ახალი ამბები

მეჩითოვი და ხუნდაძე კულტურის მინისტრის მოადგილეები აღარ არიან

3 დეკემბერი, 2012 • • 1971
მეჩითოვი და ხუნდაძე კულტურის მინისტრის მოადგილეები აღარ არიან

“საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს მმართველი გუნდის ოპტიმიზაციისა და რესტრუქტურიზაციის პროცესი. ამ ეტაპზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობენ მინისტრი გურამ ოდიშარია და ორი მოადგილე – ალექსანდრე მარგიშვილი და მარინე მიზანდარი. რაც შეეხება, ხათუნა ხუნდაძესა და იური მეჩითოვს, ისინი რჩებიან კულტურის სამინისტროში. მათი ფუნქციები და სტატუსი განისაზღვრება ოპტიმიზაციის პროცესის დასრულებისთანავე”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა “ფეისბუქში” რამდენიმე კვირის წინ გახსნა გვერდი “გადადგეს მეჩითოვი”. ისინი აპროტესტებდნენ იური მეჩითოვის ინტერვიუს, რომელიც რუსმა ბლოგერმა ჩაიწერა თვეების წინ. მეჩითოვის მიერ აღნიშნულ ვიდეოში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მოქალაქეებსა და რუსეთზე გამოხატული მოსაზრებები გახდა მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის პროტესტის მიზეზი.

 

რაც შეეხება ხათუნა ხუნდაძეს, მინისტრის მოადგილედ მისი დანიშვნისთანავე მოქალაქეებმა აქტიურად დაიწყეს მისი “ფეისბუქის” სტატუსების გაკრიტიკება, სადაც ხუნდაძე უცენზუროდ მოიხსენიებდა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი