ახალი ამბები

ივანიშვილი: პოლიციელებს ‘ინფო 9’ აბალანსებდა

24 დეკემბერი, 2012 • • 945
ივანიშვილი: პოლიციელებს ‘ინფო 9’ აბალანსებდა

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკურად იმდენად სტაბილური მდგომარეობა შეიქმნება, რომ ვერც ერთი პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი მედიასაშუალების მფლობელობით ვერ “ააყირავებს” პოლიტიკურად სტაბილურ სიტუაციას.

 

შეკითხვაზე, წინასაარჩევნო პერიოდში რატომ შეიქმნა პრემიერ–მინისტრის დაფინანსებით ორი მედიასაშუალება – “მეცხრე არხი” და “ინფო ცხრა”, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ისეთ რთულ სიტუაციაში, როცა მედიის აბსოლუტური უმრავლესობა მონოპოლიზებული იყო მმართველი ხელისუფლების მიერ, მედიასაშუალების შექმნა ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგი იყო:

 

“ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები თუ არსებობს – ეს როგორ გავბედე, ძალიან არასწორად კეთდება ანალიზი. ინფორმაციული გარღვევა კი არ მოხდა ამ ორი ტელევიზიის შექმნით, არამედ მოხდა ხელისუფლების სახის კარგად წარმოჩენა. არ მინდოდა სააკაშვილზე ბევრი აქცენტები, მაგრამ სიამაყით თქვა, აბა, “მეცხრე არხი” როგორ შეიქმნაო?! არაფერიც არ შეიქმნა, ლიცენზია ჰქონდა “მაესტროს”, “მაესტროს” ეომებოდნენ, და რაც კარგი მოხდა, “მეცხრე არხის” ბაზაზე გაძლიერდა “მაესტრო”, იმიტომ, რომ ის ძალადობა, რაც მიმართული იყო “მაესტროზე”, მთლიანად გადმოვიდა “მეცხრე არხზე” და “ინფო 9″–ზე.”

პრემიერ–მინისტრის განცხადებითვე, “მეცხრე არხის” შექმნის დროს გამოვლენილ შემთხვევებზე გამოძიება ჩატარდება:

 

“გამოძიებები მანდაც გაიმართება, გვინდა თუ არ გვინდა, რამდენი აპარატურა დაწვეს, ამტვრევდნენ აპარატურას, რომელიც “მეცხრე არხისთვის” შემოდიოდა. თვითონ ამ პროცესმა, “მეცხრე არხის” დაფუძნებამ, ძალიან ბევრი რამ გამოამჟღავნა, თუ როგორ ძალადობდა ხელისუფლება კერძო მედიაზე, რა მოხდა თეფშებზე, ამ ყველაფერმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ,”– განაცხადა პრემიერმა.

 

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ “მეცხრე არხი” დარჩება მედისაშუალებებს შორის:

“მე-9 არხი” უნდა დარჩეს აუცილებლად, მე დამარწმუნეს ამაში, მქონდა შეხვედრა დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან და ძალიან კატეგორიული პოზიცია აქვთ და მე ყველაფერს ამისთვის გავაკეთებ”. 

განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა “მე-9 არხთან” დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ერთი თვის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც ამ ტელევიზიიის “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” შესაძლო ინტეგრაციაზე ისაუბრა, თუმცა მოგვიანებით ივანიშვილმა განაცხადა, რომ აღარ მოხდება ამ ორი ტელევიზიის შერწყმა.

“მაგრამ, ამავდროულად, ის კითხვები, რაც ჩნდება საზოგადოებაში, რომ პრემიერ-მინისტრს და მის ოჯახს არ უნდა ჰქონდეს არავითარი შეხება ტელევიზიასთან, ძალიან ვცდილობ და ვეძებ ფორმებს, რომ არ დავტოვოთ ეს კითხვები,” – აცხადებს ივანიშვილი.

ამის მიუხედავად, ტელეკომპანია “მე-9 არხის” მფლობელად კვლავ რჩება ბიძინა ივანიშვილის მეუღლე – ეკატერინა ხვედელიძე. ტელევიზიაში რამდენიმე კვირის წინ შეიცვალა ხელმძღვანელი, რასაც მოჰყვა ჟურნალისტების ნაწილის პროტესტი. მას შემდეგ ტელევიზიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კახა ბექაური ლუბა ელიაშვილმა შეცვალა. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, პროდიუსერებისა და ჟურნალისტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს ტელევიზია.

მასალების გადაბეჭდვის წესი