ახალი ამბები

რეინტეგრაციის სამინისტრო: კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არ უნდა ზღუდავდეს ადამიანის უფლებებს

11 თებერვალი, 2013 • 1707
რეინტეგრაციის სამინისტრო: კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არ უნდა ზღუდავდეს ადამიანის უფლებებს

 “ჩვენი ეს ნაბიჯი პირველ რიგში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეა და სრულიად აბსურდულია აპელირება იმაზე, რომ ეს რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესებში შედის, მითუმეტეს, რუსეთის ინტერესებში. 


ნებისმიერი კანონი და განსაკუთრებით კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ უნდა იცავდეს პირველ რიგში სახელმწიფოს ინტერესებს, მაგრამ ამავდროულად არ უნდა ზღუდავდეს ადამიანის უფლებებს. პრაქტიკაში ბევრჯერ იყო ისეთი შემთხვევა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, მგალითად მეზღვაურები, რომლებმაც საერთოდ არ იცოდნენ ამ კანონის დებულებების შესახებ და მათზე ხდებოდა შემდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა და მძიმე დანაშაულის შეფარდება, ამ შემთხვევაში ეს არის ლიბერალიზებული და სამართლებრივად გამართული,”- ამბობს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ ქეთევან ციხელაშვილი. 


შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამართეს აქცია კანცელარიასთან და პარლამენტს მოუწოდებენ არ დაუჭიროს მხარი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს.


“მიგვაჩნია,  რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შერბილება იქნება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დათმობის გზაზე და ის ხელს შეუწყობს ოკუპირებული რეგიონების არაღიარებული პოლიტიკის ჩაშლას, ამიტომ მოვუწოდებთ პარლამენტს არ დაუჭისო მხარი მთავრობის ინიციატივას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 21 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. მათ შორის ტოლერანტობის სახლი,  მოძრაობა საქართველო ოკუპაციის გარეშე, თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრი და სხვები.


დაახლოებით 60 ადამიანი მონაწილეობს საპროტესტო აქციაში. 

ცვლილებების მიხედვით, რომელსაც აქციის მონაწილეები აპროტესტებენ, რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელი – ჯარიმა ამოქმედდება, სისხლისსამართლებრივი დევნა კი კანონის ხელმეორედ დარღვევისას დაიწყება. ცვლილების ინიციატორი რეინტეგრაციის სამინისტროა.

ამჟამად მოქმედი კანონის მიხედვით რუსეთიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა სისხლის სამართლის დანაშაულია.


მასალების გადაბეჭდვის წესი