ახალი ამბები

გაათავისუფლებს თუ არა ცვლილებები “საზოგადოებრივ მაუწყებელს” პოლიტიკური ზეწოლისგან

7 მარტი, 2013 • 1163
გაათავისუფლებს თუ არა ცვლილებები “საზოგადოებრივ მაუწყებელს” პოლიტიკური ზეწოლისგან

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორებს მიაჩნიათ, რომ ეს მაუწყებელს პოლიტიკური ზეწოლისგან დაიცავს. კანონპროექტი, რომელიც ავტორებმა პარლამენტში ჯერ კიდევ გასული წლის 26 დეკემბერს შეიტანეს, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს არჩევის წესს მთლიანად ცვლის. სამეურვეო საბჭოს აქამდე არსებული 15 წევრი ცვლილებების შედეგად 9-მდე შემცირდება. გარდა ამისა, საბჭოს წევრთა კანდიდატებს პრეზიდენტი აღარ შეარჩევს, როგორც ეს აქამდე იყო. 

ცვლილების შესამებისად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პარლამენტში შეიქმნება კომისია, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარადგენს. არსებული კანდიდატურებიდან 3 საპარლამენტო უმრავლესობამ, 3 უმცირესობამ, 2 სახალხო დამცველმა და 1 აჭარის ტელევიზიამ უნდა აირჩიოს.

საბჭოს წევრთა არჩევის ასეთი მოდელი კანონპროექტის ავტორთა მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტად მიიჩნევა. 

“ეს კეთდება იმისთვის, რომ საბჭო ქმედუნარიანი და დაბალანსებული იყოს. ამ პირობებში შეუძლებელი იქნება საბჭოს გადაწყვეტილებები რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ მიკერძოებული იყოს,”- ამბობს თამარ კორძაია, “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტში შესატანი ცვლილებების თანაავტორი.

 

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი პარლამენტში მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომელსაც მხარი “კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის” დაუჭირა. ვინაიდან განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მოიწონა კანონპროექტი, მის ინიცირებასაც ის მოახდენს.

ამ კომიტეტის წევრი, ელისო ჩაფიძე, რომელიც ხელისუფლების ცლილებამდე სწორედ ამ საინიციატივო ჯგუფს წარმოადგენდა, ამბობს, რომ ცვლილებების განხილვის დროს, ბევრ საკითხზე დისკუსია იქნება.

 

“ცვლილები იმიტომ არის საჭირო, რომ მხოლოდ პრეზიდენტი არ წყვეტდეს საბჭოს წევრების დანიშვნის საკითხს. თუმცა ამ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ ისეთ საკითხებზე, უნდა ჰქონდეს თუ არა პრეზიდენტსაც კანდიდატის არჩევის შესაძლებლობა. ხომ არ უნდა გაიზარდოს საბჭოს წევრთა რაოდენობა და ა.შ.”

სწორედ ახალი ხელისუფლებისა და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის  სურვილს უწოდებს “მაუწყებლის შესახებ” კანონში ცვლილებების პაკეტს საპარლამენტო უმცირესობა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ჩიორა თაქთაქიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ამ კანონპროექტზე საუბარს სწორედ ივანიშვილის განცხადებებით იწყებს.

“კარგად გვახსოვს ივანიშვილის გამონათქვამები, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ჭეშმარიტად ობიექტური მაუწყებელი უნდა გახდეს. ამის შემდეგ გვახსოვს ხადურის 50-კაციანი რაზმის შეჭრა, დღემდე საზოგადოებისთვის უცნობია ამ შემოწმების შედეგები, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ შემოწმების პარალელურად გაურკვეველ ვითარებაში გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურია გადადგა თანამდებობიდან. ამის შემდეგ ხდება უკვე კანონპროექტის ინიცირება. ბოლოს კი ახალი ამბების პოლიტიკის განმსაზღვრელის, ხათუნა ბერძენიშვილის გათავისუფლება ხდება,”- ამბობს თაქთაქიშვილი.

მისივე თქმით, კანონპროექტში სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი ვერ უზრუნველყოფს საბჭოს დამოუკიდებლობას და 1990-იან წლებში აღმოჩნდება სწორედ იმის გამო, რომ უმრავლესობა მმართველი პარტიის პოლიტიკის მხარდამჭერი იქნება.

“პირველი, თავისთავად ბორდის წევრების 15–დან 9–მდე შემცირება ნამდვილად არ უწყობს ხელს იქ განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების და ჯგუფების წარმოდგენას, მეორე, ვინ ირჩევს ამ ადამიანებს. პირველი, ეს არის თვითონ პარლამენტი და საპარლამენტო უმრავლესობა. მეორე, ეს არის “ქართული ოცნების” მიერ ცალმხრივად დანიშნული სახალხო დამცველი, რომლის დანიშვნის პროცედურამაც თავისთავად ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. საუბარია იმაზე, რომ სამი წევრი უნდა იყოს არჩეული თითქოს ოპოზიციიდან, მაგრამ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან კარგად იცით, რომ არჩევნების შემდგომ განხორციელებული ზეწოლის შედეგად შეიქმნა ე.წ. დამოუკიდებელ დეპუტატთა ფრაქცია, ასე რომ, ამ ფრაქციასაც უნდა ჰყავდეს ამ ჩანაწერის მიხედვით წარმომადგენელი და მათი წარმომადგენელი ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება ოპოზიციად, ”- ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი.

გარდა ამისა, “ნაციონალურ მოძრაობა” რისკებს საბჭოს წევრთა დათხოვნის ფორმაში ხედავს. ცვლილების შემდეგ, თუკი პარლამენტმა ის შეუცვლელად მიიღო, სამეურვეო საბჭოს უნდობლობას პარლამენტი გამოუცხადებს.

თამარ კორძაია, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი აქ რისკებს ვერ ხედავს. მისი თქმით, კრიტერიუმები, რომლის მიხედვით პარლამენტი საბჭოს წევრებს უნდობლობას გამოუხატავს, ობიექტურია და არ არსებობს რისკები, რომ გადაწყვეტილება უსამართლოდ იქნება პარლამენტის მიერ მიღებული.

“თუ მან პროგრამული პრიორიტეტებისა და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულება ვერ უზრუნველყო, ამ შემთხვევაში პარლამენტი მას უნდობლობას გამოუცხადებს.”

საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლის გარდა, კანონპროექტი must carry-სა და ელექტრონული მედიის ფინანსური გამჭვირვალობის  საკითხებსაც მოიცავს, ასევე, აჭარის ტელევიზიის გარდაქმნას საზოგადოებრივ მაუწყებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი