კომენტარი

წმინდა ქონების კრიტიკა

13 მარტი, 2012 • 1681
წმინდა ქონების კრიტიკა

ბავშვი განავლით ხელში დედისკენ გარბის. “- დედა, დედა, ნახე, კინაღამ ამაში ჩავდგი ფეხი.” დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა ქართულ პოლიტიკაშიც. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი თითი მაქვს იმისთვის, რომ  გონიერი, მეტნაკლებად წესიერი და ჩამოყალიბებული პოზიციის მქონე პოლიტიკოსები  ჩამოვთვალო.

იყო ერთი ასეთი მუსიკოსი – უესლი უილისი, “ქალაქის სივრცის ცისსკრეპერი არტისტი”. ას კილოგრამზე მძიმე, შიზოფრენიის დიაგნოზითა და ძალიან კეთილი გულით. ის მღეროდა იესო ქრისტეზე, რედიოჰედზე, არნოლდ შვარცნეგერზე, კურტ კობეინზე, სადამ ჰუსეინზე, ალ კაპონეზე, სპაიდერმენზე და ა. შ.

რატომ გამახსენდა უესლი? იმიტომ, რომ მისი პრიმიტიული ტექსტები და სიმღერები, „ჯილა“ პანკებიდან მოყოლებული, საუკეთესო სატირაა საზოგადოებაზე. მგონია, რომ დღეს ზუსტად ასეთი “ჯანსაღი” აზრის ნაკლებობაა. აქ საქმე გინებაში კი არაა, რომელიც ძალიან უყვარდა უესლის, პირს აიმყრალებდა ხოლმე, როცა რაიმე უმსგავსობას დაინახავდა. არა, ქართული პრესა ისედაც მაგით არის სავსე. მაგალითად, შეგვიძლია „ასავალ-დასავალი” ან „ქრონიკა“ ავიღოთ. ის, რაც ქართულ ჟურნალ-გაზეთებში იწერება, თავისი რესპოდენტებიანად მშვენიერი დოკუმენტაციაა, მათივე სიტყვებით რომ ვთქვა, „ქართული სულის“ გაძვრომისა, რომელიც, ჩემი აზრით, აქამდე სხვა არაფერი იყო, თუ არა უნარი აზროვნებისა.

ხანდახან ვერ ვხვდები, მაინც რამ გამოიწვია აზროვნების ასეთი დეგრადაცია? საბჭოთა კავშირმა? შემდეგ კი სამმა პრეზიდენტმა, დეფორმირებული მატრიოშკებივით რომ ჩახტნენ ერთმანეთში.

იგივე შეიძლება ითქვას ქართულ ტელევიზიებზეც. ისევე როგორც „კაცია-ადამიანმა“ შემოგვინახა იმ ეპოქის სარკე, რომელში ჩახედვისასაც საკუთარის გარდა ყველა ყველას სახეს ხედავდა. ზუსტად მსგავს მასალას დებს და უნახავს შთამომავლობას პოპულარული ტელე-ნოველები: “პროფილი”, “ნანუკას შოუ”, “სამოთხის ვაშლები”, “ეკა ხოფერიასთან ერთად”… თუ ვინმე გამომრჩა, იმედია, არ ეწყინება, რადგან მე თუ არა, შთამომავლობა მაინც არ დაუკარგავს მოსახლეობის გამოშტერებაში შეტანილ დიდ წვლილს.

საინფორმაციო გამოშვებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ – ქებაი და დიდებაი და სააგალობელნი და დითირამბები და ოდები და ხელისუფლებისადმი, გამორჩეულად კი საქართველოს პრეზიდენტისადმი. ისინი იმდენად აშკარად ხედავენ „სხვის თვალში ბეწვს და საკუთარში კი დირესაც ვერ ამჩნევენ“, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ის ბეწვიც ისეთი დიდი „დირე“ და „შანგრილაა“, პუტინს ვგულისხმობ, რომ მეტი არ შეიძლება. „აქუბარდიას“ იუმორისტული შოუ კი ალბათ მსოფლიოში ყველაზე მოსაწყენ სანახაობათა რიცხვს განეკუთვნება.

რამდენიმე მაგალითის მოყვანა კიდევ შეგვიძლია. მაგალითად, ჩემი მეგობრის ვერსიით, ჟურნალი ტაბულა სექტის პრიცნიპით მუშაობს. “გინდათ, ჭეშმარიტ პრეზიდენტზე გესაუბროთ?” და ისინი ავრცელებენ ყოველწლიურად უსასრულდ მზარდტირაჟიან ჟურნალს. საეკლესიო ჟურნალები კი „ქვაკუთხედის“, „ერისა და ბერის“ მსგავსნი კი აჩენს სერიოზულ ეჭვს, მართლაც არსებობდნენ თუ არა განმანათლებლები, თუ ეს საიდუმლო სამსახურების მიერ მოგონილი მითია? თუმცა არ არის გასაკვირი, როგორც ერთი ჭკვიანი კაცი ამბობდა: „რელიგია ციცინათელას ჰგავს, რომელიც ანათებს იქ, სადაც ბნელა“.  ჟურნალი “ლიბერალი” კი მეტისმეტად რთულად წერს „ასავალ-დასავალის“ მკითხველისთვის.

პარანოიკი ის ადამიანია, ვისაც ყველა ფაქტი აქვს ხელში. მე პარანოიისგან ცოტა შორს ვარ, მაგრამ ერთი ვერსია მაქვს:

ყოველთვის ყველაფერში დამნაშავე ფულია. ის ათაყვანებს ადამიანებს. თუმცა მათ რომ ჰკითხოთ, ვინც ამ უკანასკნელის ნაკლებობას არ უჩივის, გეტყვით, რომ პირიქით, ღარიბები არიან გამოთაყვანებულები. თუმცა ჩემთვის პირადად, ღარიბი ადამიანები არიან ყველაზე საინტერესო პერსონაჟები, თუ ამ “სპექტაკლის საზოგადოებაში” პერსონაჟად ქცევას მოახერხებენ და არ დარჩებიან “მასოვკის” უღიმღამო „კუნძებად”, რომელთაც თეატრალების გამოთქმა– “ყველა როლი საინტერეოსოა”– მართალი ჰგონიათ. და სიამოვნებით აგრძელებენ საგნების განსახიერებას და თავის დღეში სულიერის როლი არ ეღირსებათ.

ბოლოს კი ერთი ზღაპარი მახსენდება, რომელიც ერთმა ჩემმა ძვირფასმა ამხანაგმა ამოქექა, ან სულაც თვითონ მოიგონა:

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა, მაგრამ მსოფლიო ბანკის მონაცემებით ეკონომიკურად წარმატებული სამეფო.  მეფეს ერთი ულამაზესი ასული ჰყავდა, დარი მზისა და შერონ სტოუნისა. ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს მეფის ასული ძალიან „კაპრიზული“ ვინმე გახლდათ. ამიტომ მეფემ გადაწყვიტა ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება საქმროებს შორის. მშვენიერ ქალწულს ცოლად გამარჯვებული შეირთავდა  და სამეფოს 1/3-ს მიიღებდა, ან მოლაპარაკებას გააჩნდა და ½-იც კი შეიძლება მიეღო.

სამეფოში ერთი ყველაზე ღარიბი, მაგრამ მოხერხებული ბიჭი ცხოვრობდა. ჰოდა, შეჯიბრშიც სწორედ მან გაიმარჯვა.

და აი, საფინალო სცენაც, დარი ჰოლივუდისა და ბოლივუდისა, ვარსიმაშვილისა და დოიაშვილისა. გამარჯვებული ღარიბი ბიჭი მიდის მეფის ასულისკენ, რომელსაც ქარი თმას უშლის და „ყურსასმენებში“ კი ჭადრის მოყოლილ ზღაპარს უსმენს.  მოედანზე ხალხია შეკრებილი, შეჯიბრში დამარცხებული ჩაუქი მამრები  ფიქრობენ, სად, რომელ დუქანში ჯობია ჩაახრჩონ სევდა სასმელში და რა ზომის „ავლა-დიდება“ ექნება გამარჯვებულს.

და უცბად საიდანღაც ჩნდება მსუქანი, ღიპიანი რაინდი. ის ჩამოუქროლებს და ცხენზე შემოისვამს მეფის ასულს. თვითმხილველები იხსენებენ, რომ გზაზე დამდგარ მტვერში მაინც შენიშნავდით პრინცესას გახარებულ, აღტკინებულ და ნათელ სახეს, რომელზეც პომადის კვალით  ის სიტყვა ჰქონდა მოხაზული, რომელიც ასე უყვარდა უესლი უილისს. ალბათ ჯიპიაი ჰოლდინგში იყო დაზღვეული.

ალექსი ჩიღვინაძე
ალექსი ჩიღვინაძე

ავტორის შესახებ

ალექსი ჩიღვინაძე, მწერალი


მასალების გადაბეჭდვის წესი