ახალი ამბები

ნატოს გენმდივანმა საქართველოს არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა

3 აპრილი, 2012 • • 1294
ნატოს გენმდივანმა საქართველოს არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა

“ეს არის გრძელი გზა, მაგრამ თქვენ უკვე კარგი პროგრესი გაქვთ და მჯერა, რომ გააგრძელებთ რეფორმებს. ამ წელს საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ეს არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის და შანსი, რომ გვაჩვენოთ, რამდენად წინ წახვედით”, – განაცხდა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს, 3 აპრილს, ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

“საქართველო ნატოს განსაკუთრებული პარტნიორია. თქვენ ჩართულები ხართ ჩვენს ოპერაციებში, ისწრაფვით ნატოსკენ და რეფორმების გატარების ერთგული რჩებით.  საქართველო ყველასთვის პარტნიორობის მოდელია”, – განაცხადა რასმუსენმა.     

მისივე თქმით, ავღანეთში, აისაფის მისიაში მონაწილე ქვეყნებიდან საქართველო სიდიდით მეორე ნატოს არაწევრი ქვეყანაა და ქართველი ჯარისკაცები ნატოს სამხედროების მხარდამხარ რთულ პირობებში  მნიშვნელოვან სამუშაოებს ასრულებენ.

პრესკონფერენციაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მარტში ნატოს მოკავშირეები და საქართველო შეთანხმდნენ მთელ რიგ საკითხებზე, რათა საქართველოში რეფორმების პროცესის მხარდაჭერა გაძლიერდეს, მათ შორის სამოქალაქო სექტორში რეფორმის გაძლიერების მხრივ. ასევე, შიდა თანამშრომლობის გაზრდა ალიანსთან და სამოქალაქო დემოკრატიული ზედამხედველობის გაძლიერების შესაძლებლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე.

ეს ხელს შეუწყობს საქართველოს რეფორმების განხორციელებაში, გაზრდის ნატოსა და საქართველოს ერთობლივ ფუნქციონირებას და გააძლიერებს საქართველოს ინსტიტუტების ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში, ნატო–ს შტაბბინაში  გაიმართება  ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მიიღებს.

ქართული მხრიდან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას ასევე დაესწრებიან: საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში გეგა მგალობლიშვილი.

ნატოს მხრიდან სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ: ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ, ნატოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი და ნატო-ს უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დირკ ბრენგელმანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი