15.02.2013

სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო

განათლება,

როდესაც განათლების სამინისტრომ მისაღები გამოცდების ახალ მოდელზე დაიწყო მუშაობა, გადაწყდა, რომ საატესტატო გამოცდების ჩატარებას გამონაკლისის სახით, წელს თავად სკოლები უზრუნველყოფენ, თუმცა გარკვეული რისკების გამო, სკოლების დირექციას ერჩივნა გამოცდების ჩატარების პროცესი ამჯერადაც ცენტრალიზებული ყოფილიყო.  

4+4 მოდელის საატესტატო გამოცდა სკოლებმა 2 ეტაპად, 15 თებერვლიდან 1 მარტამდე და 20 მაისიდან  29  მაისის ჩათვლით უნდა ჩაატარონ.

 

პირველი ოთხი გამოცდის ჩაბარება მოსწავლეებს გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბილოგიაში მოუწევთ. ეს ის საგნებია, რომლის სწავლებაც მეთორმეტეკლასელებმა ჯერ კიდევ მე-11 კლასში დაასრულეს. წელს კი, მათ მხოლოდ აბიტურის საათების დროს იმეორებდნენ. დანარჩენი ოთხი საგანი კი (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, მათემატიკა და ზოგადი უნარები) მე-12 კლასის სასწავლო პროგრამაშია და მათი სწავლა ჯერ არ დაუსრულებიათ.


თბილისის 55-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის 122-მა მოსწავლემ დღეს პირველი საატესტატო გამოცდა ჩააბარა. 55-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთია, რომელმაც გამოცდების ჩატარების დაწყება პირველივე დღეს, 15 თებერვალს გადაწყვიტა. 


თარიღის არჩევის გარდა, წელს სკოლებს გამოცდის ფორმის არჩევის საშუალებაც მისცეს, რომელიც მეთორმეტეკლასელებთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა.


55-ე საჯარო სკოლაში გამოცდის ჩატარება ტესტირების სახით გადაწყდა. ტესტები სკოლაშივე, საგნობრივმა კათედრებმა შეადგინეს. საგამოცდო კომისიაშიც კათედრების მიხედვით, ამავე სკოლის მასწავლებლები იქნებიან, რაც მოსწავლეებისთვის პოზიტიური მოვლენა აღმოჩნდა. 


55-ე საჯარო სკოლა, მზადება გამოცდებისთვის

55-ე საჯარო სკოლა, მზადება გამოცდებისთვის

"მოსწავლეებს 150 თემა მივეცით წინასწარ და იცოდნენ რა თემები უნდა გაემეორებინათ ტესტებისთვის," - ამბობს 55-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მედეა სამსონია.


კითხვაზე, არსებობს თუ არა იმის რისკები, რომ საგამოცდო ტესტების საკითხების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაცია უკვე ჰქონდეთ, მაგალითად იმ პედაგოგისგან, რომელთანაც აბიტურიენტი კერძოდ ემზადება, დირექტორის თქმით, არსებობს. 

 

სწორედ ამ რისკების გამო, რამდენიმე წლის წინ, სახელმწიფომ საატესტატო გამოცდა ცენტრალიზებული გახადა. 

 

"ეს რისკები გარდაუვალია. თუმცა, ჩვენ ჩვენს პედაგოგებს ვუკრძალავთ საკუთარი მოსწავლეების კერძოდ მომზადებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, კონტროლის მექანიზმები არ გვაქვს. გარდა ამისა, ძალიან შევეცადეთ, რომ გასაიდუმლოებული ყოფილიყო ტესტების შინაარსი. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებდა, ტესტები უფრო დაცული იყო,"- ამბობს სამსონია.

 

იმის მიუხედავად, რომ წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებს სრული თავისუფლება მისცა საატესტატო გამოცდების ჩატარების კუთხით და საატესტატო გამოცდების ქულებს უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდებისთვის მნიშვნელობა არ მიენიჭება,  სკოლების დირექცია მაინც პასუხისმგებლობას გრძნობს სამინისტროს წინაშე. 

 

"სკოლამ უნდა დაამტკიცოს, რომ მოსწავლემ დაძლია სტანდარტი. გარდა ამისა, ეს ხომ ერთგვარი პრეტესტია მისაღები გამოცდების,"- ამბობს სკოლის დირექტორი. 

 

კიდევ ერთი სირთულე, რომელზეც სკოლის დირექცია საუბრობს, ეს ტესტის შედგენა და სხვა ტექნიკური მხარეებია.

 

"ტესტის შედგენა არის საკმაოდ რთული. სოციომეტრული ტესტის ანალიზი ძალიან მცირე რაოდენობის სპეციალისტმა იცის საქართველოში. გარდა ამისა, გასწორების პროცესიც სუბიექტურია. მე ჩემს მიერ მიცემული განათლების ხარისხს არ უნდა ვამოწმებდე. შესაძლოა, მხოლოდ შიდა კვლევის მიზნით, სხვა მხრივ, ეს როლი განათლების სამინისტროს უნდა ჰქონდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ცენტრალიზების მომხრე ვარ,"- ამბობს სკოლის დირექტორი, მედეა სამსონია. 

 

საატესტატო გამოცდების წლევანდელ მოდელში აზრს ვერ ხედავს, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის, ზოგადი განათლების პროგრამის ხელმძღვანელი რეზო აფხაზავა. 

 

“თუკი სახელმწიფო ვერ ატარებს გამოცდას ცენტრალიზებულად, მე საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ გადაწყდა, რომ სკოლის დონეზე ჩატარებულიყო. რეალურად  გამოცდები მოიხსნა, უბრალოდ ამბობენ, რომ სკოლები ჩაატარებენ. სკოლები ხომ ისედაც ატარებდნენ გამოცდებს და აფასებდნენ ბავშვებს?! რომ არ იყო ეს ობექტური, მაგიტომაც გადავიდნენ საატესტატო გამოცდების ცენტრალიზებულად ჩატარებაზე. სკოლებს რესურსი არ გააჩნიათ, რომ უნიფიცირებული გამოცდები ჩაატარონ, სადაც მოსწავლეებს თანაბარი ხელმისაწვდობა და შანსები ექნებათ, ეს განათლების რეფორმის შემდეგი ეტაპია და არა ახლანდელი. წლების შემდეგ, როდესაც განვითარდება ინსტიტუციები ისე, რომ შეძლებენ დამოუკიდებლად ჩატარებას, ამის რესურსი სამინისტროს არ აქვს ახლა და სკოლას საიდან ექნება,"- ამბობს აფხაზავა ნეტგაზეთთან საუბარში.

 

გარდა ამისა, იმისთვის, რომ ატესტატი აიღონ, წელს მოსწავლეებს მეტი შესაძლებლობა მიეცათ. იმ შემთხვევაში თუ გამოცდების პირველ ეტაპს წარუმატებლად ჩააბარებენ, მათი განმეორებითი ჩაბარების შესაძლებლობას სკოლები მაისშიც მისცემენ. 

 
განათლების და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, მხოლოდ 2012–2013 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდებს სკოლა საგამოცდო ბაზებთან დაკავშირებული პრობლემების და რისკების გამო ატარებს.

 

2011 წლიდან საატესტატო გამოცდების ტექნიკურ უზრუნველყოფას სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ახორციელებდა.