ახალი ამბები

სააკაშვილმა შსს–ს სპეციალურ სახელისუფლებო კავშირებზე კონტროლი ჩამოართვა

8 ოქტომბერი, 2012 • • 5092
სააკაშვილმა შსს–ს სპეციალურ სახელისუფლებო კავშირებზე კონტროლი ჩამოართვა

მიხეილ სააკაშვილის 2012 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებულების მიხედვით, პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულებაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს“ საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი უნდა განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, სააგენტოს ხელმძღვანელს კი ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარდგენით. 5 ოქტომბრამდე აღნიშნული სააგენტო მთლიანად შინაგან საქმეთა სამინსიტროს დაქვემდებარებაში იყო, მას შემდეგ კი, რაც შს მინსიტრი “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება, მას ეს ფუნქცია არ ექნება.

 

 „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს“  ამოცანაა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის ფუნქციონირება, განვითარება და მართვა, განახორციელოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა.

 

 სააგენტო სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს:

 

ა) ქვეყნის უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირთა მუდმივი და/ან დროებითი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილებიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლას დახურული კავშირით, ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით სახელისუფლებო სპეციალური კავშირების ქსელის შიგნით;

 

ბ) სახელისუფლებო სპეციალური კავშირების ქსელის შიგნით, სახელმწიფო ხელისუფლების იმ დაწესებულებებში და სხვა ორგანიზაციებში, რომლებიც ახორციელებენ საქმის წარმოებას “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც საიდუმლო, ასევე ღია ინფორმაციის გაცვლის ოპერატიულობას, დაცულობასა და საიმედოობას;

 

გ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის დახურული კავშირით;

 

დ) სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის აბონენტებს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირით, მონაცემთა გადაცემის სერვისით, აგრეთვე, ტექნიკური პირობების არსებობის შემთხვევაში –ინტერნეტით.

 

სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო დაწესებულებებსა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს მოსთხოვოს მათ შენობებსა და საწარმოებში სააგენტოს მიერ გამოყენებული სპეციალური კავშირების სისტემის განთავსების ადგილებზე უცხო პირთა დაშვების შეზღუდვა, სააგენტოს მომსახურე თანამშრომლების შეუფერხებელი დაშვება და შესასრულებელი სამუშაოებისათვის ხელშეწყობა ყველა იმ ობიექტზე, რომელიც გამოიყენება სახელისუფლებო სპეციალური კავშირების განხორციელებისათვის; აგრეთვე, მათ სარგებლობაში არსებული იმ ქსელების, არხებისა და რადიო იხშირეების უპირატესი და შეუფერხებელი გამოყოფა, რომელიც აუცილებელია ექსტრემალური სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისათვის;  ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და/ან ვიზუალურად განახორციელოს სახელისუფლებო სპეციალური კავშირების ქსელისა და აპარატურის მუდმივი მონიტორინგი ინფორმაციის დაცულობის შესამოწმებლად სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემების განთავსებისა და ფუნქციონირების ადგილებზე;  კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემაში ჩასართავი ან ჩართული სააბონენტო და სხვა მოწყობილობების შემოწმება.

 

 “სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტო” არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის დაწესებულება.

მასალების გადაბეჭდვის წესი