სამართალი

ირაკლი ოქრუაშვილს ყველა ბრალდება მოეხსნა

7 თებერვალი, 2013 • • 1942
ირაკლი ოქრუაშვილს ყველა ბრალდება მოეხსნა

დღეს სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე ზვიად ესებუას განჩინებით,  პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ოქრუაშვილს ბრალი მოეხსნა და გაუუქმდა შეფარდებული გირაო 15 000 ლარის ოდენობით.

 

ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს:

 

“უახლოეს დღეებში საჯარო ბოდიშის მოხდას მოვითხოვ მიხეილ სააკაშვილისგან ყველა იმ პერიპეტიებზე, რაც ჩემთან დაკავშირებით ხდებოდა გასული წლების განმავლობაში. ძალიან მარტივად გამოჩნდა, რომ ყველა ბრალდება იყო შეთითხნილი, დამყარებული იყო აბსურდულად არაფერზე და ცარიელ ქაღალდებზე. შესაბამისად, ამ ხუთი წლის განმავლობაში ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი ყველა ბრალდება, რომელზეც ფილმები იყო გადაღებული, ერთ დღეში გაბათილდა.”

 

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, რომ არა ადვოკატების ძალისხმევა და პროკურატურის ადეკვატური რეაქცია, ალბათ, გართულდებოდა ამ სასამართლოს პირობებში სიმართლის დამტკიცება:

 

“ეჭვი არ მეპარებოდა, როცა მოვდიოდი საქართველოში, რომ ამას მაინც შევძლებდი.”  

 

ადვოკატი ზვიად კორძაძის განცხადებით, მან ირაკლი ოქრუაშვილის საქმე 2012 წლის 20 ნოემბრიდან ჩაიბარა:

 

“გვჯეროდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს ნაბიჯ–ნაბიჯ გავასწორებდით. ირაკლის მიმართ ყველა ბრალდება მოხსნილია, რადგან არ არსებობდა მტკიცებულებები. პროკურატურა საკმაოდ კარგად მუშაობდა.”

 

“ირაკლი ოქრუაშვილს თავდაცვის მინისტრობის პერიოდში  სამსახურებრივ უფლებამოსილების გადამეტება  ედებოდა ბრალად.  

 

ბრალდების თანახმად,  ირაკლი ოქრუაშვილმა  სამშენებლო ფირმებს –  ,,ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის” და ,,პრიზას”,  უპირატესობა მიანიჭა  და გააფორმა ხელშეკრულებები სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებზე. ბრალის მიხედვით, ამ საწარმოებმა შეასრულეს ათობით მილიონი ლარის სამუშაო, საიდანაც კომპანიებმა ასიათასაობით ლარი მიითვისეს.

 

ასევე ირაკლი ოქრუაშვილს ბრალად ედებოდა, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, უპირატესობა მიანიჭა ფირმა ,,TRANSPORT DEVELOPMENT LTD”-ს, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება 4.000 ტონა საწვავის მიწოდებაზე. ამ შემთხვევაში ფასი მეტი აღმოჩნდა იმავე პერიოდში საქართველოში საწვავის სხვა მომწოდებლის ფასზე, რის გამოც სახელმწიფომ იზარალა 205.500 აშშ დოლარი, მასვე ბრალად ედებოდა, თითქოს 2007 წლის აპრილში  სხვა პირებთან ერთად შეიძინა ქ.თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ფართი, რაშიც გადაიხადა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 1.800.000 აშშ დოლარი და ამ გზით მოახერხა მისი ლეგალიზება. გამოძიებისას დადგინდა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს ორივე შემთხვევაში ხელს აწერს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი, ამჟამად ძებნილი იასონ ჩიხლაძე. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, მის  მიმართ მტკიცებულებები არ მოიპოვება არც ერთ ზემოხსენებულ ეპიზოდში.

 

ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ  სასამართლო განხილვები მიმდინარეობდა კიდევ  3 საქმეზე. ერთ-ერთს იხილავდა თბილისის სააპელაციო სასამართლო და ეხება ქრთამის აღებას. ეს ეპიზოდი საზოგადოებისთვის  ცნობილია, როგორც ჯეოსელის აქციების უკანონოდ დაუფლების ფაქტი. აქ ბრალდების ძირითად და ერთადერთ პირდაპირ მოწმეს წარმოადგენდა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი, რომელმაც უარყო ადრე მიცემული ჩვენებება. დიმიტრი ქიტოშვილმა განმარტა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ იძულებით მისცა ცრუ ჩვენება. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა თითქმის ამოწურულია, ამ საქმეშიც პრაქტიკულად აღარ არსებობს მტკიცებულება, რომლებიც საფუძვლად დაედო წარდგენილ ბრალდებას  და, შესაბამისად, პროკურატურამ უარი თქვა ბრალდებაზე ხსენებულ საქმეშიც.

 

რაც შეეხება დანარჩენ 2 საქმეს, რომელსაც იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2 სხვადასხვა შემადგენლობა: ოქრუაშვილს ბრალად ედებოდა უკანონო ფორმირების შექმნა, დაკავშირებული 2011 წლის ცნობილ მოვლენებთან და სამსახურებრივი გულგრილობა, რაც ეხება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული ფირმა „მეველ კორპორეიშენის” მეშვეობით 63.000.000 საბრძოლო ვაზნის შეძენას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი