ახალი ამბები

რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ

24 ოქტომბერი, 2012 • 1556
რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ

მოლაპარაკება „საქართველოს რკინიგზელთა პროფკავშირის“ წარმომადგენლებს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებსა და „საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას“ შორის გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა.  შეხვედრა რკინიგზის დეპარტამენტის ცენტრალურ ოფისში შედგა, შენობის გარეთ კი რკინიგზის გაფიცული თანამშრომლები იმყოფებოდნენ. 

 

რკინიგზელები ხელფასების 100%–იან მატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ზედმეტი სამუშაო საათების ანაზღაურებას და პროფკავშირული აქტიურობისთვის სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებების აღდგენას ითხოვენ.

 

„ვითხოვთ პირობების გაუმჯობესებას, ვითხოვთ 8-საათიან სამუშაო გრაფიკს და, რაც მთავარია, ხელფასების გაზრდას. 24 საათი ოჯახიდან გასულები ვართ და ვიღებთ მიზერულ თანხებს, მე პირადად მემანქანის თანაშემწე ვარ და მაქვს 640 ლარი, რაც დღევანდელი პირობებში არაფერში არ გვყოფნის“, – ამბობს საქართველოს რკინიგზის თანამშრომელი მამუკა ეგავა.

 

მოლაპარაკების დაწყებამდე რკინიგზის ადმინისტრაციამ  განცხადება გაავრცელა, რომელშიც თანამშრომლებს მატარებლების მოძრაობის შეფერხების თავშეკავებისკენ მოუწოდა და ხელფასების მატებას შეპირდა.

 

„2011 წელს ჩვენ შევპირდით ყველა რკინიგზელს, რომ ხელფასები გადაიხედებოდა „რკინიგზაში  დასაქმებულთა სახელფასო რანგირების პროგრამის“ ფარგლებში. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დანაპირები და ხელფასების მატება ეტაპობრივად განხორციელდა. 30 ნოემბრიდან კი საბოლოოდ შემდეგ რაოდენობას  მიაღწევს: მემანქანე – 1250, მემანქანის თანაშემწე – 900, დიდი დატვირთვის სადგურის უფროსები – 2500, დიდი დატვირთვის სადგურის მორიგეები – 750 დან 900 ლარამდე. გაიზარდა სალიანდაგოს მუშების ხელფასიც 500 ლარამდე, ხოლო სალიანდაგო–სარემონტოს მუშებს დაუწესდათ 100– ლარიანი სახელფასო დანამატი „სწრაფი რკინიგზის“ პროექტის ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში. 

 

როგორც რკინიგზელთა პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ ვიტალი გიორგაძემ განაცხადა, ეს მათი მოთხოვნების არასრული დაკმაყოფილებაა და პროფკავშირი ამ შეთავაზებას, განსაკუთრებით კი ვადებს ვერ დაეთანხმება: 

 

„ისინი ამბობენ, რომ  ეს მოხდება პირველი დეკემბრიდან, ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა კი არის, რომ ხელფასების მატება პირველი ნოემბრიდან მოხდეს. მსგავსი დაპირებები, როგორც წესი, არასოდეს სრულდებოდა ამ ხელმძღვანელობის მხრიდან.“

 

საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზის ასოციაციის დამფუძნებელი ელგუჯა ნუცუბიძე კი ამბობს,  რომ გავრცელებულ განცხადებაში ადმინისტრაცია იტყუება. მისი თქმით, შეპირებული 1250– ლარიანი ხელფასის შემთხვევაშიც კი მემანქანის ხელფასი მხოლოდ 80-100 ლარით გაიზრდება, მას შემდეგ, რაც ამ თანხას 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი გამოაკლდება. რაც შეეხება სადგურის უფროსებს, რომლებსაც ყველაზე მაღალი ხელფასები აქვთ, ნუცუბიძის განცხადებით, ისინი გაფიცვაში არც მონაწილეობენ. 

 

რკინიგზის დეპარტამენტთან შეკრებილი რკინიგზელების უფლებებს მხარს სტუდენტური გაერთიანება „ლაბორატორია 1918“-ის წევრებიც უჭერდნენ.

 

„ისინი ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ანაზღაურების მომატებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სამართლიანი მოთხოვნა.  უნდა შეიცვალოს შრომის კოდექსი, რადგან ახლანდელი კოდექსი არ არის დაბალანსებული, ის მხოლოდ დამსაქმებლების ინტერესს გამოხატავს და არის მოდერნიზებული მონობის კოდექსი საქართველოში“, – განაცხადა სტუდენტური გაერთიანების წევრმა ლევან აბაშიძემ. 

 

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ დღეს, მოგვიანებით გაავრცელებენ განცხადებას რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით.

 

შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს საქართველოს რკინიგზის დირექტორი ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან გადადგა.

რკინიგზელების პროტესტი
რკინიგზელების პროტესტი

მასალების გადაბეჭდვის წესი