ახალი ამბები

‘სმარტ ლოჯიქის’ დირექტორი: ერთიან მონაცემთა ბაზაში ინახებოდა სამსახურებრივი მეილები [Video]

29 ოქტომბერი, 2012 • 2310
‘სმარტ ლოჯიქის’ დირექტორი: ერთიან მონაცემთა ბაზაში ინახებოდა სამსახურებრივი მეილები [Video]

“სსიპ “სმარტ ლოჯიქის” სტრატეგიული მიზანი იყო, მაქსიმალურად დაგვეზოგა ტექნოლოგიებზე გაწეული დანახარჯები. ეს იყო როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე, ადამიანური რესურსების ნაწილში. არც ერთ სამინისტროს აღარ სჭირდება იმ დიდი ფინანსური ხარჯის გაწევა, რაც IT გუნდს ესაჭიროება. შესაბამისად, ისინი ძალიან მარტივად იღებდნენ ჩვენს სერვისებს. ინფორმაცია არ კონტროლდებოდა. სამსახურებრივი მიმოწერის მეილები ინახებოდა სერვერებზე, ერთიან მონაცემთა ბაზაში. თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე აქ იჯდა და ვინმეს მეილს აკონტროლებდა”, – ამბობს სხირტლაძე.  

რაც შეეხება დაფინანსებას, როგორ ხდებოდა სსიპ–ისთვის თანხების გამოყოფა, სხირტლაძე აღნიშნავს, რომ 2012 წელს ბიუჯეტი შეადგენდა 900 000 ლარს.

“ხოლო 2013 წლიდან ვფიქრობდით, რომ საბიუჯეტო სახსრებით არ ყოფილიყო “სმარტ ლოჯიქი” დაფინანსებული. მომსახურების სანაცვლოდ სამინისტროები გადმორიცხავდნენ გაცილებით ნაკლებს. ძალიან მცირე თანხები იქნებოდა საჭირო, გაცილებით მცირე, ვიდრე მათ დამოუკიდებელი გუნდების შენახვა დაუჯდებოდათ იმისათვის, რომ მიეღოთ მაღალი ხარისხის სერვისი. თუ გაიყოფიან სამინისტროები, ეს ხარჯი  გაცილებით მაღალი იქნება”, – მიიჩნევს სსიპ “სმარტ ლოჯიქის” დირექტორი მალხაზ სხირტლაძე.

დღეს, 29 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მისი უწყების მიერ პარლამენტის, აუდიტის სამსახურის, ენერგეტიკის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის და სხვა სამინისტროების პროგრამული უზრუნველყოფის ქსელებისა და კომპიუტერების მართვაზე უარი განაცხადა.

“ქვეყნის სწორი სახელმწიფოებრივი განვითარება მოითხოვს, რომ ხელისუფლების არც ერთი შტო არ ექვემდებარებოდეს მეორეს. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, შეწყდეს ჩემი უწყების მიერ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების პროგრამული უზრუნველყოფის მართვა. ეს იყო ზურაბ ადეიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რაც სრულიად დაუშვებელია”, – აღნიშნა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 1 მარტიდან მოქმედებს საქართველოს იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ბრძანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის “სმარტ ლოჯიქის” დებულების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი