ახალი ამბები

საია “ქომაგისთვის” მიმართვის გამო დაკითხულთა საქმეების შესწავლას ითხოვს

29 ივნისი, 2012 • 1085
საია “ქომაგისთვის” მიმართვის გამო დაკითხულთა საქმეების შესწავლას ითხოვს

საიას ადვოკატები იმ მოქალაქეებს გაესაუბრნენ, რომლებიც ფონდ ,,ქომაგისთვის” დახმარების თხოვნით მიმართვის შემდეგ მოდულის შენობაში მოწმის სახით დაიკითხნენ:

“მოქალაქეების – გივი ქურიძის, მანანა გურგენაშვილის, ლამზირა ყოჩიშვილის, ნუგზარ ბელქანიას მონათხრობების ურთიერთშეჯერების შედეგად იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მითითებულ პირთა მოწმის სახით დაკითხვის პროცესში ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს”, – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

საიას ინფორმაციით, 2012 წლის 9 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამ ადამიანებს სახლებში მიაკითხეს და მოტყუებისა და იძულების წესით მოდულის შენობაში წაიყვანეს. უმრავლეს შემთხვევაში პოლიციელებს სამოქალაქო ფორმა ეცვათ და თავიანთ ვინაობას მოწმის სახით დასაბარებელ პირებს არ უმხელდნენ:

“მართალია, მოდულის შენობაში დაკითხვის დროს მოქალაქეებს ეცნობათ, რომ მოწმის სახით იკითხებოდნენ, თუმცა, კონკრეტულად რა დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება, მათთვის არ აუხსნიათ. სამ მათგანს არ განემარტა ადვოკატის დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ”, – აცხადებენ საიაში.

 

საიას განცხადებაში აღნიშნულია რამდენიმე ფაქტიც, რომელიც, ახალგაზრდა იურისტთა აზრით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მაგალითად, ნ.ბელქანიას შემთხვევა,  მას სამუშაო ადგილას მიაკითხეს პოლიციელებმა, რომელთაც მანქანაში მისი არასრულწლოვანი შვილი ეჯდათ. ასევე გივი ქურიძის მონათხრობი, რომელიც დაავადებულია “ც” ჰეპატიტით, ღვიძლის ციროზით და ასციტით და მიუხედავად იმისა, რომ ქურიძე ახალი ნაოპერაციევი იყო, ჭრილობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშუშებული და ექიმიც წინააღმდეგი იყო, რომ საავადმყოფოდან გაეყვანათ, პოლიციელებმა მაინც წაიყვანეს იგი მოდულის შენობაში.

“მოვითხოვთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად და ობიექტურად შეისწავლოს ზემოთ მითითებული ფაქტები, რის შემდეგაც უნდა დადგინდეს, მოცემულ შემთხვევაში რა სახის სამართალდარღვევებს ჰქონდა ადგილი – დისციპლინურს თუ სისხლისსამართლებრივს”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი