ახალი ამბები

ვახტანგ ხმალაძე: გასაკეთებელი და გამოსასწორებელი ძალიან ბევრია

10 თებერვალი, 2013 • • 1119
ვახტანგ ხმალაძე:  გასაკეთებელი და გამოსასწორებელი ძალიან ბევრია

“თუ პრეზიდენტი გულწრფელი იყო თავის განცხადებაში, რაშიც მე მთლად დარწმუნებული არ ვარ, მაშინ მის ნათქვამ სიტყვას უნდა მოჰყვეს საქმეც. ეს საქმე იქნება პირველ რიგში იმ კონსტიტუციური პრობლემის გადაჭრა, რომელიც დღეს არსებობს და პრეზიდენტს აძლევს სრულიად გაუმართლებელ უფლებას გადააყენოს მთავრობა და პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნოს ახალი მთავრობა. ამ საკითხის გადაჭრა იქნებოდა სწორედ იმ სიტყვის საქმედ ქცევის დაწყება. მერე უკვე ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი. გასაკეთებელი და გამოსასწორებელი ძალიან ბევრია და თუ ეს გამოსწორდება საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, ეს მხოლოდ წაადგება ქვეყანას”– განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ეთერით. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს 8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკიდან უნდა მიემართა საზოგადოებისთვის, რადგან პარლამენტში მისი ყოველწლიური გამოსვლა, რომელიც 8 თებერვალს უნდა გამართულიყო, გადაიდო.  ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების გამო პრეზიდენტმა მოსახლეობას პრეზიდენტის სასახლიდან მიმართა, სადაც განაცხადა:

“პრეზიდენტის გამოსვლა იყო გადადებული ულტიმატური ფორმით, რომ პრეზიდენტი ვერ გამოვიდოდა პარლამენტში მანამ, სანამ უმცირესობა არ დათანხმდებოდა იმ საკონტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ეხება პრეზიდენტს – ექნება თუ არა მას მთავრობის დათხოვნის უფლება. ეს უფლება ძალიან ეფემერულია და მე ძალიან კარგად მესმის, რომ დათხოვნა მთავრობის 3-4-5-6 თვეში არის დამანგრეველი, პირველ რიგში, იმისთვის, ვინც ამას გააკეთებს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით  უმრავლესობას სურს მისი “ეფემერული უფლებამოსილების შეზღუდვა”. სააკაშვილის განცხადებით,  ეს არ არის პრინციპული საკითხი, რომლის გამოც ის და მისი მომხრე უმცირესობა არ უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

პრეზიდენტმა ასევე დაასახელა ის ორი საკითხი, რომლის გამოც ის არ უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს არის პარლამენტის თბილისში გადმოტანა და პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევითობის გაუქმების საკითხი. 

“ვეთანხმებით პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას, არ ვეთანხმებით ქუთაისიდან პარლამენის გადმოტანას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი