კომენტარი

ლინკოლნ მიტჩელი: „სააკაშვილი რუსეთის საფრთხის საკითხს სათავისოდ იყენებს”

11 ივნისი, 2012 • 1977
ლინკოლნ მიტჩელი: „სააკაშვილი რუსეთის საფრთხის საკითხს სათავისოდ იყენებს”

– ბატონო მიტჩელ, ბათუმში ქართველი ჟურნალისტებიდან ჰილარი კლინტონისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა სახელისუფლებო ტელევიზიების ორ ჟურნალისტს მიეცა. კითხვები რუსეთის საქართველოში ხელახალი ინტერვენციის საფრთხეს ეხებოდა. ვიზიტამდე იგივე საფრთხეზე ხელისუფლების  წევრებმაც მიუთითეს. ნიშნავს ეს იმას, რომ ამ მიმართულებით ოფიციალური თბილისი უფრო მკვეთრ მესიჯს მოელოდა, ვიდრე განაცხადა სახელმწიფო მდივანმა?


 –  ჰილარი კლინტონი აშშ-ის სახელმწიფო მდივანია, ეს უსერიოზულესი პოსტია. განცხადების გაკეთებით ჰილარი კლინტონი საკუთარ პოზიციას დააფიქსირებდა. კლინტონმა თქვა, რომ სასურველია არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად, რადგან არასამართლიანი არჩევნები გულისხმობს პრობლემებს შეერთებულ შტატებთან, რომელსაც უკვე უჭირს საქართველოში არჩევნების გაყალბების ფაქტების იგნორირება. დამერწმუნეთ, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რუსული  საფრთხის შესახებ აშშ იმაზე უკეთესადაა ინფორმირებული, ვიდრე გგონიათ. უბრალოდ, გასაგებია, რომ სააკაშვილი რუსეთის საფრთხის საკითხს სათავისოდ იყენებს _ ეს სიმართლის უხეშად თქმაა, მაგრამ ფაქტია. ახლა, როცა არჩევნები მოახლოვდა, მთელ ხმაზე ალაპარაკდნენ რუსეთის საფრთხის შესახებ, რადგან სხვა სათქმელი გამოელიათ.

 

უკვე ნათქვამია, რომ ისინი დემოკრატიულ ქვეყანას აშენებენ, დასავლეთში სულ ქართულ დემოკრატიაზე საუბრობენ. ეკონომიკის აყვავებაზე სათქმელი არაფერი აქვთ, უმუშევრობის პრობლემის შესახებაც ცნობილია. ისინი ვერ იტყვიან, რომ არსებით საკითხებზე პოლიტიკურ დებატებს მართავენ საჯაროდ, ვერ იტყვიან,  თითქოს ხალხი ფიქრობს, რომ მთავრობა პატივისცემით ეპყრობა. სააკაშვილის მთავრობა მაშინ ამბობს, თითქოს რუსეთი თავდასხმას აპირებს, როცა არაფერი სასარგებლო აქვთ სათქმელი. ახლაც, არჩევნების წინ, ყველას შეშინება უნდათ რუსეთით. მათი თქმით, ოპოზიციას რუსეთი აფინანსებს, მაგრამ ყველას ხომ ვერ დააფინანსებს? ეს სისულელეა.

 

რუსეთს კონფლიქტი რომ სურდეს, ჩვენ აუცილებლად გვეცოდინებოდა. ჩვენ დაზვერვა გვყავს, რომელიც, მერწმუნეთ, შესანიშნავად მუშაობს. გარდა ამისა, ამერიკის საელჩო გვატყობინებს, თუ რა ხდება რუსეთში. თუმცა ასეთ შემთხვევაში რას მოვიმოქმედებთ, უცნობია, ომი არავის სურს. დაუშვებლად მიმაჩნია საქართველოში გამეფდეს რუსეთიდან თავდასხმის შიში, ეს ხომ სააკაშვილს კარტბლანშს მისცემს, რაც უნდა, ის რომ აკეთოს!

 

– ქართული მედიის  ნაწილმა აქცენტი გააკეთა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი საქართველოში გატარებული რეფორმებით მოიხიბლა. რას ფიქრობთ, დასავლეთისთვის აქ გატარებული რეფორმების ხარისხი დამაკმაყოფილებელია?


 – შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს სამხედრო ძალების მონაწილეობას ავღანეთის ოპერაციებში. ამერიკელი ხალხი პატივისცემითაა გამსჭვალული ქართველებისადმი. ვერც იმას უარვყოფთ, რომ საქართველო წინ უსწრებს სხვა მეზობელ რესპუბლიკებს რეფორმებით, დემოკრატიის ხარისხი მაინც სადავოა.

 

დიახ, კლინტონმა რეფორმების შეფასებისას ხაზი ამასაც გაუსვა და იმ ინტერსსაც, რითაც აშშ საქართველოში არჩევნების ჩატარებას ელის. ნუთუ ეს საფუძველს აძლევს საქართველოს მთავრობას ამ განცხადების ისე ინტერპრეტაციას, თითქოს აშშ არსებული ვითარებით აღტაცებულია? ვიმედოვნებდი, ეს ყველასთვის გასაგები იქნებოდა.

 

ამერიკაში ყველა მოკეთის პოზიციიდან საუბრობს, ყველას უყვარს საქართველო, მეც, პირადად, მიყვარს საქართველო, საქართველოსა და ამერიკის მთავრობასაც უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ეს მეტად გვავალდებულებს, ერთმანეთი უფრო სერიოზულად აღვიქვათ. ჰილარი კლინტონი სახელმწიფო მდივანია და მის განცხადებებს მეტი სერიოზულობით უნდა მოეკიდოთ. საქართველოს მთავრობამ შესანიშნავად იცის, რა თქვა ჰილარი კლინტონმა, იმედია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ირიბ გაფრთხილებებს არ უგულვებელყოფენ.

 

ჰილარი კლინტონი შეხვდა ოპოზიციას. მათ შორის არ იყო მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. შეხვედრიდან გამოსულმა კოალიციაქართული ოცნებისწევრებმა განაცხადეს, რომ კლინტონმა იკითხა, რატომ არ აპირებს ივანიშვილი მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ეს მხოლოდ  კითხვა იყო  თუ ერთგვარი გზავნილი ოპოზიისთვის


_ ეს დაკავშირებულია ივანიშვილის მოქალაქეობასთან; ივანიშვილის მიმართ გადადგმულ ნაბიჯებში ორი საკითხი გამოიკვეთა: ის პოლიტიკურ საფრთხედ განიხილება და ამიტომ მოქალაქეობა ჩამოართვეს; და ეს არ ხდება ქვეყანაში, რომელიც ნორმალურადა ფუნქციონირებს.

 

ჰილარი კლინტონი დაინტერესდა, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა რამდენად დაეხმარებოდა არსებულ სიტუაციას; კონსტიტუციასთან დაკავშირებით კი სრული გაუგებრობაა, ეს შესწორება არა მხოლოდ არ აღუდგენს მოქალაქეობას, არამედ არჩევნებში მის მონაწილეობას ზღუდავს; ამ კონსტიტუციით მას ქვეყნის დატოვებაც კი არ შეუძლია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოგზაურობის უფლებაც კი არ აქვს, რადგან თუ ქვეყნიდან გავა, შეიძლება შემოსვლის უფლება აღარ მისცენ. იმ პოლიტიკოსებთან, ვისთანაც მე ვაშინგტონში კონგრესსა და სახელმწიფო დეპარატამენტში მიწევს ურთიერთობა, ამ კანონის შესახებ ჯერ კიდევ ვმსჯელობთ. ამ საკითხზე სახელმწიფო მდივნის გზავნილი მკაფიო არ გახლდათ.

 

როგორ შეიძლება შეიცვალოს საქართველოაშშ-ი ურთიერთობა, თუ არჩევნები დემოკრატიის სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს?


– 2012 წელი არჩევნების წელია ორივე ქვეყანაში. აშშ-ში ობამას შანსები 50/50-ზეა. თუ ობამას ხელახლა აირჩევენ, ხოლო თქვენს ქვეყანაში არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდება,  აშშ განზე გადგება. საქართველოს განცხადებას დემოკრატიულობაზე სერიოზულად აღარ აღიქვამენ. გადაფასდება ჩვენი დახმარებაც. იცით, რას იტყვიან? _ მართალია, საქართველო სამხედრო ძალებით მონაწილეობს ავღანეთის საბრძოლო ოპერაციებში, მაგრამ ეს მონაწილეობა და ის უზარმაზარი ინვესტიცია, რასაც ჩვენ ვდებთ საქართველოში, არაა ეკვივალენტური. თუ არჩევნები არაჯეროვანად ჩატარდება, ნახავთ რომ აშშ-ის პოზიცია ობამას გამარჯვების შემთხვევაში სწორედ ასე შეიცვლება.

 

რომნის ადმინისტრაცია კი პირიქით, სააკაშვილთან ახლო ურთიერთობას დაამყარებს, რაც ავტომატურად იქნება ცუდი საქართველოსთვის. გახსოვთ, ალბათ, ბუშიც უაღრესად ახლოს იყო საქართველოსთან და რეალური დახმარება ვერ გაუწია 2008 წლის ძნელბედობის ჟამს. საუკეთესოდ მიმაჩნია, აშშ-ის მთავრობამ სიმართლე მუდამ უხეშად მიახალოს საქართველოს მთავრობას, მხოლოდ ასეთ წნეხს შეუძლია აქ დემოკრატიის დამკვიდრება. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებასა და ქვეყნის უსაფრთხოებას. ამდენად, მოვლენები ორი სავარუდო სცენარით შეიძლება განვითარდეს.

 

–  ამ წუთებში, როცა ინტერვიუს ვწერთ, სასამართლო განიხილავს კონტროლის პალატის დასკვნას ივანიშვილის სამართალდარღვევათა სუბიექტად ცნობის შესახებ. თუ სასამართლო კონტროლის პალატის არგუმენტებს გაიზიარებს, ივანიშვილს შეიძლება  სერიოზული სანქციები დააკისრონ. თუ  სასამართლოს გადაწყვეტილებით კოალიცია “ქართულ ოცნებას” შეექმნება პრობლემა არჩვნებში მონაწილეობის თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში როგორი შეიძლება იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქცია?


– ერთი რამ უნდა ესმოდეს საქართველოს მთავრობას _ დასავლეთში ყველამ იცის, თუ რა ეწოდება ასეთ მოქმედებას, ეს არის დაშინება. კი, ჩინოვნიკების ზურგს უკან დამალული ღიმილი ამბობს, თუ რამდენად არის ეს ყველაფერი კანონიერი. დასავლეთში ამის არავის სჯერა. ასეთი ტიპის დაშინების მცდელობა არის ღია გზავნილი, რომ მათ არ აინტერესებთ არჩევნების სამართლიანად ჩატარება. ის, რაც აინტერესებთ, არის ადგილების შენარჩუნება. თუ ამ პოლიტიკას გაატარებენ ახლა, ვერავის ვეღარასოდეს დააჯერებენ საკუთარ დემოკრატიულობას.

 

– მოულოდნელი იყო ინიციატივა ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებით, რომლის საშუალებითაც აფხაზები და ოსები გაემგზავრებიან აშშში. ამ ინიციატივის განხორციელება რამდენად შესაძლებელია რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით?


– ეს ქართული მხარის ინიციატივა იყო და სახელმწიფო მდივანმა მხარი დაუჭირა ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტების გაცემას აფხაზებისა და ოსებისთვის. ეს შესანიშნავია. ადამიანი თვითმფრინავში რომ ჯდება და სოხუმში ჩადის, სოხუმელსაც უნდა ჰქონდეს იგივე უფლება, მე მხარს ვუჭერ ამ გადაწყვეტილებას. გაიცეს ვიზა სტუდენტებისთვის და ვიზიტორებისთვის, ეს ლეგიტიმური იქნება.

 

რაც შტატების მთავრობამ უნდა გააკეთოს, ისაა, რომ საკუთარი პოზიცია მკვეთრად დააფიქსიროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თობაზე, საკუთარი სამხედრო მხარდაჭერა გამოთქვას, რაც არამც და არამც არ ვრცელდება აფხაზეთის მთავრობის მიმართ. შეერთებულმა შტატებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა სცნოს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ აფხაზ ხალხთან ურთიერთობის დამყარება, მათ არ უნდა ჰქონდეთ მცდარი წარმოდგენა ჩვენ შესახებ, თითქოს ამერიკელებს აფხაზი ხალხი სძულთ.

 

სანამ ურთიერთობის ჩამოყალიბებას მოვახერხებთ, არაფერი სჯობს სტუდენტების გაცვლის პროგრამების შემუშავებას, ათი აფხაზი სტუდენტის შეხვედრა ამერიკელ სტუდენტებთან, ან აფხაზი ჟურნალისტების გამოცდილების გაზიარება ამერიკელ კოლეგებთან, ვთქვათ, „ნიუ იორკ თაიმსის“ ან „ვაშინგტონ პოსტის” რედაქციაში სტუმრობა, ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება. ამას მაგალითისთვის ვამბობ. იმის გამო, რომ მათ დამოუკიდებლობას რ ვცნობთ, აფხაზები და ოსები ჩვენი მტრები არ არიან და მათ მტრულად ვერ მოვექცევით.

 

სამხრეთ კავკასიაში კლინტონის ტურნესთან დაკავშირებით იყო წინასწარი მოლოდინები. თქვენი აზრით, რა იყო სახელმწიფო მდივნის მთავარი ამოცანა და რა საჯარო განცხადებებიც გაკეთდა, რამდენად შესაბამებოდა ვიზიტის რეალურ მიზნებს?


–  ჰილარი კლინტონის ვიზიტი საქართველოში განსაკუთრებულ მიზნებს არ უკავშირდებოდა. ავღანეთის ომი ის გახლავთ, რაც საქართველოს აშშ-სთან აკავშირებს. საქართველოს, როგორც მოკავშირის ფაქტორს შტატები აღიარებს და სახელმწიფო მდივნის ვიზიტი გახლდათ პატივისცემის ნიშანი; გარდა ამისა, აშშ-სთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რამდენად სამართლიანად ჩატარდება არჩევნები, არამედ, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოში არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. საინტერესოა უშუალოდ დანახული წინასაარჩევნო პერიოდი;

 

ვფიქრობ, შეერთებული შტატების დიდი სურვილია, სააკაშვილმა არა მხოლოდ სიტყვიერად დაადასტუროს, რომ არჩევნები სამართლიანად ტარდება, არამედ წინასაარჩევნოდ საშუალება მისცეს მედიას, აქტიურად გააშუქოს მოვლენები, სხვა პარტიებსაც მიეცეთ კამპანიის წარმოების საშუალება, გადაწყვეტილების მიღებისას იყოს მეტი საჯაროობა, ესეც ჰილარი კლინტონის ვიზიტის ამოცანა გახლდათ.

 

რაც შეეხება სახელმწიფო მდივნის გზავნილებს: სახელმწიფო მდივანი მძაფრი ტიპის გზავნილებს არ აკეთებს – თბილისსა თუ ბათუმში მან საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნის შესახებ არაერთი ფრაზა წარმოთქვა; რა თქმა უნდა, არავინ ელის, რომ ჰილარი კლინტონი მკვახე მითითებებს გააკეთებს იმის შესახებ, რაც შესამჩნევად არასწორად კეთდება, სახელმწიფო მდივანი ასე არ მუშაობს; ვფიქრობ, მისი გზავნილი საკმაოდ ნათელი იყო. რა თქმა უნდა, შეშფოთებას კვლავ იწვევს ოპოზიციასთან დაკავშირებული მოვლენები და ვიმედოვნებ, გაითვალისწინებს ხელისუფლება სახელმწიფო მდივნის ტაქტიან მესიჯს ამასთან დაკავშირებით.

 

მე ვიცი, რომ ხშირად მედიის მიერ გასაჯაროებული გზავნილები აიძულებს მთავრობას, ყურად იღოს მათი შინაარსობრივი დატვირთვა. რამდენიმე წლის წინ ასეთი რამ არ ხდებოდა. საქართველოს ხელისუფლებას აშინებს ძლიერი ოპოზიცია, არჩევნები. ვითარებისადმი მათი დამოკიდებულებიდან ჩანს, რომ დამარცხებასთან შეგუება გაუჭირდებათ.

 

–  კლინტონის მოადგილემ ერიკ რუბინმა ბათუმში მედიასთან განაცხადა, რომ ირანის თემატიკა არ არის მათი ტურნეს ერთერთი მთვარი საკითხი. თუმცა დაადასტურა, რომ ამ საკითხს სახელმწიფო მდივანი შეეხება. კლინტონსა და კავკასიის ქვეყნების ლიდერებს შორის გამართულ საუბარს ირანის თემაზე რა კონტექსტი შეიძლება ჰქონოდა?


– მე არ შემიძლია წარმოდგენა, როგორი იქნებოდა ირანზე საუბრის კონტექსტი, ეს თემა შეშფოთებას იწვევს. ესაა სამი ქვეყანის სამეზობლო რეგიონი, ხოლო აზერბაიჯანს ირანთან საკმაოდ ფართო ურთიერთობა აქვს. აქამდე საქართველოს მთავრობაში ისრაელთან მეგობრობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ახლა ირანთან სიახლოვემ ისრაელთან შეგიქმნათ პრობლემა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, გაცილებით უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე საქართველოში ჩატარებული არჩევნები. აშშ აფიქსირებს საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას; ხოლო ის ქვეყნები, ვისაც სიახლოვე სურთ აშშ-თან, ცხადია მის პოლიტიკურ პოზიციას მისაღებად უნდა მიიჩნევდნენ. საქართველოს მთავრობამ ორმაგი თამაში წამოიწყო ისრაელთან და მის მეგობარ ქვეყნებთან, რასაც თან მოჰყვა კავშირების გამყარება ირანთან. ახლა საქართველოს მთავრობა ცდილობს ურთიერთობა ძველ კალაპოტში ჩააყენოს, რაც შეუძლებელია. ეს პოლიტიკურ  მღელვარებას მართლა იწვევეს. თუმცა, ვფიქრობ, ეს კავშირები არც ისე მყარია, რომ შეერთებულმა შტატებმა ურთიერთობის კრიზისზე ისაუბროს. თუმცა, თუ დაძაბულობა გამწვავდება, თუ ირანის კონფლიქტი კავკასიის პრობლემად იქცევა, ის ხალხი, ვინც სააკაშვილს იცნობს აშშ-ში, გააცნობიერებენ რეალობას და შესაბამისად იმოქმედებენ. მათ კარგად ესმით ირანის საფრთხის არსი და ასპროცენტიან მოკავშირედ ვეღარ მიიჩნევენ საქართველოს.

 

–  საერთაშორისო მედია ვარაუდობდა, რომ კლინტონის ვიზიტის ერთერთი მიზანი აზერბაიჯანს და სომხეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილება იყო. რა ბერკეტს ფლობს აშშ კავკასიაში ამ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად?


–  თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კლინტონის ვიზიტის შემდეგ, მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული კონფლიქტის განახლების მცდელობა უკვე იყო, დაუჯერებლად ჟღერს, რომ სახელმწიფო მდივნის ხანმოკლე ვიზიტი ამ დაძაბულობას განმუხტავდა; ეს ბევრის სურვილი იყო, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ასეთ პრობლემას ვერ გადაწყვეტს.

ლინკოლნ მიტჩელი
ლინკოლნ მიტჩელი

მასალების გადაბეჭდვის წესი