სამართალი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თარგამაძეზე ძებნა გამოაცხადა

14 თებერვალი, 2013 • 1418
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თარგამაძეზე ძებნა გამოაცხადა

ინფორმაციას ამის თაობაზე რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ

 

“თარგამაძე ბრალდებულია რუსეთის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობების ორგანიზებაში “მარცხენა ფრონტის” კოორდინატორთან – სერგეი უდალცოვთან, კონსტანტინე ლებედევთან და ლეონიდ რაზვოზჟაევთან ერთად. ამ დროისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მიიღო ოფიციალური პასუხი იმის თაობაზე, რომ თარგამაძე არ ფლობს არანაირ იმუნიტეტს სისხლის სამართლებრივი დევნისგან,” – ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

 

იქიდან გამომდინარე, რომ თარგამაძე არ არის რუსეთის მოქალაქე, მისი ბრალდებულად ცნობა რუსეთის გამოძიებას არ შეეძლო მანამ, სანამ არ გამოარკვევდა სარგებლობდა თუ არა ის რაიმე იმუნიტეტით.

 

გივი თარგამაძე/ფოტო: ალექსანდრე იმედაშვილი, რია ნოვოსტი
გივი თარგამაძე/ფოტო: ალექსანდრე იმედაშვილი, რია ნოვოსტი

“დღეს თარგამაძეზე გამოძიებამ გამოაცხადა ძებნა და უახლოეს მომავალში გამომძიებლები მოითხოვენ სასამართლოსგან მისთვის წინასწარ პატიმრობას,” – აცხადებენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.

 

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე და 212-ე მუხლებით.

 

გასული წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გივი თარგამაძე აფინანსებდა “მარცხენა ფრონტის” ლიდერს სერგეი უდალცოვს, დუმის დეპუტატის ილია პონომარიოვის თანაშემწეს ლეონიდ რაზვოზჟაევს, რუსეთის სოციალისტურის მოძრაობის აქტივისტს კონსტანტინე ლებედევსა და სხვა ოპოზიციონერებს, რომლებსაც თითქოს სურთად რუსეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. ამ დროისთვის რაზვოჟაევი და ლებედევი პატიმრობაში იმყოფებიან. გამოძიებას საფუძვლად დაედო НТВ-ს ეთერში გასული ფილმი “პროტესტის ანატომია 2”.

მასალების გადაბეჭდვის წესი