფონი არის ძალიან მძიმე, იქ აშკარად, ტელევიზიაში დაპირისპირება წარმოიშვა პოლიტიკური ხაზებითაც. გენერალური დირექტორი აღმოჩნდა ტრიპოლსკისთან დაახლოებული. ბრალდებებია წაყენებული საინფორმაციო დეპარტამენტის მიმართ. ისე მოხსნეს თანამშრომელი, რომ ბორდი ჩაერია, გადააყენა, ახლა ბორდს ბრალდება კიდევ, რომ ის კიდევ სხვა პოლიტიკური გუნდის ხალხია.”

მისივე განმარტებით, წინა ხელისუფლების დროს იყო გარკვეული პრობლემები:

„საბოლოო ჯამში, შემოდის კანონპროექტი, რომელიც ამ ბორდს დაშლის, უმრავლესობით აირჩევს ახალს. ეგ ნიშნავს, რომ გაცხადებულად, ღიად, ძალიან დიდი რისკია იმისა, გახდეს „ქართული ოცნების“ და უშუალოდ  მთავრობის დანამატი ეს ტელევიზია. მე ვაღიარებ, რომ წინა წლებში პრობლემები შეიძლება ყოფილიყო, ზედმეტი სიახლოვე ხელისუფლებასთან, ამ პრობლემებიდან ნელ-ნელა გავდიოდით და ახლა ისევ შევბრუნდებით უკან.”

საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრის ზურაბ ჯაფარიძის აზრით კი, კანონპროექტში არის საკითხები, რომლებზეც მსჯელობა შეიძლება:

„არსებობს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის – ევროპის საპარლამენტო ასამბლეა, ევროსაბჭო, ეუთოს ზედამხედველობის კომისია, რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა და ასე შემდეგ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ორგანიზაციის კვლევები არსებობს და კვლევები არსებობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყანაში ყველაზე დაბალანსებული და ყველაზე ობიექტური მაუწყებელია. ამ ფონზე ამ კანონის ინიცირება, ჩვენი აზრით, არის ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს, რომ დღეს არსებული ბორდი  შეიცვალოს და საზოგადოებრივი მაუწყებელი დაექვემდებაროს ხელისუფლებას. ამის გამო უმცირესობის რაღაც ნაწილმა წინააღმდეგ მისცა ხმა, მე პირადად თავი შევიკავე, რადგან იქ იყო საკითხები, რომლებზეც მსჯელობა შეიძლება.“

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ ცვლილებების მიზანი ტელევიზიის კონტროლისგან გათავისუფლებაა:

„არსებობს გარკვეული სადავო საკითხები და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვმსჯელობთ უმცირესობასთან ერთად. ჩვენ გვსურს დავასრულოთ ისეთი ტიპის კონტროლი თავისუფალ მედიაზე, როგორიც ჰქონდა დამყარებული ნაციონალურ მოძრაობას.“

ჩაფიძე ამტკიცებს, რომ წინააღმდეგ შემთხევაში ოქტომბერში ცუდი მდგომარეობა შეიქმნება:

„იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ცვლილებები, სწორედ ოქტომბერში შეიქმნება საფრთხე, რომ ქართული ოცნება იყოს საკანონმდებლო ხელისუფლებაში უმრავლესობით, იყოს მთავრობაში, მოიყვანოს პრეზიდენტი, რომელიც კოალიციის წარმომადგენელი იქნება და სრულად გააკონტროლოს ეს სივრცე, რაც იქნება ძალიან რთული, რადგან პრეზიდენტს ექნება სწორედ საბჭოს ყველა წევრის დანიშვნისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა. ჩვენ ვცდილობთ სწორედ ამ საფრთხეების დივერსიფიკაციას. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეწოლისგან და საზოგადოებრივი მაუწყებელი დავუბრუნოთ საქართველოს მოქალაქეებს.“

უმრავლესობის კიდევ ერთი  წევრი ანი მიროტაძე უმცირესობის პრეტენზიებს არაარგუმენტირებულს უწოდებს. მიროტაძე ასევე აცხადებს, რომ არ მოსწონს არჩევის წესის შემოთავაზებული ვარიანტი:

„უმცირესობის არგუმენტი ვერ გავიგე, არგუმენტს თუ მეტყვიან,  ამის  შემდეგ ვილაპარაკოთ. ძალიან არასერიოზულია. რაც შეეხება არჩევის წესს, ჩემთვის ესეც ცოტა მიუღებელია, მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, მაგრამ ახლა პრინციპების დონეზე განვიხილავთ და მხარი დავუჭირე, ცხადია. მიმაჩნია, რომ საზოგადოება თვითონ უნდ აკომპლექტებდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს. ცოტა რთული და ტექნიკური საკითხია, მაგრამ დარწმუნებული ვარ სამომავლო პერსპექტივაში სწორედ ასე იქნება.“

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ემზარ გოგუაძე აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის მიღების ნემდეგ არჩეულ ბორდს არ შეიძლება ხალხის ნდობა ჰქონდეს: 

„ეს ცვლილებები გამოიწვევს იმას, რომ ეს ბორდი საერთოდ არ იარსებებს და რაც იარსებებს, იმას არ შეიძლება ჰქონდეს მოსახლეობის ნდობის მანდატი იმიტომ, რომ მთავარი პრინციპი, რაც არის უწყვეტობის პრინციპი და არა ის, რომ დანიშნოს სახალხო დამცველმა. ამ შემთხვევაში სახალხო დამცველს უდიდესი ფუნქცია აქვს ქვეყანაში, მაგრამ რატომ უნდა დანიშნოს სახალხო დამცველმა ორი ადამიანი ბორდში, ასევე, უმნიშვნელოვანეს ორგანოში ქვეყნისთვის. კარგი, ცალკეული წევრი  შეიძლება მნიშვნელობით ნაკლებია, მაგრამ ის ბორდი მნიშვნელობით ნაკლები როგორ არის, ვიდრე სახალხო დამცველი?!”

გოგუაძე ალტერნატიულ ვარიანტზე საუბრობს:

„ჩემი აზრით, ნომინირება უნდა მოხდეს არა პრეზიდენტის, რახან ეს დილემური საკითხია, არამედ სპეციალური კომისიის მიერ, რომელსაც თავად შექმნის პარლამენტი და არა გაურკვეველი ცალკეული ადამიანები, აუცილებლად თავად პარლამენტი და აუცილებლად პარლამენტარებისგან. ასეთი მოდელი მუშაობს შვედეთში და ახალი ველოსიპედის მოგონება არ არის საჭირო.“

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მედიაანალიტიკოსი მამუკა ანდღულაძე მიიჩნევს, რომ კანონის დადებითი და უარყოფითი მხარეები  გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გამოჩნდება:

„უნდა ვთქვათ, რომ კანონის მიხედვით ყოველთვის ყველაფერს ვერ გავთვლით. მთავარია კანონის ნორმალური რეპუტაცია და მისი აღსრულება, მაგრამ არის რაღაც მექანიზმები, რომლებშიც არის ჩადებული პოზიტიური განზრახვა, რომ იყოს შემცირებული პოლიტიკური ზეწოლა, ან პოლიტიკური ზეგავლენა. ის, თუ როგორ იმოქმედებს კანონი, ამას დრო გვიჩვენებს. დღევანდელი რეალობაც არ არის, რა თქმა უნდა, სახარბიელო და არაერთი განცხადება გაგვიკეთებია.”

მეორე არხის მთავარი პროდიუსერის დოდო შონავას აზრით, ცვლილებები საზოგადოების მხრიდან მეტ კონტროლს გამოიწვევს

„ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები წაადგება მაუწყებლის მომავალ ფუნქციონირებას და ხელს შეუწყობს საზოგადოების ჩართულობას. ჩვენი მიზანი ამ კანონპროექტის ჯგუფთან ურთიერთობის არის ის, რომ გაძლიერდეს საზოგადოების ზედამხედველობა და მონაწილეობა მაუწყებლის მუშაობაში. ასევე, ყველა მოქალაქემ იგრძნოს, რომ მისი ინტერესია გათვალისწინებული, საინფორმაციო გამოშვება იქნება ეს, თუ მთლიანად პროგრამირება ტელევიზიის.“

დღესვე პარლამენტის თავმჯდომარე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მედიაექსპერტებსა და ჟურნალისტებს ესაუბრა, რომლებმაც ცვლილებების პროექტის შემუშავებაში მიიღეს მონაწილეობა.  

„შეხვედრა გვქოდა სხვადასხვა საჟურნალისტო უწყებების პირებთან. იყვნენ ჟურნალისტები სხვადასხვა გაზეთებიდან და, აგრეთვე, საზოგადოებრივი მაუყებლიდან. დღევანდელი მათი სტუმრობა პარლამენტში განპირობებულია ახალი კანონპროექტის პაკეტით, რომლის განხილვასაც პარლამენტი უახლოეს დღეებში შეუდგება. ესაა კანონპროექტი, რომელიც მომზადებულია ჟურნალისტებისა და არასამთავრობოების მიერ და ითვალისწინებს მეტ გამჭვირვალობას. მათი ვიზიტი ქუთაისის პარლამენტში დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი. ამასთანავე, მათ ჩამოსვლას დაემთხვა ის მოვლენები, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარდა და, ბუნებრივია, ამ საკითხებზეც ვისაუბრეთ. მათ გადმომცეს თავიანთი შეშფოთება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომ ის გადაწყვეტილებები, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლობის საბჭომ მიიღო, შეშფოთებას იწვევს საბჭოსა და ჟურნალისტურ წრეებში,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე მტკიცებით, არხი ახალი ხელისუფლების გავლენის ქვეშ არ მოექცევა:

“მე მათ მოვახსენე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ემსახურება ხალხს და არა სხვა ჯგუფურ ინტერესებს. მათ მოვახსენე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობა ისე გათავისუფლდება ყოფილი ხელისუფლებისგან, რომ არ მოექცეს ახალი ხელისფლების გავლენის ქვეშ. არხი გასათავისუფლებელია ძველი ხელისუფლებისგან. ეს ასე იყო წლების განმავლობაში და გრძელდება დღესაც. უნდა იყოს ჟურნალისტების აზრი, შრომითი კოლექტივის აზრი გასათვალისწინებელია და მაყურებლის. ჩვენ, პარლამენტი წვლილს შევიტანთ, დავხვეწთ ამ კანონპროექტს.”

ცვლილების შესამებისად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პარლამენტში შეიქმნება კომისია, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარადგენს. არსებული კანდიდატურებიდან 3 საპარლამენტო უმრავლესობამ, 3 უმცირესობამ, 2 სახალხო დამცველმა და 1 აჭარის ტელევიზიამ უნდა აირჩიოს.

საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლის გარდა, კანონპროექტი must carry-სა და ელექტრონული მედიის ფინანსური გამჭვირვალობის  საკითხებსაც მოიცავს, ასევე, აჭარის ტელევიზიის გარდაქმნას საზოგადოებრივ მაუწყებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი