ახალი ამბები

ბაქრაძე: მზად ვართ დღესვე ავამოქმედოთ ის მუხლები, რაც მთავრობას აღელვებს

15 თებერვალი, 2013 • 1476
ბაქრაძე: მზად ვართ დღესვე ავამოქმედოთ ის მუხლები, რაც მთავრობას აღელვებს

“ჩვენი შეთავაზებაა, რომ ახალი, ოქტომბრის კონსტიტუციის დიდი ნაწილი ამოქმედდეს დღესვე და არ დაველოდოთ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს. ვფიქრობ, ეს უკიდურესად კონსტრუქციული შეთავაზებაა და ამ პროცესში მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის იყო ზრუნვა არა იმაზე, თუ ვის რა უფლებამოსილება ექნება და ვინ რამდენად მყარად იგრძნობს თავს საკუთარ სკამზე, არამედ ზრუნვა ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანაზე”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

ბაქრაძის თქმით, ამ საკითხზე შეთანხმება ხელს შეუწყობს სხვა საკითხების დარეგულირებას ქვეყანაში სიტუაციის დასამშვიდებლად და აუცილებელია:

 

“მათ შორის ამ დაპატიმრებების და დაკავებების ტალღის შესაჩერებლად. უკვე შემიძლია დავადასტურო რომ უმრავლესობის მხრიდან პოზიტიური რეაგირება მოჰყვა ამ საკითხებს”, – აცხადებს ბაქრაძე.

 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, რომელიც პირადად მონაწილეობს პარლამენტის თავმჯდომარესთან მოლაპარაკებებში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ მუხლებზე, რომელთა ამოქმედება შეიძლება დღესვე:

 

“ვმუშაობთ უკვე კონკრეტულ მუხლებზე, თუ რა ნაწილი კონსტიტუციის შეიძლება ამოქმედდეს დღესვე. ჩვენ საუბარი გვაქვს კონსტიუციის დიდი ნაწილის დღესვე ამოქმედებაზე, თუმცა არა მთლიანად. ჩვენი პოზიციაა, რომ ყველა იმ თემასთან მიმართებაში, რაც აწუხებს მთავრობას, კერძოდ, ეს არის ურთიერთობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, მთავრობას და პარლამენტს შორის, პარლამენტს და პრეზიდენტს შორის, ყველა ამ ნაწილთან ურთიერთობაში ჩვენ მზად ვართ ვიყოთ კონსტრუქციულები, მზად ვართ, რომ ეს ნაწილი პრაქტიკულად მთლიანად ავამოქმედოთ დღესვე”.


შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისგან წამოვიდა “კარგი ინიციატივა”, რომ კონსტიტუციის სხვა მუხლებიც ამოქმედდეს დღესვე, რაც შემდეგში დაადასტურა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი