ახალი ამბები

სამინისტრო ციხის თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებას ეხმაურება

3 ოქტომბერი, 2012 • 1097
სამინისტრო ციხის თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებას ეხმაურება

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ადასტურებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ადმინისტრაციის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ გასაჯაროებული არ ყოფილა.

“საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პირადი საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა ან გავრცელება წარმოადგენს დასჯად ქმედებას. იმედს ვიტოვებთ, რომ საგამოძიებო ორგანოები ყურადღებით მოეკიდებიან აღნიშნულ ფაქტს და განახორციელებენ იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაცია კანონის მოთხოვნათა დარღვევით საჯარო გახადეს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამავდროულად, სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში –
სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.

“მოვუწოდებთ საზოგადოებას, თუ აქვთ ინფორმაცია სასჯელაღსრულების სისტემის რომელიმე მოხელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, ინფორმაცია მიაწოდონ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს და არ დაუშვან პირადი კომუნიკაცია ხსენებულ პირებთან ან/და მათი ოჯახის წევრებთან სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით რაიმე ზემოქმედების ან დასჯის მიზნით.

საზოგადოებას აქვე განვუმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ხელისუფლების წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მათ სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მათი ოჯახის წევრზე თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დანაშაულია”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი