ახალი ამბები

“ტფილისის ჰამქარი” სამინისტროებს რეკომენდაციებით მიმართავს

26 მარტი, 2012 • 1313
“ტფილისის ჰამქარი” სამინისტროებს რეკომენდაციებით მიმართავს

“აღმოაჩინე შენი თბილისი” – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც “ტფილისის ჰამქარმა”, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით, კვლევა განახორციელა.

პირველ ეტაპზე კვლევა, აქტუალურობიდან გამომდინარე, “იმელის” შენობის და გუდიაშვილის მოედნის შესახებ მომზადდა.

“იმელის” შემთხვევაში, კვლევის მიხედვით, ეჭვქვეშაა დაყენებული შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნა, რომელიც 2007 წელს კულტურის სამინისტროს ბრძანებით განხორციელდა:

„იმელის” შენობისათვის სტატუსის მოხსნა მოხდა მომგებიანი საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, სპეციალისტებისა და დარგის ექსპერტების რეკომენდაციების და შენიშვნების უგულვებელყოფით, რითიც დაკნინდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ღირებულება”, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, პროექტის ფარგლებში მომზადებულ „იმელის”  არქიტექტურულ-მხატვრულ  თავისებურებათა ზოგადმა  ანალიზმა  და  შეფასებამ, აგრეთვე, ურბანულმა კვლევამ დაადასტურა „იმელის”, როგორც განსაკუთრებული ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობის ძეგლის ღირებულება.

“ტფილისის ჰამქარი” თბილისის მერიას, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რამდენიმე რეკომენდაციით, მათ შორის “იმელის” შენობისთვის ძეგლის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით მიმართავს.

კვლევის მეორე ნაწილი კი გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას ეთმობა. დადგინდა, რომ გუდიაშვილის მოედანზე რამდენიმე შენობის მდგომარეობა, რეაბილიტაციის ნაცვლად, გაუარესდა:

“ფონდის მიერ უყურადღებო და გულგრილი დამოკიდებულების გამო  გუდიაშვილის მოედნის შენობების მდგომარეობა რეაბილიტაციის ნაცვლად  საგრძნობლად გაუარესდა, ორი მათგანის (აბო თბილელის ქ. 3/8 და ლერმონტოვის ქ. #2)  მდგომარეობა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ გამაგრებით სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს”, – აღნიშნულია კვლევაში.

“ტფილისის ჰამქარი” გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას საერთაშორისო მეთოდოლოგიის სტანდარტების  მიხედვით ითხოვს.

თბილისის ისტორიულ უბნებში მიმდინარე “იმელის” და გუდიაშვილის მოედნის საინვესტიციო არქიტექტურულ-ურბანული პროექტების შესწავლის შედეგად  ორივე შემთხვევაში “პროექტებში ჩართული სახელმწიფო და ხელისუფლების მიერ დაფუძნებული  სტრუქტურების  დახურულობა  და  გულგრილობა, კანონის  დარღვევის და კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის ხარჯზე ინვესტორისთვის ხელსაყრელი და დამნდობი გარემოს და პირობების შექმნა” და სხვადასხვა სახის კანონდარღვევები გამოვლინდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი