ხელოვნება

შეჩერდება თუ არა საქართველოს დიდ ქალაქებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები

22 ნოემბერი, 2012 • 1558
შეჩერდება თუ არა საქართველოს დიდ ქალაქებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები

მრგვალი მაგიდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა თბილისში, მცხეთასა და თელავში მიმდინარე განაშენიანების, რესტავრაცია-რეაბილიტაციის საკითხებისა და ზოგადად ურბანული განვითარების ტენდეციების განხილვას. საბოლოოდ ჩამოთვლილ ქალაქებს ბათუმი, გორი და აბასთუმანიც მიემატა.

მრგვალ მაგიდას, კულტურის სამინისტროს, მერიისა და კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების გარდა, ურბანისტები, არქიტექტორები და საკითხის სხვა სპეციალისტები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე თითქმის ერთხმად გადაწყდა, რომ დღეს მიმდინარე მშენებლობები ყველა ქალაქში უნდა შეჩერდეს. თუმცა შეკრებილი საზოგადოება იმაზეც შეთანხმდა, რომ აღნიშნულის განხორციელება იოლად ვერ მოხერხდება.

მრგვალი მაგიდა კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ გახსნა:

“არის პროექტები, რომელიც არ არის აუცილებელი შეუთანხმო ყველას, თუმცა არის პროექტები, რომელიც აუცილებელია შეუთანხმო საზოგადოებას. როგორც ჩანს, ჩვენთან პროექტები ხალხთან შეუთანხმებლად ხორციელდებოდა, სწორედ ამიტომ ჩვენ კვირაში ერთხელ გვექნება მრგვალი მაგიდა, სადაც ასეთ მწვავე საკითხებს განვიხილავთ და იმედია, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მოხდება საერთო გადაწყვეტილებების მიღება”, – განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

შეხვედრას მოდერირებას კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი უწევდა. ის აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხით დიდი ხანია დაინტერესებულია, თუმცა შეხვედრის მოწყობას დღემდე ვერ ახერხებდა:

“მე ვმუშაობდი ევროპის სახლში, სადაც რამდენჯერმე მინდოდა გამემართა შეხვედრა, მომეწვია ის ადამიანები, ვისაც გული შესტკივათ ამ საკითხზე, მათ შორის მინდოდა მომეწვია ამ საქმეში ერთ–ერთი ყველაზე ჩახედული ადამიანი მაია მანია, მაგრამ პირდაპირ მითხრეს, რომ მაია მანიას ვერ მოვიწვევდი, რადგან ის იყო შავ სიაში”, – აცხადებს მინისტრის მოადგილე, თუმცა დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს. როგორც მარინე მიზანდარი ამბობს, მაშინვე დაუჭირა მხარი ამ საკითხზე მრგვალი მაგიდის მოწყობას, როგორც კი შესაძლებლობა მიეცა.

შეხვედრას ორგანიზაცია ICOMOS Georgia-ს, “ტფილისის ჰამქრის” და ძველი თბილისის დაცვის საზოგადოებრივი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შეხვედრაზე იმ ქუჩების თუ შენობების ჩამონათვალი წარმოადგინეს, რომელსაც კულტურის სამინისტრომ ყურადღება სასწრაფოდ უნდა მიაქციოს.

ჩამონათვალში მოხვდა– იმელის შენობა, გუდიაშვილის მოედანი, რიყის პარკი, ციხისუბანი, ერეკლე მეორეს მოედანი და თბილისში თუ სხვა ქალაქების ის ნაწილები, სადაც მიმდინარეობს ან დაგეგმილია მშენებლობა–რეაბილიტაცია.

სრული ჩამონათვალი შევიდა შეხვედრის ბოლოს შედგენილ დეკლარაციაში, სადაც აღნიშნულია, რომ ჩამოთვლილ ადგილებში მიმდინარე სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოები საფრთხეს უქმნის კულტურულ მემკვიდრეობას.

დეკლარაციას ხელი დარბაზში შეკრებილთა დიდმა ნაწილმა მოაწერა. ხელისმომწერთა მოთხოვნა მშენებლობების დაუყოვნებლივ შეჩერება და დამოუკიდებელ ექსპერტთა საბჭოს შექმნაა, რომელიც შემდეგ უფრო კონკრეტულად განიხილავს თითოეულ საკითხს.

მერიის წარმომადგენლების განცხადებით, პროექტების შეჩერება შეუძლებელია, რადგან ჩამონათვალში მოხვდა შენობები, საიდანაც მოსახლეობა ქირითაა გაყვანილი და რომელთა მშენებლობაც აუცილებლად უნდა დასრულდეს.

 

მიუხედავად ამისა, მშენებლობების შეჩერების მოთხოვნით სამინისტრო პირველ რიგში თბილისის მერიას მიმართავს.

მარინე მიზანდარის განცხადებით, ის შეცდომები, რაც უკვე დაშვებულია, არა მხოლოდ პოლიტიკური ან კონკრეტული ადამიანების ნებას, არამედ კანონმდებლობასაც უკავშირდება, რომელშიც უამრავი ხარვეზია და სამინისტრო უახლოეს მომავალში კანონში ცვლილებებთან დაკავშირებითაც იმსჯელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი