06.02.2013

კონსერვატორები პარლამენტში ეროვნული სამოსით სიარულის უფლებას ითხოვენ

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება–კონსერატორების" წევრმა ბიძინა გუჯაბიძემ ბიუროს სხდომაზე წარმოადგინა რეგლამენტში ცვლილების პროექტი, რომლის მიხედვითაც დეპუტატებს უფლება ექნებათ პარლამენტის სხდომებს, საპროტოკოლო–საქმიანი სამოსის გარდა, ეროვნული სამოსითაც დაესწრონ.

ამჟამად მოქმედი რეგლამენტით პარლამენტარებს სხდომათა დარბაზში ყოფნა შეუძლიათ მხოლოდ საპროტოკოლო–საქმიანი ჩაცმულობით.


"იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა გუჯაბიძე არის კონსერვატორი, ჩვენ, კონსერვატორები, ეროვნული სამოსით, ჩოხით, რამდენჯერმე ვყოფილვართ პარლამენტში დღესასწაულებზე, გახსნაზე და ა.შ. ეროვნულ სამოსზე ხაზგასასმელად. ეს ფაქტობრივად იყო რეგლამენტის დარღვევა, რადგან ამას რეგლამენტი ამჟამად არ ითვალისწინებს. ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ ეს არ იყოს რეგლამენტის დარღვევა და ადამიანებს თავისუფლად შეეძლოთ პარლამენტში ეროვნული სამოსის ჩაცმა თუნდაც დღესასწაულებზე", – განუცხადა "ნეტგაზეთს" ფრაქცია "ქართული ოცნება–კონსერვატორების" წევრმა გიგა ბუკიამ. მისი თქმით, ეროვნული სამოსის ჩაცმა არ იქნება სავალდებულო ყველა დეპუტატისთვისაც და ვისაც სურს, ან ეროვნულ სამოსს ჩაიცვამს, ან პროტოკოლურ–საქმიანს. გიგა ბუკია ეროვნული სამოსით პარლამენტში სიარულის სურვილს ჩოხის, როგორც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სიმბოლური სამოსის, პოპულარიზების მიზნით ხსნის.

კონსერვატორები პარლამენტის გახსნისას ქუთაისში, ოქტომბერი. 2012/ფოტო: ზვიად ძიძიგურის ფეისბუქის ანგარიშიდან

კონსერვატორები პარლამენტის გახსნისას ქუთაისში, ოქტომბერი. 2012/ფოტო: ზვიად ძიძიგურის ფეისბუქის ანგარიშიდან