ახალი ამბები

გიორგი კალანდაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება არ შეჩერებია

9 ნოემბერი, 2012 • 1330
გიორგი კალანდაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება არ შეჩერებია

საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს პრეროგატივაა და ამიტომ პროკურატურას არ მიუმართავს სასამართლოსთვის გიორგი კალანდაძის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.

 

რჩება თუ არა გიორგი კალანდაძე ისევ საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე? – ამ საკითხზე არც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აქვთ ზუსტი პასუხი:

 

“სასამართლომ ეს უნდა გააკეთოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ან პრეზიდენტის ბრძანებულება უნდა იყოს. თუმცაღა ამ დროისთვის ჩვენს სამინისტროში მსგავსი დოკუმენტი არ არის ჯერჯერობით მოსული.”

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გაგი მოსიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ გიორგი კალანდაძე შესაძლოა დაუბრუნდეს სამსახურებრივ მოვალეობას საქმის გამოძიებამდე:

 

“როდესაც ხდება კონკრეტული პირის მიმართ გამოძიების წარმოება და გამოძიებაშია საქმე, ეს უბრალოდ არის პროკურატორის პოზიცია, შეუჩერებს თუ არა თანამდებობრივი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას. კანონმდებლობით ეს ადამიანი არის უდანაშაულო, უდანაშაულობის პრეზუმპციიდან გამომდინარე. თეორიულად დიდი შანსი არსებობს, რომ იგი დაუბრუნდეს თავის თანამდებობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის პროკურატურის პოზიცია, მას უფლება აქვს, რომ რადგანაც საქმის გამოძიების პროცესში შეაჩეროს მისი სამსახურეობრივი საქმიანობის უფლებამოსილება”, – აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

 

შეგახსენებთ, გიორგი კალანდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატების ბრალდებით 7 ნოემბერს დააკავეს და მას დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით 20 ათასლარიანი გირაო შეეფარდა. იგი გირაოს გადახდისთანავე გათავისუფლდება პატიმრობიდან და თუკი პროკურატურა არ მოითხოვს, შესაძლოა, ისევ გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე გააგრძელოს მუშაობა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა დაადასტურა, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი თბილისში, რომელიც ნოემბრის ბოლოს იყო დაგეგმილი, გაერთიანებული შტაბის უფროსის დაკავების გამო გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი